15:35:31     25-09-2017
მამუკა მდინარაძე: რასაც ოპოზიცია აკეთებს, პოლიტიკური აფერა ჰქვია

საპარლამენტო ოპოზიცია 26 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, სადაც უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არა აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და რიგგარეშე სხდომას დანიშნავს. თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მაინც შეიკრიბებიან.
Presa.ge საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ესაუბრა:
- ოპოზიცია და პრეზიდენტი დარჩნენ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ჰქონდათ. მესამე მოსმენის წინ სადაო მუხლებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური პროექტი საბოლოო ვარიანტი ცნობილია, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პარლამეტში საბოლოო დოკუმენტის ინიცირება. როგორ აფასებთ არსებულ ვითარებას?
- ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს თითქოს მთავარ საკითხად აყენებენ პროპორციულ სისტემას, მაშინ დატოვეს კომისია, როდესაც პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის პროექტით იყო გათვალისწინებული. რასაც ოპოზიცია აკეთებს, პოლიტიკური აფერა ჰქვია. დღეს აგრძელებენ ამ კურსს, ცდილობენ რამენაირად ბოლომდე ჩრდილი მიაყენონ და ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან პროგრესულ სვლას. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებს ვენეციის კომისიამ დაუსვა წერტილი და თქვა, რაც ხდება სინამდვილეში, რომ ეს არის პროგრესული კონსტიტუცია და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს, ამის შემდეგ გადმოვიდნენ პირდაპირ ლანძღვაზე. საბედნიეროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებები ცოტა ხანში აღარავის ემახსოვრება და ქვეყანას ექნება ძალიან მაგარი კონსტიტუცია.
- რატომ ფიქრობთ, რომ კონსტიტუცია იქნება ძალიან მაგარი, ძალიან პროგრესული და ა.შ. თქვენმა კოლეგამ "კონსტიტუციური ზეიმი" უწოდა და რა არის მთავარი საკითხები ამ დოკუმენტში, რის გამოც მიგაჩნიათ, რომ ასეთი შეუდარებელი რეფორმა ქვეყანას ჯერ არ ახსოვს?
- ახალ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერც ერთ მუხლს, რომელიც შეიძლება ობიექტურად შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. ყველა მუხლი არის პროგრესული, დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, გაგრძელებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, მთავრობასთან დაკავშირებული საკითხებით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებით და ა.შ. უამრავ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ შენიშვნები პრაქტიკულად არ გამოთქვა. არის რამდენიმე შენიშვნა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მსჯელობა გვქონდა. არის ასევე წინ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასებები, რომლის შეფასება კომისიის დასკვნით ნაწილშია მოცემული.
- პარლამენტის თავმჯდომარემ ბონუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა პოლიტიკური თანხმობა, რომ ბონუსი ამოვიდეს მესამე მოსმენის რეჟიმიდან, გუნდი მზად არის იმსჯელოს ამ საკითხზე. გაქვთ თუ არა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება?
- ამ საკითხზე დღეს ვიმსჯელებთ, იურიდიული თვალსაზრისით იქნება კამათიც და შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ არა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ შემდეგი ინიცირების პირობებში. ეს არ არის პირობა, არამედ კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა და ეს კომპრომისი მიღებული იქნა იმიტომ, რომ კონსტიტუციური პროცესისთვის შეეწყო ხელი. თუმცა, ამის მიუხედავად, ცნობილია ოპოზიციის ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რაც ჩვენს კომპრომისს მოჰყვა.
- არასამთავრობო სექტორი მოგიწოდებთ, რომ ახალმა კონსტიტუციამ არ უნდა შეზღუდოს რელიგიის თავისუფლება. როგორ ფიქრობთ, ამ თვალსაზრისით არსებობს თუ არა რაიმე წინაპირობა, რითაც შესაძლებელია რწმენის დისკრიმინაცია, რაზეც მიუთითებენ?
- ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ასეთი ინტერპრეტირების გამო, ყველას ვთხოვ ამგვარად ნუ მოახდენენ მანიპულაციას, რადგან აქ აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხებზეა საუბარი. ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაცია, რომელიც მოცემული იქნა ვენეციის კომისიის მიერ, მათ შორის, ზეპირი შეფასებებიც გათვალისწინებული იქნა საკონსტიტუციო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. დღეს ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია.
0