გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჟიურის წევრია
კარლოვი ვარის კინოფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იქნება. გიორგი ოვაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West 2009 წელს აჩვენეს, 2014 წელს კი რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "სიმინდის კუნძული" კინოფესტივალის გრანპრის, "ბროლის გლობუსის" მფლობელი გახდა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 1-9 ივლისს ჩატარდება.იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" არის წარდგენილი.ფესტივალის ოფიციალურ პარალელურ პროგრამაში "მომავლის კადრები" კი დავით ფირცხალავას ფილმი "მამა" მიიღებს მონაწილეობას. Docu Talents from the East 2016-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამორჩეული კრეატიული დოკუმენტური პროექტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც პროდუქციის ან პოსტ-პროდუქციის საფეხურზე არიან.რჩეულ პროექტებს შორის მოხვდა ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმის პროექტი "გოგიტას ახალი ცხოვრება".Docu Talents from the East 2016 ორი საერთაშორისო კინოფესტივალის ( Jihlava IDFF, Karlovy Vary IFF) მიერ არის ორგანიზებული.
0