13:53:07     25-09-2017
მიხეილ ჯანელიძე სოსო ოსარაულზე: არ შეიძლება ყველაფერი იყოს პოლიტიზირებული, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლე და ბედი

კონგოში ტყვედ ჩავარდნილ სოსო ოსარაულთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პოლიტიზირებულ თემად აფასებს.
მინისტრის განცხადებით, არ შეიძლება ყველაფერი იყოს პოლიტიზირებული, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლე და ბედი.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ განმარტა, უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო.
"საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის შესახებ ინფორმირებულია ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, პირველ რიგში, ოჯახის წევრები. პირველი დღიდანვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ პროცესში, რომელიც ძალიან რთულია, მაქსიმალური ტრანსფარენტულობა შეგვენარჩუნებინა. დღესაც ვცდილობთ, რომ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც მართებულია.
ვაგრძელებთ ჩვენი საელჩოს და საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით მუშაობას. რაც შეეხება აქციებს, ამ საკითხის პოლიტიზირება არის ძალიან დასანანი ნაბიჯი. არ შეიძლება ყველაფერი იყოს პოლიტიზირებული, მათ შორის ადამიანის სიცოცხლე და ბედი და ოჯახის წევრების ემოციები გამოიყენო პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.
0