16:02:03     15-12-2017
დაპირისპირება უმრავლესობაში - შეიზღუდება თუ არა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა?

იუსტიციის მინისტრის ინიციატივა, საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებს შორის, დაპირისპირების მიზეზი გახდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ხმაური მოჰყვა მოყვა, რომელიც ინფორმაციის შეზღუდვის ინიციატივას დაეთანხმა, თუმცა დააკონკრეტა, რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.
ირაკლი კობახიძეს მხარი არ დაუჭირეს მისმა მოადგილე, თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შეზღუდვას, ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან.
თამარ ჩუგოშვილი განცხადებით, კონსტიტუციაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა არ უნდა აისახოს, რადგან სახალხო განხილვებზე მსგავს წინადადებებზე არ უმსჯელიათ.
„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. ჩვენ ვართ OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ სხვა ქვეყნებს უნდა ვაძლევდეთ სტანდარტს გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს.
„ჩემთვის ახლა დგას საკითხი, რომ ეს ცვლილებები არის მთელ კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ, მე არ ვიცი, ახლა არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ამის გარეშე და ამასთან ერთად გავაკეთოთ კენჭისყრა,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ირაკლი კობახიძე კი მათ პასუხად განმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებას განსაკუთრებული მსჯელობა არ სჭირდება.
„სტანდარტი სერიოზულად უმჯობესდება ნაცვლად იმისა, რომ არსებული სტანდარტი შევინარჩუნოთ. ეს არის მოცემულობა და ამას რატომ სჭირდება განსაკუთრებული თავშეკავება, თუ კითხვის ნიშნებიც კი ვერ ისმება ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0