10:29:21     23-09-2017
სესიაშვილის პოლიტიკური კორუფცია - უძვირესი მიწა გროშებად

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, დიღმის დასახლების რეკრიაციულ ზონაში, ერთი კვადრატული მეტრი მიწა, სახელმწიფოსაგან 49 ლარზე ნაკლებად იყიდა.
ეს მაშინ, როდესაც ამ მიწის მიმდებარედ, ერთი კვადრატული მიწის ფასი 100 დოლარიდან იწყება.
მაშ ასე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, სადაც მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ის ირაკლი სესიაშვილი იყო, რომელსაც სახელმწიფომ 637 კვადრატული მეტრი მიწა სულ რაღაც 30 694 ლარად აჩუქა.
დიახ, აჩუქა, რადგან ამ მიწის საბაზრო ფასი, მინიმუმ 156 ათას 65 ლარია (637 გამრავლებული 100 დოლარის ექვივალენტზე - 245 ლარზე = 156 ათას 65 ლარს).
მთავარი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდა ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი სპეციალურად დეპუტატისთვის გამოაცხადა, რათა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს სახელმწიფო ქონება გროშებად ჩაეგდო ხელში.
ირაკლი სესიაშვილი, როგორც წესი, ბრალდებებს უარყოფს და ცდილობს დაგვარწმუნოს რომ მიწა, რომელიც მან სახელმწიფოსაგან შეიძინა, სხვას არავის სჭირდებოდა, რადგან მისი ნაკვეთის სიახლოვეს მდებარეობს.
არადა, უძრავი ქონება, თანაც 6-ჯერ უფრო დაბალ ფასად, უბრალოდ, ფულის დაბანდების საუკეთესო საშუალებაა, სხვა თუ არაფერი.
[I=2]თუმცა, თბილისის მერიამ კიდევ ერთი სკანდალური აუქციონი ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეების საკუთრების იაფად ყიდვის შესაძლებლობა რატომღაც მაინც და მაინც ხელისუფლების გავლენიან პირს მისცა, რომელიც იმ ადგილას ახლა სასახლეს აშენებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელფასიდან გადანახული დანაზოგით.
შეგახსენებთ რომ ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელიც სესიაშვილსა და მის ოჯახს უკავშირდება.
კერძოდ: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ სესიაშვილის სტუდენტი შვილი, თურმე ისეთი ჭკვიანი და კვალიფიციური ყოფილა რომ პირდაპირ სუსის ანალიტიკურ დეპარტამენტში მოხვდა, რასაკვირველია, სრულიად შემთხვევით...
0