გუგული მაღრაძე: პარლამენტი ყოველწლიურად 2 მილიონის ეკონომიას აკეთებს გუგული მაღრაძე: პარლამენტი ყოველწლიურად 2 მილიონის ეკონომიას აკეთებს />


  16:40:25     19-12-2017

გუგული მაღრაძე: პარლამენტი ყოველწლიურად 2 მილიონის ეკონომიას აკეთებს

a74543.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მოუწოდა ტელევიზიების წამყვანებს და პროდიუსერებს, შეეცადონ და სტუდიაში სტუმრად არ მიიწვიონ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილის ენას ავრცელებენ, ან პიროვნული ცილისწამებით მიმართავენ ოპონენტებს. 

„ამის გამო, საზოგადოებაში უფრო მტკიცდება აგრესიული და ძალადობრივი ქცევის მოდელები. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ ეკრანიდან მოდის ოპონენტების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება, მოქალაქეებს აღარ უჩნდებათ სურვილი, დასხდნენ ტელევიზორის წინ და უყურონ სადაც ოპონენტი კი არ ოპონირებს, არამედ პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს. 

ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება ხელი შეუწყონ საერთო ვითარების გაჯანსაღებას, რათა საზოგადოებაში ძალადობრივი ქცევის მოდელები ნაკლებად იყოს გამოყენებული, შეეცადონ, რომ სწორედ პოლიტიკურ თოქ შოუებში ნაკლებად ჰყავდეთ მიწვეული, ან საერთოდ არ მიიწვიონ ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეული არიან ოპონენტისთვის პიროვნულ შეურაცხყოფების მიყენებაში“, -  განაცხადა გუგული მაღრაძემ Presa.ge-სთან საუბარში.

- თქვენ თუ გაქვთ მსგავსი „ოპონირების“ გამოცდილება?

- მე ამის მსხვერპლი არაერთხელ ვყოფილვარ, რადგან  ვცდილობ, რომ საზოგადოება არ მოვატყუო და ვუთხრა ის, რაც ჩემი აზრით არის სიმართლე. ჩემი მიზანი ყოველთვის არის, საზოგადოებას მოფერების იქით დავანახო რეალური სურათი ისე, როგორც თავად ვხედავ. ვიღაცა დამიჯერებს, ვიღაცა არ დამიჯერებს, მაგრამ მე ვერც  თავს მოვიტყუებ და ვერც იმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს, რომ საზოგადოება წინასწარ განზრახვით შეცდომაში შევიყვანო. ამასწინ იყო შემთხვევა, ტელევიზიაში  რაღაც ვთქვი, მეორე პიროვნებამ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს გაკვეთილა ჩვენი გზები არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მან პიროვნული შეურაცხყოფა მომაყენა და ცილი დამწამა. სწორედ ამიტომ, ტელევიზიები უარს იღებენ სტუდიაში სტუმრობაზე, რადგან არავის არა აქვს სურვილი, რომ დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღოს.

- ბოლო დღეების აქტუალურ თემას საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ორი ფრაქციის შექმნა წარმოადგენს. თქვენი პოზიცია როგორია და მოიაზრებთ თუ არა, თავს ახალ ფრაქციაში?

- ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და რაიმე ახალი ფრაქციის სურვილიც არ მაქვს. პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს არა აქვთ უფლება შექმნან სხვა ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, გავიდნენ ფრაქციიდან და გახდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები. ამიტომ, როცა პროპორციული სიით გასულ დეპუტატებს მიაწებებენ ხოლმე რაღაც ფრაქციებს, ჟურნალისტებმა ამდენი უნდა იცოდნენ, რომ ასეთ რამეს ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც ეხება ფრაქციებს, რომელიც იქმნება, ორივე იქნება მაჟორიტარებით დაკომპლექტებული და ჩემთვის ეს ნორმალური მოვლენაა. ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში გამოარკვიონ, რომ მეტი სიახლოვე აქვთ გარკვეულ მიზნებთან მიმართებაში, გარკვეული აქტივობების ერთად განხორციელება სურთ და დიდი ფრაქციაში ყოფნით საკუთარ თავს ვერ ავლენენ. „ქართულ ოცნებაში“ მყოფ და უმრავლესობაში გაერთიანებულ ადამიანებს ერთი შეხედულებები, მიზნები გვაქვს, მაგრამ შეიძლება განსხვავება იყოს ტაქტიკურ მეთოდებში, თუ როგორ უნდა მივარღწიოთ სტრატეგიულ მიზანს, როდის რისი განხორციელება სჯობს და ა.შ. ასე, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება დიდი უმრავლესობის ქვეშ ჩამოყალიბდეს რამდენიმე ფრაქცია.

- ოპონენტები ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ მოსალოდნელ ფინანსურ ხარჯებს და სხვა რესურსებს, რომელიც საბოლოოდ ბიუჯეტის გახარჯვასთან არის კავშირში. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად 2 მილიონის ეკონომიას აკეთებს. შეიძლება, მართლა იყოს პატარა ხარჯი, მაგრამ აქ საგანგაშო არაფერია. თითოეულ დეპუტატს პარლამენტში თავისი ხარჯი აქვს და სადაც მიდის, ეს ხარჯიც იქ მიჰყვება. ფრაქციას ერთი თავმჯდომარე და მდივანი ეყოლება და მეტი განსაკუთრებული იქ არაფერი მოხდება.

- უმრავლესობის შიგნით ახალი ფრაქციების შექმნის თემა თავიდანვე დაკავშირებული იქნა პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის მოლოდინთან. თუ ხედავთ საჭიროებას, რომ მთავრობის გადახალისება 2-3 წელიწადში ერთხელ, პრემიერ-მინისტრის დონეზე აუცილებელია?

- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სხვა დროსაც აღნიშნავდა, რომ უმრავლესობის ფრაქცია ძალიან დიდია და მას არაანაზღაურებადი სამი მოადგილე ჰყავდა. რაც ეხება მთავრობას, არსებობს ეტაპები, როდესაც სხვა ახალი ტიპის ამოცანები დგება დღის წესრიგში და ახალ ლიდერზე მოთხოვნა ჩნდება. მიმაჩნია, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად აკმაყოფილებს იმ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აქვს მის მიმართ. მე ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ამ მხრივ რაიმე ცვლილება მოხდეს. 0

ავტორი: