12:29:16     22-12-2017
ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

ტელეკომპანია "იბერიაში" მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამინისტროს ცნობით, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის, ხდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. მომხდარზე ძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.
„პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. სავარაუდოდ, ჯერჯერობით ეს არის 126-ე მუხლი, შესაბამისად შეიძლება გადაკვალიფიცირება მოხდეს, თუმცა ეს დღეს ფაქტია, გამოკითხვები დაწყებულია და რა თქმა უნდა, დადგება ის შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0