ირაკლი ალადაშვილი: „ნატოს ცენტრის გახსნას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ ირაკლი ალადაშვილი: „ნატოს ცენტრის გახსნას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ />


  12:07:29     27-08-2015

ირაკლი ალადაშვილი: „ნატოს ცენტრის გახსნას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“

a41194.jpg

დღეს საქართველოში ნატოსა და საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი იხსნება. ამ მოვლენის პოლიტიკური მნიშვნელობა გასაგებია და ის  ჩვენი ქვეყნის ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებაზე მიუთითებს, თუმცა ცენტრს დიდი მნიშვნელობა ექნება სამხედრო ასპექტშიც.

ამის შესახებ Presa.ge სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, სამხედრო ექსპერტს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, გვაინტერესებს, როგორ აფასებთ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას და რისი მომტანი იქნება ეს ჩვენთვის, თუნდაც სამხედრო ასპექტში?

- საქართველო ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას აქვს როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მნიშვნელობა. პოლიტიკური ყველასთვის გასაგებია - ნატოსა და საქართველოს კიდევ დაახლოება, თუმცა, მე ყურადღებას უფრო სამხედროზე გავამახვილებ.

საქმე იმაში, რომ ამ ცენტრში შეიძლება ბატალიონის დონის დანაყოფის გაწვრთნა და შემდეგ მისი შეფასება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ყურადღება მიექცევა, ამ ბატალიონის დონის დანაყოფის წვრთნისას, იმ  საფრთხეების წინააღმდეგ აქცენტირებას, რაც დღეს ემუქრება საქართველოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ აქამდე ძირითადად ის ბატალიონები, რომელიც მიდიოდა ერაყსა და ავღანეთში იწვრთნებოდა ასიმეტრიული ომებისთვის, ანუ, როდესაც ძალები არათანაბარია. კოალიციის ძალები, გასაგებია, რომ უკეთ იყო შეიარაღებული და აღჭურვილი, ვიდრე ის პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე უპირისპირდებოდნენ ამ ძალებს, ვთქვათ, იგივე ერაყელებისა და ავღანელების.

ჩვენს სიტუაციაში კი აბსოლუტური განსხვავებაა და ეს 2008 წლის ომმაც გვიჩვენა, რომ ომი ძირითადად მოგვიწია მოწინააღმდეგის ჯავშან-კოლონასთან, საბრძოლო ავიაციასთან, არტილერიასთან. ჩემი სურვილი იქნება, სწორედ ამისთვის გაიწვრთნას ქართული ბატალიონები, რომ იცოდეს მოწინააღმდეგის ჯავშან-კოლონასთან ბრძოლა, მისი შეჩერება, მოწინააღმდეგის ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი დაზიანება ჩამოგდება და არტილერიის დაბომბვის შემთხვევაში თავის არიდება და საპასუხო ცეცხლის წარმოება.

- ამ ცენტრის გასახსნელად თვითონ გენერალური მდივანი ჩამოვიდა, ეს ნიშნავს რომ ამას საკმაოდ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, თქვენ რას ფიქრობთ მის ვიზიტზე?

- ამას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა რომ ამხელა  სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ჩამოდის, ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და ვნახოთ დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები.
 
 - არის ასეთი მოსაზრება, რომ ამ ცენტრის გახსნა რაღაც ასპექტში რუსეთის აგრესიისაგან დაგვიცავს

 
- მე მთლიანად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ეს ცენტრი, კიდევ  ერთხელ გავიმეორებ, არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს არ იქნება საბრძოლო შენაერთი ან ამის მაგვარი სამხედრო ბაზა. მას საბრძოლო ამოცანების შესრულება არ ექნება მისიად. მის ფუნქციაში შედის  ბატალიონის დონის დანაყოფის მომზადება და შემდეგ ამ გაწვრთნის დონის შეფასება. მის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- რაც შეეხება რისეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და აგრესიულ პოლიტიკას, სამხედრო ასპექტში როგორ შეგვიძლია ამას გავუწიოთ წინააღმდეგობა?

- ეს თქვენც იცით, მეც ვიცი და სამწუხაროდ, ცნობილია, რომ დიდხანს სათანადო დონის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული იქნება და ქართული სახელმწიფო, ხელისუფლება, საზოგადოებაც, ძირითადად იმის იმედზეა, რომ დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლა არ გადაადგმევინებს რუსეთს ამ ნაბიჯს, ან შეაჩერებს, თუ ეს მაინც მოხდება. ის, რომ დიდხანს ქართული არმია შეძლებს შეაჩეროს იგივე რუსეთის შემოტევები, მითუმეტეს, სხვადასხვა მიმართულებიდან და მას, ჩვენდა სამწუხაროდ, აქვს ამის საშუალება, შემოგვიტიოს, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან, თუ სამხრეთიდან, ძალიან რთული იქნება და ამას დიდი დრო და შესაბამისი მუშაობა სჭირდება.

- თავდაცვის სფეროში საკმაოდ ბევრი რეფორმის გატარება იგეგმება და თქვენი აზრით, რა იქნებოდა საუკეთესო სტრატეგია, რაც დაეხმარებოდა ქართულ ჯარს უფრო გაძლიერებაში?

- დღეს სამხედორ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ხმარდება სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის უზრუნველყოფას. ხელფასი, დაზღვევა, სამედიცინო და სხვა ხარჯები. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, როცა სახელმწიფო ფიქრობს მებრძოლებზე, მათ ოჯახებზე, თუმცა, ძალიან ცოტა თანხა რჩება საბრძოლო მომზადებისთვის და მითუმეტეს, საბრძოლო ტექნიკის შესყიდვისათვის, ან არსებულის საჭირო დონეზე გარემონტებისათვის. ამიტომაც მთავარი იქნება მეტი ყურადრება, მეტი ენერგია და მეტი თანხები დაეთმოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას და შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის ტიპების შესყიდვას და რაც უკვე არის შეიარაღებაში, მათი გარემონტებას და მწყობრში ჩაყენებას.

0

ავტორი: