13:46:00     06-05-2011
თანამედროვე იარაღი და მომავლის ომი
როგორც ცნობილია, უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა, რომ გენერლები ყოველთვის შემდეგი ომისათვის ემზადებიან. მაგრამ ვინ ემზადება მომავალი ომებისთვის? როგორც ირკვევა, ისინი, ძირითადად, ინჟინერ–კონსტრუქტორები და სხვადასხვა სახის შეიარაღების შემქნელები არიან. სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორი იქნება დედამიწაზე მომავლის ომი.
მრავალწლიანი პაციფისტური რიტორიკის შემდეგ გაირკვა, რომ თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო პლანეტის ისტორიული განვითარების წინა პერიოდებზე არანაკლებად არის ომისაკენ მიდრეკილი. უკანასკნელ ხანს, საომარი საფრთხე იმდენად მკვეთრად გამოიკვეთა, რომ ექსპერტები ლამის მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მთელ მსოფლიოში იარაღის წარმოებამ, ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ, ლეგალურმა თუ არალეგალურმა ბრუნვამ საგრძნობლად იმატა. იარაღი მსოფლიოს დაინტერესების ერთერთ მთავარ თემად რჩება.
სხვადასხვა ტიპის იარაღს უკვე ისეთი სახელმწიფოებიც ქმნიან, ვისაც წარსულში მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია. მათ შორის არიან, ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, თვით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები, რომლებიც სამომავლო, სავარაუდო დიდი ბატალიებისთვის ემზადებიან. წამყვანი სახელმწიფოები კი, საერთოდ, გამალებულ შეიარაღებაზე არიან გადასული.
ტელეკომპანია „Discovery Channel“ – მა იარაღის ყველაზე თანამედროვე სახეობები წარმოგვიდგინა, რომელთა განვითარებულმა ვარიანტებმა, შესაძლოა, მომავლის ომებში მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული ტექნიკა სჭარბობს. წამყვან თანამედროვე იარაღთა შორის მოხვდა, ასევე ევროპული, ავსტრალიური, ებრაული იარაღი. გაცილებით ქვედა საფეხურები დაიკავეს ინდურმა, ჩინურმა, რუსულმა შეიარაღებამ, თუმცა, ექსპერტების ნაწილის თქმით, ეს, შესაძლოა, დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოლიტიკური პროპაგანდით იყოს გამოწვეული.
ჩამონათვალში მოხვდნენ: Panzerhaubitze2000 – გერმანული წარმოების მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ჰაუბიცა, რომელსაც კომპანია Krauss-Maffei Wegmann აწარმოებს. ეს იგივე კომპანიაა, რომელიც საუკეთესო დასავლეთ ევროპულ ტანკს Leopard 2 – ს უშვებს. PzH 2000, ფაქტობრივად, გახდა ნატოს სტანდარტული თვითმავალი ჰაუბიცა. ის თანამედროვე ომის კონცეფციას ძალიან კარგად არის მორგებული.
NLOS Cannon – ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაა – ზარბაზანი, რომელიც თანამედროვე ომებში შეუცვლელია. აქვს საუკეთესო ჯავშანი. ეკიპაჟი მხოლოდ 2 კაცისაგან შედგება: მექანიკოსი მძღოლისა და მსროლელისაგან. ზარბაზანი მთლიანად ავტომატიზირებულია. მოქმედების სიშორე 30 კილომეტრია.
GBU-43/8 – „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ. ბომბი კონსტრუქტორ ელბერტ უიმორტსმა შექმნა, მისი კატეგორია GBU-28 Bunker Buster მიწისქვეშა ბუნკერების გასანადგურებლადაა გამიზნული.
მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი Javelin გამოშვებულია ამერიკული კორპორაციის Raytheon/Lockheed Martin – ის მიერ. ის დღეისათვის ყველაზე ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია.
კასეტური ბომბა CBU-97, რომელსაც ტანკების კოლონის განადგურება შეუძლია, ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაა. მას 21–ე საუკუნის იარაღს უწოდებენ. წარმოებულია კორპორაცია Textron Defense – ის მიერ და ერაყში სამხედრო მოქმედებების დროს გამოიყენეს, რამაც მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტი გამოიწვია. 0