13:50:49     17-03-2014
რა კომენტარს აკეთებენ ნანუკა ჟორჟოლიანი და ადვოკატი კოდუასთვის წარდგენილ ბრალდებაზე?

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა. პროკურატურა კოდუას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას ედავება.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში კოდუამ დაკავებულ პირს "LEXUS GX 470" მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, არასაპატიმრო ღონისძიების გატარების პირობით შეაძენინა, შემდეგ კი შვილის სახელზე გადააფორმა.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიება აცხადებს, რომ 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან", შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომობილი. 2009 წლის თებერვალში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც დაპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "LEXUS"-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე, რომლის თანხა თვითონ შეიტანა შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ანგარიშზე და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.
„პრესა.ჯი“ აღნიშნული თემის კომენტირებისთვის ირაკლი კოდუას ადვოკატ გიზო უგულავას დაუკავშირდა.
„მასალები გადმოგვეცა, ამ წუთებში ვეცნობით მას, ამიტომ საქმესთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, -აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე აპირებს თუ არა ერეკლე კოდუა გამოძიებასთან თანამშრომლობას, ან ჩამოვა თუ არა ის საქართველოში, უგულავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავს შეიკავებს.
„ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს“,- უთხრა ადვოკატმა „პრესა.ჯი“-ს.
რაც შეეხება ირაკლი კოდუას მეუღლეს, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მედიასთან ამ თემაზე საუბარს ამ ეტაპზე არ აპირებს.
„პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტმა უთხრა, რომ მან მისი პოზიცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაახმაურა და დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
„ამ ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ამადამიანების დიაკრედიტაცია, რომლებიც ქვეყანას თუ ჭირდებოდა ომში წინა ხაზზე იდგნენ და ასევე ქვეყანას რომ ჭირდებოდა ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ (რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ) ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე რატომ არავის არ ახსენდებოდა ის:) ვფიქრობდი ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ ან "არ უფასებდნენ" არც ომის წინა ხაზზე დგომას, არ კრიმინალთან ბძოლას:) დღეს როდესაც გავიგე რომ თითქმის ორი წლიანი წვალების შემდეგ (საგამოძიებო სამსახურების) ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წელი სოდის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე დავმშვიდდი:) მივხვდი რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს!"- წერს ჟორჟოლიანი.
0