12:20:10     21-07-2015
13 ივნისს გარდაცვლილის ძმა: "დათო მოკვდა წამებით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული“

13 ივნისს სტიქიის ღამეს გარდაცვლილი 40 წლის დავით გაბიტაშვილის ძმამ, ლაშა გაბიტაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რის შემდეგაც უწყებამ გამოძიება დაიწყო.
"13-14 ივნისის სტიქის ღამეს ჩემი ძმა დავით გაბიტაშვილი დაიღუპა. პატრულს იმ ღამეს მზიურის ხიდი არ ჰქონდა გადაკეტილი, რის გამოც ჩემი ძმა ახალ გზაზე აღმოჩნდა. შსს დაუდევრობაზე განცხადება შევიტანე პროკურატურაში და გამოძება დაიწყო. ყველა ხელჩასაჭიდ ალიბს ვეძებ და ხალხს მოვუწოდებ რომ დამეხმაროს. გთხოვთ დამიკავშირდეთ ან დამაკავშიროთ იმ ხალხთან რომლებმაც ბეთანია-ახალდაბის გზიდან 112-ში განახორციელეს ზარი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოხდეს დროულად“,- აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი, რიმელიც ძმის სიკვდილში სახელმწიფოს ადანაშაულებს.
გაბიტაშვილი ხელისუფლებისგან ითხოვს, სახელმწიფომ მარჩენალდაკარგულ ბავშვებს სრულწლოვნებამდე ყოველთვიური თანხა დაუნიშნოს.
„სახელმწიფოს რომ შესაბამისი ღონისძიებები დროულად გაეტარებინა და ახალდაბაში მეწყერის ჩამოწოლის, სვანიძის ქუჩის დატბორვის, 112-ში შესული ზარების შემდეგ ახალი გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიეღო, მსხვერპლი გაცილებით მცირე იქნებოდა ჩემი ძმა კი ცოცხალი“,- უთხრა „პრესა.ჯი“-ს სტიქიის ღამეს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ძმამ.
ბოლო სატელეფონო ზარების მიხედვით, დავით გაბიტაშვილი ახალ გზე ღამის პირველის ნახევარზე მოხვდა, კავშირი კი მასთან 00 საათსა და 46 წუთზე გაწყდა.
დავით გაბიტაშვილის ცხედრის პოვნა სტიქიიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მზიურის ტერიტორიაზე მოხერხდა.
„პრესა.ჯი“: ვის ადანაშაულებთ კონკრეტულად თქვენი ძმის გარდაცვალებაში და რაში გამოიხატება დანაშაული?
- 13 ივნისის ღამით, ჩემი ძმის მარშრუტი ჩემთვის ცნობილია, ის 24:00 საათზე „ბერნარდიდან“ გამოვიდა. წამოვიდა პეკინით, მოიარა მთელი ჭავჭავაძე, იმყოფებოდა ვარაზის ხევზე და მივიდა ვაკის პარკთან, სწორედ აქ გადაჯდა ის კუთვნილ ავტომობილში. დაახლოებით 00:25 საათზე ჩაუხვია ახალ გზაზე. 00:30 წუთზე დაურეკა თაამშრომელს და მას 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკა, მას აღელვება არ ეტუობოდა ხმაზე, უთხრა მეგობარს, რომ მართალია წყალია და მანქანები აქეთ-იქით არისო, თუმცა სახლში ასვლას მოვახერხებ და სახლიდან დაგირეკავო. ბოლო ზარი მისი ტელეფონიდან 00:46 წუთზე ოჯახის წევრთან განხორციელდა და ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. პრობლემაც და ჩემი საჩივარიც იმან გამოიწვია, რომ 00:25 წუთზე ახალი გზა გადაკეტილი არ იყო. ეს მაშინ როცა დედაქალაქში სტიქია კარგა ხნის დაწყებული იყო. ყველა შესაბამის ორგანოში ინფორმაცია შესული იყო, არიან ადამიანები, რომლებმაც პირადად დარეკა 112 - ში, თუმცა რეაგირება არ მოხდა.
- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?
- უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო მიეღო გადაწყვეტილებები სტქიური უბედურების ღამეს. მე რაც ზუსტად ვიცი არის ის რომ იმ ღამეს შს-სამინისტრომ დანაშაული ჩაიდინა, არ მივიდა დროულად და გზა არ გადაკეტა.
- აიღო თუ არა პსუხისმგებლობა სახელმწიფომ მარჩენალდაკარგულ ბავშვებზე?
- დათო ცოლს გაშორებული იყო, მას ორი შვილი დარჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ მამაჩემს 10 000 ლარი ჩაურიცხეს და დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იქნა გაწეული. თუმცა მივმართავ პრემიერს, რომ სახელმწიფომ მარჩენალდაკარგულ ბავშვებს სრულწლოვნებამდე ყოველთვიური თანხა დაუნიშნოს.
13 ივნისის სტიქიური უბედურების საკითხის ირგვლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივაც". მათი თქმით, კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია ასე გამოიყურება:
1. თუ 22:00 საათზე ახალდაბაში ჩამოწვა მეწყერი და ჩახერგა ხეობა, რამაც მერე გამოიწვია ღვარცოფის დიდი მასის მოწყვეტა, რომელიც ვერეს ხეობაში ორ საათში ჩამოვიდა და 22:07 წუთზე ამის შესახებ 112-მა იცოდა, რატომ არ დაიწყო ევაკუაცია?
2. როცა სვანიძის ქუჩაზე, ათი დღის წინ ადგილი ჰქონდა დატბორვას, რატომ არ იყო გატანილი თბილისის მერიის სამსახურების მიერ, 3 ივნისს დატბორილ ტერიტორიაზე ჩამოტანილი ხე-ტყის ნარჩენები?
3. ორ საათზე მეტი ჰქონდა საპატრულო პოლიციას იმისთვის, რომ ახალი გზა ჩაეკეტათ, რატომ არ მოხდა გზის გადაკეტვა?
4. რატომ მოხდა 112-ის ცხელი ხაზის პარალიზება?
5. სად იყო ვერტმფრენი, რომელსაც მაშველები ითხოვდნენ?
6. რატომ არ მივიდნენ მაშველები დროულად სვანიძის ქუჩაზე?
13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, ბევრი მათგანის საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.
0