15:51:27     25-09-2017
„ოპოზიციის არათანმიმდევრული მიდგომის გამო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის ვერ მოხერხდა“

„ოპოზიციის არათანმიმდევრულმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის ვერ მოხერხდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება პროპორციული სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩიხში ოპოზიციამ და მათმა არათანმიმდევრულმა მიდგომამ შეიყვანა.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებული შეთავაზება წარმატებულად იმ შემთხვევაში დასრულდებოდა, ოპოზიციას თანმიმდევრული მიდგომა რომ გამოევლინა. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან ცვლილებების ტექსტი გამოვიდა, იქ ეწერა, რომ პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის უნდა ამოქმედებულიყო. სწორედ ამ პირობებში დატოვა ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ოპოზიციური პარტიები მაშინ გავიდნენ კომისიიდან, როცა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის იყო გათვალისწინებული. ეს იყო გაუგებარი მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მმართველ გუნდში არსებობდა და კონსენსუსის ერთი პარტიის შიგნით ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო.
0