პროკურატურის ინფორმაციით, ალასანიას მოადგილე "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია პროკურატურის ინფორმაციით, ალასანიას მოადგილე "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია /> "/> " />


  11:05:51     03-11-2014

პროკურატურის ინფორმაციით, ალასანიას მოადგილე "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია

პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია.

განცხადება ამის შესახებ მედიასთან პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა. 


მისი თქმით, საქმის მასალებში იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს სწორედ ალექსი ბატიაშვილი.

„ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. შესაბამისად, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნებრივია, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

ირაკლი ალასნაიას მოქმედი მოადგილე, ალექსანდრე ბატიაშვილი მთავარ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ბატიაშვილი დღეს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.

კომაპანია "სილქნეტის" ხელმძღვანელობასა და ალექსანდრე ბატიაშვილს შორის ახლო ნათესაური კავშირის არსებობის შესახებ ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს  ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმაც მიაწოდა. 

მისი განცხადებით, „კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილი და ფაქტობრივად, ოჯახის წევრია.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომპანია "სილქნეტში" კი ირწმუნებიან, რომ კომპანიას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს გიზო ღლონტს; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროს ნუგზარ კაიშაურს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გიორგი ლობჟანიძეს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტ არჩილ ალავიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროს დავით წიფურიას ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების თემაზე კომენტარი შაბათს გააკეთა:

„მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში. მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად. სამწუხაროდ, ამის ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი, დახურულად“.

მინისტრის განცხადებით, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.

„სილქნეტის“ საქმეში ირაკლი ალასანიას სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება“,- ეს განცხადება კი „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს ეკუთვნის.

როგორც „პრესა.ჯი“-ს მჟავანაძემ განუცხადა, შეუძლებელია, ასეთი მაღალი თანამდებობის პირები ჩართული ყოფილიყვენ კორუფციულ საქმეებში და ამის შესახებ არ ყოფილიყო ინფორმირებული მინისტრი ალასანია.

„სულ მცირე, იკვეთება ალასანიას, როგორც თავდაცვის მინისტრის სისხლის სამართლის კოდექსის 342 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული -გულგრილობა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მთავრ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ირაკლი ალსანიას მიმართაც, რათა გამოიკვეთოს უშუალოდ მისი როლი აღნიშნულ კორუფციულ სქემაში, ასევე იმ საქმეებშიც, რომელთა დაკავშირებითაც დიდ ხანია არსებობს კითხვის ნიშნები", - აღნიშნავს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე.

იხილეთ ვრცლად: გადადგება თუ არა ალასანია და წაუყენებენ თუ არა ბრალს „სილქნეტის“ წარმომადგენლებს? - სკანდალი გრძელდება

0

ავტორი: