14:09:48     26-12-2017
კვირიკაშვილის გინებიდან ენმ-ის წევრის მკვლელობამდე

პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ოპოზიციის ლიდერისადმი გინებამ და მუქარამ, შეიძლება ითქვას რომ ტრაგედია წაახალისა.
რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის მიერ პარლამენტში ჩადენილ ხულიგნობას პირდაპირი კავშირი არ აქვს მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან.
თუმცა, თუ პრემიერი აგინებს და „თავის მოძრობით ემუქრება“ ენმ-ის ლიდერს, რა გასაკვირია რომ სხვამ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრისა და საკრებულოს დეპუტატის მკვლელობა დაგეგმოს?
მესტიაში ლომარ ნიგურიანი მაშინ მოკლეს, როდესაც შვილთან ერთად სახლის სახურავს თოვლისაგან ასუფთავებდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს მეზობელმა მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტინილმა ნიგურიანის შვილის მკვლელობაც სცადა, თუმცა, მას მამა გადაეფარა...
შსს-ს ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის მკვლელობის ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო.
კვირიკაშვილის გინების ექო...
პრემიერ კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო საქციელი, ქართული ოცნების მორჩილმა და ამავე დროს აგრესიულმა უმრავლესობამ არათუ დაგმო, არამედ გაამართლა.
უმრავლესობის წევრები, პარტბიუროს წარმომადგენლების მსგავსად რიგში იდგნენ, რათა კვირიკაშვილის მიერ ნიკა მელიასადმი გინება და მუქარა გაემართლებინათ.
არ დაიშურეს საქებარი სიტყვები. კვირიკაშვილს, ჩადენილი ხულიგნობისათვის ვაჟკაცი, პატრიოტი, ნამდვილი ქართველი უწოდეს.
[I=2]ამ ქება-ხოტბა-დიდებიდან მეორე დღესვე კი, ქართული ოცნების აქტივისტებმა: ოქიტაშვილმა და ხოფერიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს...
ასე იცის დაუსჯელობის სინდრომმა.
მალევე, მესტიაში მოხდა საბედისწერო გასროლაც, რასაც უკვე ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის, საკრებულოს დეპუტატისა და ოპოზიციის წარმომადგენლის სიცოცხლე შეეწირა.
როცა სხვებს იჭერენ, კვირიკაშვილს კი აქებენ...
გახსოვთ ალბათ, პუტინის გინებისათვის დაკავებული ახალგაზრდების საქმე. ისინი, პატრულმა მხოლოდ იმიტომ დააკავა რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი აუგად მოიხსენიეს.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა კიდევ ორი ახალგაზრდა - დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისათვის.
თუმცა, ამავე დროს, გმირად წარმოაჩინეს კვირიკაშვილი, რომელიც დაცვის წევრებით გარშემორტყმული აგინებდა და ემუქრებოდა მარტო მყოფ ნიკა მელიას.
ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის პირველი პირისაგან მსგავსი შეუფერებელი საქციელი არ ახსოვს.
შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა.
შერჩევითმა სამართალმა, ორმაგმა სტანდარტმა, ძალადობის წახალისებამ, ოპოზიციის შეურაცხყოფამ და ოპოზიციონერების მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ, სავარაუდოდ, ირიბი გავლენა იქონია მესტიაში დატრიალებულ ტრაგედიასთან.
ხოლო, თუ ბატონი კვირიკაშვილი კვლავ არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დაშვებული შეცდომის გამო, ხოლო უმრავლესობა ისევ „გააპრავებს“ პრემიერის ხულიგნობას, უმცირესობის წარმადგენელთა დევნა-შევიწროვებას, შესაძლოა, ინტენსიური ხასიათი მიეცეს, რამაც საფუძველი დაუდოს სამოქალაქო დაპირისპირებას.
0