14:32:01     31-03-2011
ლიბიის ოპერაციის ახალი ეტაპი და ნატოს გეგმები
ლიბიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ახალ ფაზაში შევიდა. მუამარ კადაფის საომარმა წარმატებებმა კოალიცია დაარწმუნა, რომ საგარეო ჩარევის გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ამბოხებულებს ბრძოლა გაუძნელდათ და ქალაქს ქალაქზე კარგავენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მუსა კუსას უცხოეთში გაქცევამ საერთო სურათი ვერ შეცვალა. კადაფის მოწინააღმდეგეების მხარეს, ეგვიპტის რევოლუციისგან განსხვავებით, სამხედრო მაღალჩინოსნების მცირე რაოდენობა აღმოჩნდა.
როგორც ცნობილი ხდება, დღეიდან, ლიბიის ოპერაციას სათავეში ნატო ჩაუდგა. ამის შესახებ „ბიბისი ნიუსი“ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. სამხედრო–პოლიტიკური ბლოკისათვის ოპერაციის წარმოების ფორმალური გადაბარება, გრინვიჩის დროით, ძალაში დილის ექვს საათზე შევიდა. როგორც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ნატოს ოპერაციის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის შეწყვეტაა, თუმცა ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სახმელეთო ინტერვენცია, ქვეყნის ტერიტორიაზე არ იგეგმება. ნატოს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპერაციები მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტების წინააღმდეგ განხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო–პოლიტიკური ბლოკის წევრ 28 ქვეყანას შორის ერთიანი აზრი არ არსებობდა, გადაწყვეტილება მაინც ოპერატიულად იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ნატოს ძალები უკვე რამდენიმე დღეა მონაწილეობენ ლიბიის საჰაერო და საზღვაო პატრულირებაში.
დღესვე გავრცელდა აშშ–ის პრეზიდენტის, ბარაკ ომაბას „საიდუმლო დოკუმენტი“., რომელსაც პრეზიდენტმა ხელი ორი კვირის წინ მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, აშშ მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეებისათვის დახმარების გაწევას აპირებს.
ამბოხებულებს დღეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დათმობაც მოუწიათ. მანამდე, დასავლური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ გარკვეული კომპანიები ოპოზიციისგან ნავთობის შესყიდვას აპირებენ. კადაფის ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლიბიის ბუნებრივი რესურსებით შეიარაღებულ ბანდებთან მოვაჭრე უცხოურ კომპანიებს ხელისუფლება სასამართლოში უჩივლებს.
ლიბიური კანონების მიხედვით, ერთადერთი კომპანია, რომელსაც ნავთობის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოების უფლება აქვს, ლიბიური „The National Oil Corporation“ – ია. შესაბამისად, სხვა ყოველგვარი არალეგალური შეთანხმება უკანონოდ ცხადდება. ამის მიუხედავად, ამბოხებულებთან თანამშრომლობის სურვილი ყატარის ერთერთმა კომპანიამ უკვე გამოთქვა.
როგორც ბრიტანული „სქაი ნიუსი“ იტყობინება, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ლიბიიდან ნავთობის გატანა მთლიანად შეწყდა. ამან გარკვეულ დასავლურ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მათი უმრავლესობა ლიბიასთან თანამშრომლობის შესახებ ყოველგვარ კომენტარს გაურბის, რადგან საკუთარი რეპუტაციის შელახვის ეშინია. ფირმები, ლიბიასთან თანამშრომლობის გასაახლებლად, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას ელიან. კრიზისის დაწყებამდე, ლიბია 1,6 მილიონ ბარელ ნავთობს იღებდა, რაც მთელი მსოფლიოს ნავთობწარმოების ორი პროცენტია.
ამასობაში, საერთაშორიშო კოალიციის ძალებმა დღეს დილით ლიბიის დედაქალაქზე ახალი აივიაიერიშები განახორციელეს. თვითმხილველები ტრიპოლის აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებებზე საუბრობენ. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი. ლიბიის ოპერაციის დროს, მისი მისართით უკვე 200 „ტომაჰავკი“ იქნა გაშვებული.
კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ დღეებში, ტრიპოლში 60–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ლიბიის ლიდერი ამბოხებულებს ტერორისტებს უწოდებს და სამოქალაქო ომის ხელისუფლების სასარგებლოდ დამთავრებაში დარწმუნებულია.
0