16:57:09     21-12-2017
ოპოზიცია: უმრავლესობის წევრები ასევე არ იცნობენ თმენის კონცეფციას

„უმრავლესობის წევრები ასევე არ იცნობენ თმენის კონცეფციას“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, მმართველი გუნდის მიერ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის დადანაშაულება პროვოკაციაში იმის დადასტურებაა, რომ მათ არ ჰყოფნით გამბედაობა გააკრიტიკონ კვირიკაშვილი.
„არანაირი გამართლება ამას არ აქვს და ძალიან სამწუხარო რამ გამოჩნდა გუშინ, რომ ყველაზე ცუდ საქციელსაც კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად მორჩილად კვერს უკრავენ უმრავლესობის წევრები და არც ერთს არ ეყო იმისი გამბედაობა, რომ გაეკრიტიკებინა პრემიერის ეს საქციელი,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ის დარბაზი დატოვეს, რომელშიც მათი მოსმენა მიმდინარეობდა.
სხდომის პროცესში ძირითადი გამომსვლელი ნიკა მელია იყო. მან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დაადანაშაულა კორუფციაში, რასაც პრემიერის საპასუხო განცხადებები მოჰყვა. აღნიშნულმა საბოლოოდ სხდომათა დარბაზში სიტუაცია დაძაბა - ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ ის იყო კორუმპირებული პრემიერი. მის ამ რეპლიკას პრემიერის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.
0