13:54:10     25-09-2017
მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. მინისტრის განცხადებით, თუკი მათ როდესმე მხარდაჭერის მოპოვება სურთ, კონცენტრაცია საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგომას და პასუხის გაცემას სალომე სამადაშვილის სადეპუტატო შეკითხვისთვის, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნას შეეხება.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. საქართველოს მთავრობა არის გახსნილი დიალოგისთვის როგორც ოპოზიციასთან - საპარლამენტო იქნება თუ არასაპარლამენტო, ასევე, სამოქალაქო სექტორთან და ყველა დაინტერესებულ პირთან. ჩემი შეხვედრები იმართება არა მარტო პარლამენტში და საჯარო განხილვების სახით, არამედ რეგულარულად, კვარტალში ერთხელ ვაკეთებ ანგარიშს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან. ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს, იფიქროს მომავალზე, კონცენტრაცია გააკეთოს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე, მე ძალიან დიდი პროგრამა და სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და სამწუხაროდ, არც ერთი კითხვა, არც ერთი შენიშვნა ოპოზიციის მხრიდან საკითხთან მიმართებაში არ იყო. ეს არის უპასუხისმგებლობა ოპოზიციის საკუთარი ამომრჩველისა და საზოგადოებისადმი. ამიტომ თუ უნდათ მათ, რომ როდესმე მოიპოვონ მხარდაჭერა, კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
0