ჟან პოლ სარტრის ეგზისტენციალური იმედი ჟან პოლ სარტრის ეგზისტენციალური იმედი />


  17:06:46     15-04-2011

ჟან პოლ სარტრის ეგზისტენციალური იმედი

a4992.jpg

1980 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა საქვეყნოდ ცნობილი ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ჟან პოლ სარტრი (Jean-Paul Charles Aymard Sartre). ის გახლდათ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ათეისტური ეგზისტენციალიზმისა (ექსისტენციალიზმი).

 

ეგზისტენციალიზმი (ფრანგულად existentialisme ლათინური exsistentia – არსებობა) არის მიმართულება ფილოსოფიაში და ლიტერატურაში, რომლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი (ეგზისტენსი) და ადამიანის სიღრმისეული პრობლემები. ამ ფილოსოფიის მიხედვით ადამიანი მიტოვებულია, მარტოა სამყაროში... თითქოს არაფერს აზრი არ აქვს ან იქნებ უმთავრესია თავისუფლება ყველაფრისგან... მაგრამ, არა, სარტრისთვის "ეგზისტენციალიზმი არის ჰუმანიზმი".

 

ცნობილი მწერალი და მოღვაწე დაიბადა 1905 წლის 21 ივნისს პარიზში. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მამა, ჟან-ბატისტ სარტრი სამხედრო იყო. მსახურობდა საფრანგეთის საზღვაო სამხედრო ძალებში. დედა, ანა-მარია შვაიცერი იყო ცნობილი გერმანისტის, პროფესორის შარლ შვაიცერის ქალიშვილი. ჟან-პოლი სულ პატარა იყო, წელიწადისა და სამი თვის, მამამისი რომ გარდაიცვალა ყვითელი ციებით. მომავალი მწერალი იზრდებოდა დედის მშობლების ოჯახში.

 

პატარაობიდანვე შეუყვარდა კითხვა. 8 წლის იქნებოდა, როდესაც დედამისი მეორედ გათხოვდა, ამან ცუდად იმოქმედა განებივრებულ ბავშვზე და მას მამობილი შესძულდა. გადავიდნენ საცხოვრებლად ლა როშელში. სწავლაც იქ გააგრძელა. 1921 წელს ჟან-პოლი ავად გახდა და სასწრაფოდ პარიზში გადაიყვანეს. მერე იქვე დატოვეს სასწავლებლად ლიცეუმში. ლიცეუმში უკვე წერდა მოთხრობებს. იქვე დაუმეგობრდა პოლ ნიზანს. მერე ერთად ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებელში.

 

სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით. არ ცნობდა საყოველთაო ავტორიტეტებს. სტუდენტობის დასაწყისში არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით. არც საპროტესტო მანიფესტაციებზე დადიოდა. 1928 წელს გაიცნო სიმონა დე ბოვუარი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი მეგობარი, თანამოაზრე და საყვარელი გახდა. 1929 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში. სტაჟირებას გადიოდა ბერლინის ფრანგულ ინსტიტუტში. 1938 წელს გამოვიდა მისი პირველ რომანი გულზიდვა, რომელიც მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენად იქნა შეფასებული.

 

ასწავლიდა ფილოსოფიას საფრანგეთის სხვადასხვა ლიცეუმებში. 1942 წელს თავი დაანება პედაგოგობას. 1944 წლიდან მთლიანად ლიტერატურული საქმიანობით იყო გატაცებული. 1945 წელს სიმონა დე ბოვუართან და მორის მერლო-პონტისთან ერთად დააარსა ჟურნალი "ახალი დროება" (Les Temps modernes), რომლის მთავარი მიზანი იყო ბურჟუაზიული საზოგადოების “ტრანსფორმირება”.

 

სარტრის შემოქმედება და ფილოსოფია გამსჭვალულია ეგზისტენციალიზმით. თავად ასე განმარტავდა ერთი ფრაზით: „არსებობა წინ უსწრებს არსს.“ ამას ასე ხსნიან: “ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ გასაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია.”

 

სარტრისთვის მთავარია მოქმედება. "არჩევანის გაკეთებას სარტრთან ანგაჟირება ეწოდება. სანამ ამას გააკეთებს, ადამიანი მხოლოდ არსებობაა, ანუ en-soi, ხოლო როცა იწყებს მოქმედებას, ხდება pour-soi. მაგრამ ეს უკანასკნელი, ანუ თავისივე შექმნილი სამყარო საფრთხეში ვარდება, როცა იგი გარდაიქცევა სხვათა დაკვირვების ობიექტად. აქედან გამომდინარეობს სარტრის ცნობილი ფრაზა: „ჯოჯოხეთი სხვებია.“ ამდენად, ადამიანი მუდმივ საფრთხეშია, ჩაკეტილია საკუთარ თავში იმის შიშით, რომ სხვები მას დაანგრევენ. აქედან გამომდინარე არსებობა სრული აბსურდია.”, თუმცა, როგორც ვთქვით, სარტრისთვის, მოქმედება, ჰუმანიზმი აუცილებელია.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  პოლიტიკით დაინტერესდა. მწვავედ გამოდიოდა ალჟირის ომისა და გენერალ დე გოლის წინააღმდეგ.

 

1952 წელს ვენის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა. 1953 წელს აირჩიეს მსოფლიოს მშვიდობის საბჭოში.

 

მისი მოღვაწეობა არ მოსწონდათ ფრანგ რადიკალებს. ემუქრებოდნენ. მერე ორჯერ ბინაც აუფეთქეს პარიზში. 1956 წელს ის და ჟურნალი Les Temps modernes წინააღმდეგი იყვნენ საფრანგეთის ალჟირის იდეისა. სარტრი მომხრე იყო ხალხთა თავისუფლებისა.

 

1956 წელს გაილაშქრა უნგრელი ხალხის თავისუფლების წყურვილის ჩახშობის წინააღმდეგ. წინააღმდეგი იყო ვიეტნამის ომის. ამერიკის ჯარების კუბაზე გადასხმის წინააღმდეგ. აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს პრაღის მოვლენების გამო.

 

სარტრი დიდი აღფრთოვანებით მიესალმა 1959 წლის კუბის რევოლუციას. დაამყარა მეგობრული ურთიერთობა კუბელ რევოლუციონერებთან. სტუმრობდა კიდეც კუბას 1960 წელს. იმავე წელს დაწერა 16 სტატია კუბის რევოლუციაზე. თანამშრომლობდა კუბურ საინფორმაციო სააგენტოსთან "პრენსა ლათინა". მეგრამ, 1971 წელს კუბელი პოეტის პადალიეს ციხეში ჩასმის გამო, რომელიც კასტროს რეჟიმის კრიტიკისათვის დაამატიმრეს, სარტრიმ გაწყვიტა კავშირი კუბის რევოლუციურ მთავრობასთან.

 

1968 წლის საფრანგეთის რევოლუციური სიტუაციის დროს ჟან-პოლ სარტრი სტუდენტებისთვის ერთგვარი სიმბოლო იყო. მისი სოციალური და მორალური სამართლიანობის იდეები მილიონებს აღაფრთოვანებდა.

 

1964 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის განხრით: "შესანიშნავი იდეებისათვის, თავისუფლების სულისკვეთებისათვის და ჭეშმარიტი შემოქმედებითი ძიებისათვის, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დროზე". სარტრიმ უარი თქვა ნობელის პრემიაზე, ამისთვის დაასახელე პირადი, ობიექტური და სხვა მიზეზები (ამაზე სხვა დროს).

 

ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს. უამრავი ადამიანი მიაცილებლად მის ნეშტს. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

 

ჟან პოლ სარტრიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: "ჩემი ნაშრობები დიდი არაფერია. ვერ ვთქვი რაც მინდოდა, ვერც ისე, როგორც მინდოდა. ვფიქრობ, მომავალში უარყოფენ ბევრ ჩემს ნააზრევს. მაგრამ, იმედი მაქვს, ზოგიერთი გაუძლებს დროის გამოცდას. ყოველ შემთხვევაში, ისტორია ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიდის იქითკენ, რომ ადამიანმა ადამიანს გაუგოს."

0

ავტორი: