15:27:21     18-12-2017
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრების ნაწილი ითხოვს, კომუნიკეში რუსეთი, როგორც ოკუპანტი დაფიქსირდეს

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილი თბილისში მიმდინარე მე-10 ყოველწლიური სესიის ფარგლებში მისაღებ კომუნიკეში რუსეთის, როგორც ოკუპანტის დაფიქსირებას ითხოვს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, გაუგებარია, რატომ არ არის კომუნიკეში დაფიქსირებული რუსეთის ფაქტორი, მაშინ როდესაც ის სუამ-ის წევრ ყველა სახელმწიფოს კონფლიქტში ფიგურირებს.
რომან გოცირიძის ინიციატივას უკრაინის დელეგაციის სახელით მხარი დაუჭირა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ მარკევიჩმა.
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არ დააკონკრეტა, თუ ვინ იყო წინააღმდეგი კომუნიკეში რუსეთის ოკუპანტ სახელმწიფოდ მოხსენიების და აღნიშნა, რომ დოკუმენტის მომზადებისას გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია დახურულია, თუმცა არ გამორიცხა, სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შევიდეს.
„კომუნიკე, რომელიც შემუშავდა და რომელსაც საღამოს, ალბათ, დავამტკიცებთ, არის მრავალმხრივი, საკმაოდ დიდი ხნის მუშაობის შედეგი. საბოლოოდ, მოხდა ისეთ კომუნიკეზე შეჯერება, რომელიც მისაღები იყო ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, ჩვენ პრინციპში, შეგვიძლია ამას ყველაფერს გადავხედოთ. ახლა შევიკრიბებით, ვისაუბრებთ და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება. ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, შესაძლოა არ შევიდეს, ზუსტად ვერ გეტყვით“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია იმართება, რომელიც ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.
„საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა შეშფოთება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო. საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ დააფიქსირა თავისი თავისი მტკიცე პოზიცია, რომ სუამ-ის სივრცეში კონფლიქტების დარეგულირება უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით. საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პრინციპული პოზიცია, რომ სახელმწიფოს ტერიტორია არ შეიძლება გახდეს მიტაცების, სამხედრო ოკუპაციის ან ანექსიის ობიექტი“, - ნათქვამია კომუნიკეში.
დოკუმენტის თანახმად, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გადაუწყვეტელი კონფლიქტების დარეგულირების საკითხი მხარდაჭერის თხოვნით და ხაზს უსვამს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა რეგიონულ საპარლამენტო ორგანიზაციებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
0