11:16:37     03-10-2017
„ფეისბუქი“ რეკლამის შესამოწმებლად 1000-ზე მეტ თანამშრომელს აიყვანს
![a71899.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71899.jpg)
კომპანია „ფეისბუქი“, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რეკლამის შესამოწმებლად, 1000-ზე მეტი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.ამ ინფორმაციას „ფეისბუქი“ განცხადების სახით ავრცელებს.
სარეკლამო განცხადებების განხილვისას „ფეისბუქის“ თანამშრომლები გაითვალისწინებენ არამხოლოდ რეკლამის შინაარსს, არამედ ასევე კონტექსტს და მიზნობრივ აუდიტორიას.
შესაბამის ზომებს „ფეისბუქმა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ დაკვეთილი პოლიტიკური სარეკლამო განცხადებების აღმოჩენის შემდეგ მიმართა. სოციალური ქსელის ხელმძღვანელები და აშშ-ის კონგრესის წევრები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული განცხადებებით რუსეთი შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.
კომპანია ასევე გეგმავს, პოლიტიკური რეკლამა უფრო გამჭვირვალე გახადოს. სოციალური ქსელის მომხმარებლები შეძლებენ არამხოლოდ იმის ნახვას, თუ ვინ განათავსა ესა თუ ის რეკლამა, არამედ იმისიც, თუ რა სახის განცხადებების განთავსება დააფინანსა რეკლამის თითოეულმა დამკვეთმა. რეკლამის დამკვეთებს კი მათი ორგანიზაციის შესახებ მონაცემების წარდგენა მოუწევთ.
16 სექტემბერს კომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს მიჰყიდა. საუბარია 100 000 დოლარის ღირებულების 3 000 პოლიტიკურ სარეკლამო განცხადებაზე. რეკლამის საფასურის გადახდა 470 ყალბი გვერდიდან მოხდა.
0