09:36:25     04-12-2014
რა ეშველება ლარს?

დოლარი ლართან მიმართებაში გამყარებას აგრძელებს. საზოგადოების ნაწილში შეინიშნება პანიკა. რა ეშველება ლარს და გვექნება თუ არა მორიგი "კუპონი" საქართველოში? ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ლარსა და დოლარს შორის სხვაობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი დოლარი, 1.86 ლარი გახდა.
"დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირებაზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნული პროცენტი", - განუცხადა "საზოგადობრივ მაუწყებელს" საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ხადურის განცხადებით, ლარის კურსზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა მათ შორის ბიუჯეტი არ არის.
"ლარის კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი - საშინაო, საგარეო, ფსიქოლოგიური ფაქტორები. საშინაო ფაქტორები ძალიან ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც ხშირად ხდება აპელირება, არის ბიუჯეტიდან გაწეული დიდი რაოდენობით ხარჯები. ჩვენი ოპონენტები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რომ ერთი მხრივ თითქოს ბიუჯეტი არ სრულდება, მეორე მხრივ ბიუჯეტი ბევრ ფულს ხარჯავს.
ჩვენ ხარჯავთ მხოლოდ იმ თანხას, რომელსაც ეკონომიკიდან ვიღებთ გადასახადების სახით, ანუ ბიუჯეტის მხრიდან არ არსებობს არანაირი ზემოქმედება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის ზრდაზე", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი და ირიბად ეროვნული ბანკისკენ იშვერს ხელს.
ხადურის შეფასებით, მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში აყალიბებს ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და, შესაბამისად, არ იქნება სწორი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა ღიად ისაუბროს ეროვნული ბანკის მუშაობაზე.
თუმცა, ჟურნალისტის კითხვას: არის თუ არა, ლარის კურსის ვარდნაში ეროვნული ბანკის გარდა, სხვა ფაქტორებიც, ხადური პასუხობს: "რა თქმა უნდა, არის".
"მთელ მსოფლიოში, ჩვენ მეზობლებიდან ერთის გარდა, ეროვნული ვალუტის კურსი არის შეცვლილი. დოლარი აგრძელებს გამყარებას ყველა დანარჩენის ვალუტის მიმართ. მეორე ფაქტორი უკავშირდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს", - თვლის მინისტრი და მოუწოდებს საზოგადოებას არ აჰყვეს პანიკას.
"პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ მოახდინოს ინტერვენცია, ასევე არანაირი მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ ლარის კურსის დაცემის გაგრძელება.
ფინანსთა სამინისტრომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს გარკვეული უცხოურო ვალუტა როგორც ევროებში, ასევე დოლარებში. ეს არის აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის გრანტები და შეღავათიანი კრედიტები. ასე რომ, წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობის სახარჯო პოლიტიკით ჩვენ, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ ლარის გამყარებას", - განაცხადა ხადურმა.
0