16:49:13     24-02-2011
ზღაპართმცოდნე ვილჰელმ გრიმი
ცნობილი მეზღაპრე, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ვილჰელმ კარლ გრიმი დაიბადა 1786 წლის 24 თებერვალს.
ყველას გვახსოვს შესანიშნავი ზღაპარი "კონკია". ეს ამბავი მიეკუთვნება მოარული, ნასესხები სიუჟეტების რიცხვს, მისი მრავალი ვარიანტი არსებობს, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ფოლკლორში (ვინ-ვისგან ისესხა თუ გადაიღო ძნელი გასარკვევია).
ფოლკლორი (Folklore – ხალხური სიბრძნე) – წეს-ჩვეულებები, სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები, ზეპირი გადმოცემები, ხუმრობები და მითები, რომლებიც ამა თუ იმ ხალხის, კუთხის თუ სოფლის მცხოვრებთა შორის არის გავრცელებულ-დამკვიდრებული და თაობებს გადაეცემა ზეპირად.
სანამ ადამიანი დამწერლობას გამოიგონებდა და თავის აზრებს, თავგადასავალს, განცდებს ანბანის ასოებით გადმოსცემდა, მანამდე, უამრავი საუკუნეების მანძილზე, ის ყველაფერს ამას ზეპირსიტყვიერების, ფოლკლორის მეშვეობით ახერხებდა. ფოლკლორი დიდწილად არის საფუძველი ლიტერატურის და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებისათვის, ხალხებისა და თაობების აღზრდის საქმეში მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, უნდა ითქვას, ისიც, რომ ზეპირსიტყვიერი გადმოცემები, შესაძლოა, უფრო დიდ გავლენას ახდენდა მაშინდელი ადამიანების ცნობიერებაზე, ვიდრე დღეს ლიტერატურა თუ ხელოვნების სხვა ახდენენ დარგები თანამედროვე ადამიანებზე.
ზეპირი გადმოცემების შენახვა-ჩაწერა, შესაძლოა ხიბლს, დიდებულებას, გავლენის ძალას უკარგავს გადმოცემებს თუ ზღაპრებს, მითებს თუ ლეგენდებს, მაგრამ ძალიან საშურო საქმეა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ დაიკარგოს, მერე იმიტომ, რომ თაობებმა უკეთ აითვისონ და ერმა შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა. ფოლკლორი ერთგვარად ფესვებს ჰგავს, რომლისგანაც აღმოცენებულია ხალხის შემოქმედება და თვითშეგნება, თაობები და თაობები.
სხვადასხვა ქვეყნების თაობები გაზრდილა "კონკიას" თავგადასავალზე მღელვარებით. ეს ზღაპარი ძირითადად ორი სახესხვაობითაა თანამედროვე სამყაროში გავრცელებული, შარლ პეროსი და ძმები გრიმების.
ფოლკლორის მეცნიერულად შესწავლის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით იაკობ და ვილფელმ გრიმებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ვილჰელმისა და მისი უფროსი ძმის, იაკობის დამსახურება ენათმეცნიერებაშიც. ენათმეცნიერება არის მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების, მათი აგებულებისა და ფუნქციონერების ზოგადი კანონების მიხედვით. ენათმეცნიერების ჩანასახი ჩანს ძველ აღმოსავლეთში, მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში და რა თქმა უნდა, საბერძნეთში. სამეცნიერო კვლევები დაიწყო XIX საუკუნეში. თუმცა უნდა აღინიშნოს იტალიელი ლორენცო ვალას (1407-1457), ჰოლანდიელი ერეზმუს როტერდამელის (1469-1536) და გერმანელი იოჰანეს როიხლინის (1455-1522) ღვაწლი ამ საქმეში.
ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით XIX საუკუნეში ცნობილი იყო ვილჰელმ ჰუმბოლტი, რომელსაც ქართული ენის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნები აქვს გაკეთებული, შედარებითი ენათმეცნიერების მიმართულებაში გამოირჩეოდნენ ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები.
მეცნიერებაში არსებობს რასკა-გრიმის კანონიც, რომელიც პირველად აღწერა რასმუს რასკამ, ხოლო საბოლოოდ ჩამოაყალიბა იაკობ გრიმმა. ეს კანონი ეხება ფონეტიკური, მორფოლოგიური პროცესების განვითარებას გერმანიკულ ენებში (უფრო დაწვრილებით იაკობ გრიმზე სხვა დროს).
ვილჰელმი შეისწავლიდა სხვადასხვა ხალხურ გადმოცემებს, სიუჟეტების განვითარებისა და მათი გავრცელების არეალს. აგროვებდა ზღაპრებს, ჰეროიკულ გერმანულ საგებს. ის მუშაობდა ძველი დაზიანებული ხელნაწერების გაშიფვრასა და აღდგენაში და დიდი წვლილი მიუძღვის შედარებითი ლიტერატურის ისტორიის კვლევის საქმეში.
ახალგაზრდობაში იყო ჰაიდელბერგის რომანტიკული წრის წარმომადგენელი, თუმცა, მერე რეალისტ მეცნიერად ჩამოყალიბდა. მისი უდიდესი მიზანი იყო აეღორძინებინა საზოგადოებაში და სამეცნიერო წრეებში ინტერესი ხალხული შემოქმედებისადმი. უნდა ითქვას, რომ მან უფროს ძმასთან, იაკობთან ერთად ეს შეძლო. დიდია მათი დამსახურება გერმანული ფოლკლორის, ენის, რუნული დამწერლობის, სამართალმცოდნეობის, ისტორიის შესწავლის საქმეში. საერთოდ გერმანისტიკის სფეროში. უდიდესია მათი დამსახურება გერმანული კულტურის განვითარებისა და გერმანელი ერის შეკავშირების საქმეშიც. გერმანიაში მეცხრამეტე საუკუნიდან განსაკუთრებით დიდი სიყვარული გაუჩნდათ ადამიანებს თავისი ხალხური შემოქმედებისადმი, ტრადიციისადმი, ბუნებისადმი, საერთოდ გერმანელი ერის ეროვნული თვითშეგნება დიდად განსაზღვრა ძმები გრიმების მოღვაწერობამაც.
ვილჰელმ გრიმის მამას ფილიპე ვილჰელმი ერქვა, დედას დოროთე ციმერი. ვილჰელმი ოჯახში მესამე შვილი იყო. სულ ცხრა შვილი შეეძინათ, მაგრამ სამი ადრეულ ასაკში დაიღუპა. ჯერ კასელის გიმნაზიაში სწავლობდა, მერე მარბურგის უნივერსიტეტში. ისევ დაბრუნდა კასელში და დედას ეხმარებოდა, ვინაიდან მამა გარდაცვლილი იყო.
სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. აწუხებდა ასთმა და გული. კლემანს ბრენტანოსა და იოაჰიმ ფონ არნიმას გავლენით, რომლებმაც გამოაქვეყნეს ხალხური ბალადები, 1806 წლიდან დაიწყო გერმანული ზღაპრების შეგროვება ძმასთან, იაკობთან ერთად. მერე გადავიდა საცხოვრებლად ბერლინში.
ძმებმა, 1812 წელს გამოსცეს "საბავშვო და საოჯახო ზღაპრები", სამი წლის მერე მეორე ტომიც. ამ წიგნებში 200 ხელხური ზღაპარი და 10 "საბავშვო ლეგენდა" შევიდა. შემდეგ გამოსცეს "გერმანული გადმოცემები".
1819 წელს ორივემ მიიღო მარბურგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.
გოეთე დიდად აფასებდა ვილჰელმ გრიმის (და მის ძმის) მოღვაწეობას და "გულითად მადლობას სწირავდა დავიწყებული კულტურის დაფასებისათვის".
1825 წელს იქორწინა ჰენრიეტა ბილდზე. 1828 წელს შეეძინათ ვაჟი, ჰერმანი, შემდგომში ცნობილი ლიტერატურის ისტორიკოსი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და "გოეთეს საზოგადოების" დამფუძნებელთაგანი.
1840 წელს, ვილჰელმი და მისი ძმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად ჰანოვერის ჰერცოგმა, პოლიტიკური მოტივით, ქვეყნიდან გააძევა. თუმცა, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ მიიწვია ბერლინში და ორივე აირჩიეს პრუსიის სამეცნიერო აკადემიის ნამდვილ წევრად. ვილჰელმი ხელმძღვანელობდა კეთედრას და მუშაობდა "გერმანულ ლექსიკონზე".
ძმასთან ერთად გამოქვეყნებული აქვს წიგნები გერმანიის ისტორიაზე, გერმანული ენის შესახებ, დიალექტების კვლევებით.
ბავშვების აღზრდაში სიყვარულის გამოყენებას ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. ჰქონდა იუმორის გრნობა. ეს ჩანს ერთი გადმოცემიდან. მასთან მივიდა, თურმე, ფრანგი სტუდენტი, რომელიც 3 წელი ცხოვრობდა ბერლინში, თუმცა არც ერთი გერმანული სიტყვა არ იცოდა. ვილჰელმ გრიმს გაუკვირდა და ჰკითხა: – "ამდენ ხანს, როგორ ვერ შეისწავლეთ ჩვენი ენა. თქვენი თანამემამულეები ამას უფრო მცირე ხნის მანძილზე ახერხებენო".
– "მეზიზღება და იმიტომ, ცხენების ენაა" – უპასუხა უზრდელმა ახალგაზრდამ.
– "აჰა, ახლა კი მივხვდი, რატომ უჭირთ ვირებს ამ ენის შესწავლა!" – მიუგო
ვილჰელმ გრიმმა.
ვილჰელმმ გრიმმა და მისმა ძმამ, იაკობმა კაცობრიობას შემოუნახეს და შეაყვარეს, ისეთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ზღაპრები, როგორიცაა: "ბრემენელი მუსიკოსები", "მძინაერ მზეთუნახავი", "ჰენზელი და გრეტელი", "წითელქუდა", "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და სხვა.
ვილჰელმ გრიმი გარდაიცვალა 1859 წელს ფილტვების გაჩერების გამო.
0