სამართლიანობისთვის მებრძოლი ბაირონი სამართლიანობისთვის მებრძოლი ბაირონი />


  17:12:15     19-04-2011

სამართლიანობისთვის მებრძოლი ბაირონი

ჯორჯ გორდონ ბაირონის (George Gordon Byron) წინაპარი ბურნუსი უილიამ დამპყრობელს თან ახლდა ინგლისის დაპატრონებისას. წინაპრებიდან ერთი პოეტიც ჰყავდა, ლორდი უილიამ III ბაირონი (1665). მისი შვილიშვილი "დაწყევლილი ლორდის" სახელით ცნობილი უილიამ V, დუელების. კაცის კვლისა და მოგზაურობის მერე კარჩაკეტილად ცხოვრობდა საგვარეულო კოშკში. ჯორჯ ბაირონი დარწმუნებული იყო, რომ იმ წინაპრისგან გამოჰყვა "ისტორიული წყევლა". "დაწყევლილი ლორდის" ძმა, ადმირალი ჯორჯ ბაირონი იყო პოეტ ჯორჯ ბაირონის ბაბუა. ადმირალი ღირსეული კაცი ყოფილა.

 

მისი შვილი ჯონი ასევე ავანტურისტი და ქალთა მოყვარული აღმოჩნდა. ჯერ ლორდ კამერტონს წაართვა ცოლი. მასთან შეეძინა ქალიშვილი ავგუსტა. ჯონის მეორე ცოლი, კატარინა (ეკატერინე) გორდონთა საგვარეულოდან ჰყავდა, მასთან შეეძინა მომავალი დიდი პოეტი. გორდონები სტიუარტებს, შოტლანდიის მეფეებს ენათესავებოდნენ. ეკატერინე გორდონ ოფ-ჰაიტი, შოტლანდიის მეფის, იაკობ პირველის ქალიშვილის, ანა-იზაბელა სტიუარტის, შვილიშვილის შვილი იყო.

 

თავაშვებულმა ჯონმა გაფლანგა ოჯახის ქონება და ცოლის მზითევი და საფრანგეთში გადაიხვეწა. მერე დაბრუნდა ბრიტანეთში და 1788 წლის 22 იანვარს დაიბადა ჯორჯ ბაირონი. ბავშვს დაბადებიდან დაჰყოლია ხინჯი, ოდნავ მოქცეული ფეხი. ამიტომ კოჭლობდა. ამან ძალიან დიდი სევდა დააბუდა მის გულში. დედა ექსცენტრიუული ქალი ყოფილა. ოჯახი გაღატაკებული იყო.

 

პატარა ლორდი მელანქოლიური, ნერვიული, ჟინიანი ხასიათით გამოირჩეოდა. ხან სევდა წაიღებდა, ხანაც დიდი სიხარულით იყო აღტაცებული. 9 წლის ასაკში ეწვი პირველი სიყვარული. ეს იყო მისი ნათესავი მერი დუფი. მერის საბერძნეთიდანაც კი უგზავნიდა წერილებს. სწავლობდა ჰაროუს სკოლაში. 1798 წელს გარდაიცვალა "დაწყევლილი ლორდი" და პერობა ანდერძით ჯორჯს ერგო. შემდეგში კიდევ მიიღო მემკვიდრება და მდიდრულად ცხოვრება დაიწყო სიღარიბით განაწამებმა. თუმცა მაინც, მუდამ ვალები ჰქონდა.

 

ბავშვობიდან, სკოლაში სწავლისას იცავდა სუსტებს ძლიერთა ჩაგვრისგან. ვერ იტანდა გაზულუქებულ და მჩაგვრელ ადამიანებს. დიდ პატივს სცემდა კარგ პედაგოგებს. არ ეპუებოდა ადმინისტრაციას. გატაცებული იყო ცურვით და კრივით. 15 წლისას შეუყვარდა "დაწყევლილი ლორდის" მიერ მოკლული არისტოკრატ ენსეის შვილიშვილი მერი ჩევორსი. მერი ჩევორსი დანიშნული იყო... "ლექსში "სიზმარი" ჯორჯ ბაირონი ამჟღავნების იმ გულისტკივილს, მერისთან განშორებამ რომ მოჰგვარა.

 

1805 წელს სწავლა განაგრძო კემბრიჯის "წმინდა სამების კოლეჯში”. კრივისა და ცურვის გარდა ბანქოს თამაში და სმაც ძალიან შეუყვარდა. მისი ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა. ამ დროს ბაირონმა იფიქრა, რომ "ინგლისის უნივერსიტეტები მის გონებას ახალს ვერაფერს შემატებდნენ". ისევ სასმელი, კრივი, ქალები, ცხენები, ნადირობა და გართობა იწყება.

 

მოგზაურობს. ეცნობა ესპანეთს, მალტას, საბერძნეთს, თურქეთს... აღშფოთდა ინგლისელების მიერ ძველბერძნული განძის გატანით საბერძნეთიდან. 1811 წელს უკვე ანდერძს წერს. იმ პერიოდში გამოაქვეყნა პოემა "ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის" პირველი ნაწილები. ცოტა ხანს პარლამენტშიც მოღვაწეობდა, როგორც პერი. კარგად შეისწავლა საქმე და იცავდა ფეიქართა უფლებებს და სხვა.

 

1812-1814 წლების ლირიკაში გამოვლინდა, რომ ავტორს სძულდა ინგლისის არისტოკრატიული საზოგადოება სიყალბისა და უქნარობის გამო. მერი ჩევორსის მერე ქალებს ცინიკურად ეპყრობოდა. შიშობდა სიმსუქნისადმი მიდრეკილებას არ დაემახინჯებინა მისი სხეული, 18 წლისა 90 კილოს იწონიდა თურმე, ამიტომ, უცნაურ მეთოდებს მიმართავდა გახდომისათვის. ხან ბევრს კითხულობდა, შეისწავლიდა ისტორიას, მათემატიკას, ფილოსოფიას. ერთი წლის მანძილზე 400 წიგნი წაუკითხავს.

 

მერე ლონდონში გადასახლდა საუსველიდან. სასტუმროში დაბინავდა და მეზღვაურთა ლუდხანებს, საბილიარდოებს და ბარებს შეეჩვია. იმ ხანებში შეძენია ქორწინების გარეშე შვილიც. ამ დროს ქალები დასდევენ ლორდს. ზოგი ძალიან აღიზიანებს. ამბობენ, სადმე რომ მიდიოდა, დედები ქალწულებს მალავდნენ, რათა დემონურად ლამაზ ბაირონს არ მოეჯადოვებინა. ვენეციაში მოგზაურობისას, ახალგაზრდა შოპენჰაუერის საყვარელსაც კი მოსწონებია მომაჯადოებელი ლორდი.

 

უკვე სახელი მოიხვეჭა როგორც შემოქმედმა, მაგრამ კრიტიკოსები მაინც გესლავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელი სულ არ აინტერესებდა, კრიტიკოსებს მიუძღვნა ლექსი "წვრილფეხა კრიტიკოსებს". მერე სატირა: "ინგლისელი მგოსნები და შოტლანდიელი რეცენზენტები". მისი "ჩაილდ ჰაროლდი" დიდ მოვლენად იქცა იმ დროინდელი ბრიტანეთის საზოგადოებისათვის. ასევე "დონ ჟუანი", "მანფრედი", "კაენი", აღმოსავლური პოემების ციკლი და სხვა... ბაირონის ლირიკამ მოხიბლა და მოაჯადოვა საზოგადოება.

 

1815 წელს დაქორწინდა ანა ანაბელა მილბენკზე. მეგობრს წერდა: "როცა ჩემს ცოლზე ჯვარს ვიწერდი, საკურთხეველთანაც მერი ჩევორსის ლანდი მედგა თვალწინო". მერი ჩევორსს მისთვის შვილი გაუჩენია, რომელიც ავგუსტამ იშვილა. ჭორიკანა საზოგადოებამ ავგუსტასა და ჯორჯის შვილად ჩათვალა პატარა მედორა. ბაირონის ბიოგრაფების მიხედვით, მერი ჩევორსი არც ლამაზი ყოფილა და არც დიდად ჭკვიანი. ცოლმაც გაუჩინა შვილი, ადა, თუმცა მერე მიატოვა.

 

დიდი პოეტი, როგორც ჩანს, იცნობდა და განიცდიდა ქართველი ხალხის უბედურებას. ამბობენ, რომ მისი ლექსი "თირზა" ეძღვნება ქართველ გოგონას, რომელიც ქურთებს გაუტაცნიათ და თურქეთში გაუყიდიათ... ბაირონი არა ერთხელ ახსენებს კავკასიონს თავის შემოქმედებაში. "მინდა ვეწვიო სილამაზის მშობლიურ მხარეს, / სად კავკასიონს კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს  / გვირგვინად ადგას დიდებული თეთრი მყინვარი.”

 

1823 საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ჯორჯ ბაირონი გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც ავად გახდა და 1824 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.

 

ბაირონი და დაჩაგრულ ხალხთა თავისუფლება ისეთი თემაა, რომლისთვისაც კრიტიკოსებსა და ბიოგრაფებს ათასობით ფურცელი მიუძღვნიათ, თუმცა მთლიანად ვერ გადმოუციათ ბაირონის ხასიათი, მისი სულისკვეთება თუ პატივისცემა თავისუფლების მოყვარე ერებისადმი, მისი დამოკიდებულება ტირანებისა და  მჩაგვრელებისადმი. დარწმუნებული ვარ, ბაირონი რომ ჩვენი თანამედროვე ყოფილიყო 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისში ჩამოფრინდებოდა და რუსების წინააღმდეგ იბრძოლებდა, თუმცა მანამდე ჩეჩნეთის, კავკასიის მთებში მთებში ვიხილავდით მას, რომელსაც შორიდან ეთაყვანებოდა... 

 

გოეთემ მასზე თქვა: "რასაც მე გამოგონების ტალანტს ვუწოდებ, არც ერთ ადამიანში არ მინახავს ისე უხვად, როგორც ბაირონში, მაგრამ, იგი თავაწყვეტილობამ დაღუპა... მას ურეფლექსოდ ემარჯვებოდა ნაყოფიერი შემოქმედება. მან დიადი ქმნილებანი ისე შეუგნებლად წარმოშვა, როგორც ქალები დაბადებენ ხოლმე მშვენიერ ბავშვებს, ისე, რომ არც კი იციან, როგორ და რა გზით".

 

შებინდება

                      

(თარგმანი ინგლისურიდან - მერაბ მეტრეველისა)

 

ეს ის ჟამია, როცა ბულბულის

სტვენა ტოტიდან შემოგესმება,

ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით

საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;

როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,

ობოლ ყურისთვის ჰანგს ააჟღერებს;

მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,

ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;

ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;

ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.

ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე

ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.

ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,

მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.

0

ავტორი: