16:37:28     14-02-2011
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა დაიწყო
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობაში ხვალიდან საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ჩაერთვება. მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი განახლდება, მის განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეუძლია.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით, ხვალ, პარლამენტში, კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტში უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ელოდებიან. დახურული შეხვედრა დავით ბაქრაძის ოთახში გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ინიციატივით, აღნიშნული კონცეფციის განახლებაში პარლამენტმა ერთერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.
ბაქრაძემ, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა და შესთავაზა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული დოკუმენტის განახლებაში.
ბაქრაძის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ისეთი საკითხია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და მთელი საზოგადოებისათვის.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაში მონაწილეობის სურვილი, უმცირესობაში შემავალმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა. გია თორთლაძემ, გიორგი თარგამაძემ და პაატა დავითაიამ განაცხადეს, რომ თანახმა არიან კონცეფციის განახლებაში მონაწილეობა მიიღონ.
მას შემდეგ, რაც კონცეფციის განახლებული ვარიანტი შემუშავდება, საკითხის განხილვა ფრაქციებსა და კომიტეტებში გაგრძელდება, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს და ფართო საზოგადოებას მიეცემა.
0