13:37:20     21-12-2017
მევლუთ ჩავუშოღლუ: "აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს"

თურქეთი აშშ-ს ადანაშაულებს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ, სხვა ქვეყნების დაშინებასა და მუქარაში. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს. ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ დანებდება ასეთ ზეწოლას. ყველა მიიღებს თავის სინდისთან შესაბამის გადაწყვეტილებას. ამერიკამ უარი უნდა თქვას ასეთ მეთოდებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, რეზოლუციის მიღებამდე, თეთრი სახლის ლიდერი იმ ქვეყნებს აფრთხილებს, ვინც შეერთებული შტატებისგან სხვადასხვა სახის დაფინანსებას იღებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გენერალური ასამბლეის სხდომაზე ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭერენ მხარს.
0