ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს />


  17:31:21     21-12-2017

ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს

a74620.jpg

საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.


„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ხედვა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის შერიგებას და ერთმანეთთან დაბრუნებას გულისხმობს. ბუნებრივია, იმ პროცესების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მავთულხლართების არსებობის პირობებში, როდესაც ადამიანებს ექმნებათ ძალიან მძიმე პრობლემები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც პირველ რიგში ეხმიანება მოსახლეობის ჰუმანიტარულ და პრაგმატულ ინტერესებს, გამიზნულია იმისაკენ, რომ გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, ხელი შეეწყოს კონტაქტებს, რომლის საჭიროებაც ნამდვილად არსებობს გამყოფი ხაზების გასწვრივ, რათა საფუძველი მოვამზადოთ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის და ჩვენი საზოგადოებების შერიგებისთვის“, - განაცხადა  ქეთევან ციხელაშვილმა. 

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას ვაჭრობის დამატებითი შესაძლებლობები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

„ჩვენი ამოცანაა, წავახალისოთ ეს პროცესი, რაც გადაადგილების თავისუფლების გამარტივებასთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში, არის ზრუნვა მოსახლეობაზე, მათ პრაგმატულ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ეს ინიციატივები ასევე ეხება განათლების სფეროს, გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე წვდომას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ახალგაზრდების, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ბედი ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ის თაობა, რომელმაც ერთად უნდა იცხოვროს და ერთი ქვეყანა აშენოს, ამიტომ ჩვენთვის განათლების შესაძლებლობების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს გულისხმობს სხვადასხვა სერვისის წვდომის გამარტივებას, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით სარგებლობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

მისივე თქმით, ჩამოთვლილ ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ძალიან მალე წარედგინება. 0

ავტორი: