ჭაბუა ამირეჯიბი - ავტოინტერვიუ ჭაბუა ამირეჯიბი - ავტოინტერვიუ />


  03:00:22     09-11-2013

ჭაბუა ამირეჯიბი - ავტოინტერვიუ

- რა არის ეს, ჟურნალისტიკის ახალი ჟანრია?
- არა. მწერალი სწერს იმაზე, რაც მას აინტერესებს, რაც იცის, ან იმაზე რაშიც შეღწევა სურს თავად.

ყველა ადამიანს, საერთოდ, და მომავალ მკითხველს, ანუ ეკითხება თავის თავს და ამ კითხვებზე თავადვე პასუხობს. ამდენად, ყოველი თხზულება არის მწერლის ავტოინტერვიუ. აი, ამჯერადაც გადავწყვიტე, ბანალურ შეკითხვებს გავექცე და პასუხი საკუთარ თავს გავცე:

- ვინ ხარ შენ, ჭაბუა ამირეჯიბო, საიდან მოდიხარ?
- თბილისში დავიბადე. თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას ვიწონიდი, ანუ ექვს კილოგრამს, ორას გრამ ნაკლებს. აღნაგონის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მ.იმე წონის სპორცმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა, კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიულ პატიმარ-მარბენლად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ამაზე - მერე იყოს.
დედა და მამა ძველი არისტიკრატიული მოდგმისანი იყვნენ. მამა - ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი - ცნობილი ადვოკატი. დედა - პედაგოგი, „ქალთა უმაღლესი კურსებით“, თითქმის გარუსებული.

ქართული მამაჩემის ოჯახში ისწავლა, კარგად განათლებული, მშვენიერი თავადის ქალის, სოფიო სოფრომის ასულ მაღალაშვილ-ამირეჯიბისგან. დედა - მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე - პირდაპირი ჩამომავალი იყო სამეგრელოს, აფხაზეთის და გურიის მთავრებისა. მამაჩემის წინაპართა წოდებრიობაზე თვით გვარი მეტყველებს. ამირეჯიბობა სახელო ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით, თანამდებობა იყო, მანდატურთუხუცესის (შინაგან საქმეთა მინისტრის) პირველ მოადგილეს ნიშნავდა. იგი დაზვერვა - კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა. სახელო საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადადიოდა და ამირეჯიბის გვარის მტარებელი ყოველი ოჯახი ცდილობდა, თავისი ნაშიერი მოემზადებინა ამ თანამდებობის დასაკავებლად. კონკურენცია მწვავე და დაუნდობელი იყო.

ყოველი კანდიდატი შესაფერის განათლებას იღებდა, როგორც საქართველოს, ისე ბიზანტიის აკადემიებში. აქედან - გვარის ტრადიციული ნასწავლობა-განათლებულობაც. ბოლოს ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცადქვეყანას მოვევლინე მე - პედაგოგიური ფაკულტეტის სამი კურსის მეტი არა დამიმთავრებია რა. მეორე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვწერდი, ვიბეჭდებოდი - სწავლას თავი მივანებე…
დავუბრუნდეთ ბავშვობასა და ყრმობას. ჩემი ქართული ენა ზემოხსენებულ ბებოს და პაპას წყალობით ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით - პაპასი, რომელიც თავის დროზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის არმიის არტილერიის შტაბსკაპიტანი გახლდათ. ისინი ქართლელები იყვნენ, ანუ იმ ენის მფლობელნი, რომელიც ქართულ ლიტერატურულ ენას დაედო საფუძვლად. რა თქმა უნდა, ამაში თავისი როლი სკოლამაც შეასრულა.

იმ დროს მასწავლებლები, ძირითადად, ქართველ ინტელიგენტთა ოჯახებიდან გამოსული პიროვნებები იყვნენ, უზადო ქართულს ფლობდნენ და ჩვენც ასეთსავე ენას გვასწავლიდნენ. ყოველივე ამის გარდა, ჭირვეული, ძნელი ბავშვი ვიყავი. საფიქრებელია, ოჯახს თავი მოვაბეზრე და „გამაბარეს“, ანუ აღსაზრდელად მიმცეს სორბონადამთავრებულ ქალბატონ მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანის ოჯახში. ამ უბრძენესმა ქალბატონმა პირდაპირ ამავსო ჩემი ასაკისთვის ერთობ დიდი და მრავალმხრივი ცოდნით. სკოლაში შვიდი წლისა მიმიყვანეს, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს და უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს გულწრფელად უკვირდათ ჩემი „განათლებისა“ და ინფორმაციულობის დიაპაზონი.
ჩემი მეორე ენა რუსული იყო; ეს ოჯახშივე და შემდეგ გარემოცვისგან ვისწავლე. ზნეობრივ აღზრდაზე აღარაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ამას საფუძველი ოჯახში ჩაეყარა, ხოლო ზედნაშენი, ანუ შემდგომი განვითარება ცხოვრებამ მომიტანა.
ჩვიდმეტისამ დავამთავრე „ამიერკავკასიის კავშერგაბმულობის ტექნიკუმი“ გადამცემი რადიოსადგურების განხრით და აქვე მომენიჭა „პირველი რიგის თადარიგის მესამე რანგის სამხედრო ტექნიკოსის“ წოდება. საინტერესო დამთხვევა: 1941 წლის 22 ივნისს კალათბურთის მოედანზე მომნახა მეზობლის ბიჭუნამ, სამხედრო კომისარიატის უწყება გადმომცა.

ვითამაშე ბოლომდე. 23-ში ჯარში ვიყავი. ბანაკშიც ასე მოხდა. ვთამაშობდი კალათბურთს, „ვიზივალშიკმა“ დაიძახა: „ამირეჯიბი ნა სვობოდუ“-ო ვითამაშე ბოლომდე, გამოვენშვიდობე ყველას და გავედი ზონიდან.
სამხედრო სამსახური დავიწყე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში კავშირგაბმულობის 203-ე ცალკე ასეულში უფროს რადისტ-ტელეგრაფისტად. რამოდენიმე თვის შემდეგ გადამიყვანეს 26-ე ავიოდივიზიის რადიოსადგურის უფროსად ქ. გროზნოს აეროდრომზე, საიდანაც „კუკუ ამომკრეს“, როგორც რეპრესირებული მშობლების შვილს და უცხოეთში ემიგრირებულთა ნათესავს. ყოველივე ეს დამალული მქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, მენახა ომი.
შემდგომი ბედის გადასაწყვეტად მომავლინეს ჩრდ.

კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. იქ შემთხვევით შემხვდა ნათესავი კაცი, ამ სამხედრო ოლქის საფინანსო სამმართველოს უფროსი, რომლის წყალობით აღმოვჩნდი საინტენდანტო სამსახურში, კერძოდ - ტრანსპორტში. იმხანად სპარსეთის ყურედან ირანისა და ამიერკავკასიის გავლით მოკავშირეთა სამხედრო დახმარება ავტოკოლონებით მოედინებოდა. აქ ყველაფერი იყო, ავტომანქანებით დაწყებული, ყოველგვარი შეიარაღება, ამუნიცია და დამთავრებული 1903 წ. მოსავლის „უხარშავი“ თეთრი ლობიოთი. ერთ-ერთი ასეთი კოლონის უფროსის მოადგილედ გახლდით უფროსი ლეიტენანტის ჩინით, მაგრამ აქაც რამოდენიმე თვეში მომაგნო ყოვლისშემძლე „ასობნიაკმა“ და მეორედ, ამჯერად, საბოლოოდ გამომისტუმრეს რუსებმა თავისი არმიიდან. როგორც „არასწორად გაწვეული“.

- საიდან და როგორ დაიწყო შენი „უკუღმართი“ ცხოვრება?
- სწორედ აქედან და, აი, როგორ: დავბრუნდი, აღმადგინეს თბილისის სახ.

უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ომის დრო იყო. საღად მოაზროვნე, მამულიშვილურად განწყობილი სტუდენტობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ, რა საშუალებებითა და ხერხებით დასძრომოდა საქართველო რუსეთის იმპერიის კლანჭებს. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და ერთ-ერთ ასეთში, კერძოდ, „თეთრ გიორგიში“, მეც ამოვყავი თავი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ამისთვის დაბადებული ახალგაზრდა კაცი - მხნე, განათლებული, „უშიში, ვითა უხორცო“ და თავდადებული მებრძოლი მუსტაფა შელია. ორგანიზაციის მიზანს შეადგენდა შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია. ახალგაზრდები, გამოუცდელი, მხოლოდღა თავისუფლების წყურვილით აღჭურვილი მამულიშვილები ვიყავით და, ცხადია, ჩვენი მიზანსწრაფვა კრახით დასრულდა.

1944 წლის აპრილში უშიშროების ჯარების „ტროიკამ“ ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯა მე, ხოლო დანარჩენი ცხრამეტი მონაწილიდან სამს დახვრეტა და სხვებს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა ხვდა წილად. აქვე გახდა ცნობილი ჩვენთვის, რომ მუსტაფა შელია ჩეკისტებმა აყვანის ცდისას გამოასალმეს წუთისოფელს. ნათელში ამყოფოს მისი ამაყი, დაუმორჩილებელი სული მაღალმა ღმერთმა.

- როგორ განვითარდა შენი შემდგომი ცხოვრება?
- ოცდახუთი წლის პატიმრობას რა უშავდა. ამ ვადის მოხდის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ხუთი წლით სამოქალაქო უფლებების აყრაც გაითვალისწინა ზემოხსენებულმა რტიბუნალმა. ეს კი ნიშნავდა, რომ ვეღარ მივიღებდი „ჩვენი მშობლიური უმაღლესი საბჭოს“ არჩევნებში მონაწილეობას. ამდენის ატანა შეუძლებლად მივიჩნიე და ხელი „მარბენლობას“ მივყავი. სხვადასხვანაირი რამოდენიმე გაქცევა დამიგროვდა, მაგრამ „Tempora mutantur, et nos mutantur in ills” და მოვიდა დრო, როცა მეც გამოვიცვალე, მოვეშვი გაქცევებს, რეაბილიტაციას დავუწყე ლოდინი.

ეს დღეც მოვიდა. დავუტოვე „ნაჩალნიკს“ სხვადასხვა განაჩენებით მოსჯილი ორი დახვრეტა, ოთხმოცდასამი წლის მოუხდელი პატიმრობა და დავბრუნდი სამშობლოში წყეული წარწერით მსჯავრდებულის ფორმულარზე მსხვილად, წითელი ფანქრით - „Беглец склонен к бегству“. იმ დრომ დამოტოვა დახვრეტილი მამა, ათწელიწადმოხდილი მოხუცი დედა, უმცროსი და - ნათია, უფროსი და - როდამი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, იყო ჩინებული ადამიანის, დიდი პოეტის, მიხეილ სვეტლოვის მეუღლე. მისი გარდაცვალების შემდეგ, ორი თუ სამი წლის შემდეგ - მეუღლე არანაკლებ ჩინებული ადამიანისა და დიდი ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოსი. ამის გარდაცვალების შემდეგ როდამი გადმოსახლდა თბილისში და აღესრულა აქვე 1995 წელს. სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში. როდამმა არჩინა დედაჩვენი ათი წლის პატიმრობის მანძილზე და თქვენი მორჩილი მონაც, როცა მეჯდომებოდა.

ვგულისხმობ ჯდომას გაქცევების დროის გამოკლებით. ძირითადად, როდამმავე არჩინა ჩვენი უმცროსი და ნათია, რომელიც დეიდა-მამიდებთან იზრდებოდა.
მყავდა ექვსი შვილი, მართალია, სხვადასხვა მეუღლეებისაგან, რაც ჩემი მარბენლობით აიხსნება, მაგრამ ღმერთმა ინება და, აგერ, უკვე ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე მყავს გასაოცარი მეუღლე, პოეტი თამარ გრიგოლის ასული ჯავახიშვილი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ შორის არამცთუ რაიმე ექსცესს, სერიოზულ შელაპარაკებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ვცხოვრობთ მშვიდად და ბედნიერად. რამდენადაც ეს ჩვენს „აწეწილ“ დრიშია შესაძლებელი. შვილებს დავუბრუნდეთ. უფროსი - მანანა, პირველი გაქცევის შვილი, მამის კვალს გაჰყვა, სწერს მოთხრობებს, ქვეყნდება, მკითხველს მოსწონს.

მეორე - ლეილა, ეს პაპის კვალს გაჰყვა, იურისტია, დიპლომატი, საქართველოს საელჩოში მსახურობს მოსკოვში. ამათ შემდეგ - ოთხი ვაჟი, ოთხივე გათავისუფლების შემდეგ მეყოლნენ. უფროსი - ირაკლი, რუსების არმიაში სამსახურის შემდეგ მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა და წაიღო ჩემი ურყევი ჯანმრთელობა - სამი ინსულტი! ირაკლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. დანარჩენმა სამმაც მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ღმერთმა დამინდო, სამივე გადარჩა. ირაკლის მომდევნო - ლაშა -მოქანდაკეა, ქუცნა - კინორეჟისორ - ოპერატორია, შალვა ბიოფიზიკოსი. შვილიშვილები - უკვე შვიდი, შვიდივე გოგო.

ბადიშები - სამი.

- როდის დაიწყე ლიტერატურული მოღვაწეობა?
- რვა წლისამ ლექსი დავწერე „კავკასიონის“ ლიტერატურულმა დამატებამ, „არილმა“, ჩემთან ინტერვიუს წაუმძღვარა ეს (თუ შეიძლება, ასე ითქვას) ლექსი, ღმერთმა იცის, საიდან ამოქექილი. ბავშვობასა და ყრმობაში ვწერდი ლექსებსა და მოთხრობებს, მაგრამ ოციდან-ორმოცამდე ბანაკებში დაწერილიდან ცოტა რამღა გადარჩა, დაწერილის ადგილის სპეციფიკის გამო: ვწერდი - მართმევდნენ. სერიოზული ლიტერატურული მუშაობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე. მიღებული მაქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1979), საქართველოს რუსთაველის პრემია (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998); მაქვს, აგრეთვე, სხვადასხვა უცხოური ჯილდოები, პრემიები, პრიზები და სხვა. ჩემი ნამუშევრები გამოქვეყნებულია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე. ვარ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ღირსებისა“ და, ჩემი ირაკლივით, „ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის“ ორდენის კავალერი.
მოვრჩი ტრაბახს. ახლა:

- რით ვარ დაინტერესებული, რაზე მსურს, ვილაპარაკო? რა არის ადამიანი, როგორ ცხოვრობს მზისა ქვეშე, როგორ და როდის მიდის უმჯობეს სამყაროში?
- ყრმობიდანვე, და, რა თქმა უნდა, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, სწორედ ამ კითხვას ჩავაცივდი, უკეთ ვთქვათ, ზემოხსენებულმა დეიდა მელაშამ გაამახვილა ჩემი ყურადღება ამ თავსატეხზე.

ბოლოს და ბოლოს, თითქოს ვიპოვე პასუხი აქედან გამომდინარე სხვა კითხვებზედაც, მაგრამ პირველსავე სიტყვაზე მოვიდეთ: ადამიანში, სხვა ყველაფერს გარდა, ორი ძირითადი საწყისი ბუდობს - კითხვის დამსმელი და პასუხის გამცემი საწყისები. მართალია, პასუხი არცთუ ყველანაირ კითხვაზე მოიძებნება ხოლმე, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ადამიანი შეკითხვების გენერატორია, ხოლო მიგნებული პასუხები - პროგრესის ძრავი. ძველრომაული კანონმდებლობითა და სამართლით, თუ არ ვცდები, დაბადებული არსებაადამიანად პირველი წამოყვირებისავე შემდეგ ითვლებოდა „იურიდიულ პირად“, რომელსაც უკვე სიცოცხლის, სიყვარულის, მემკვიდრეობისა და სხვა სამოქალაქო უფლებები ენიჭებოდა. ჩემთვის ადამიანი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მაშინვე ითვლება, როცა იგი პირველად მოუბაგუნებს დედას, ანუ სიცოცხლის ნიშანს დააფიქსირებს. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ჩანასახზე ძალადობის ცოდვად აღიარება ამ ვითარებიდანაც მოდის. ადამიანის სიკვდილი სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზებით მოდის. მაგალითად, დგება დრო, როცა ადამიანს დიდი ხნის სიცოცხლით დაგროვებული გამოცდილების გამო, აღარაფერი უკვირს, აღარაფერი აინტერესებს, აღარ ებადება კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი, რადგან ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, ყოველივე განვლილია და ახალი აღარაფერი შეიძლება იყოს.

ამგვარი ინდიფერენტული მდგომარეობა ფიზიკური აღსასრულის დასაწყისია, ვინაიდან ორგანიზმი ცხოველმოქმედების სტიმულს კარგავს. ამას საკუთარი მრავალწლოვანი გამოცდილებით ვამბობ. ჩემი აზრით, ადამიანის სიცოცხლე მთავრდება ფიზიკურ სიკვდილამდე, როცა იგი პათოლოგიით გამოწვეულ მეხსიერებას კარგავს. ეს უკვე არსებობაა და არა სიცოცხლე.

მეხსიერების დაკარგვა გონების ატროფიას, ანუ ადამიანის დასასრულს ნიშნავს. სიკვდილის მთავარი მიზეზი კი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ვითარებაში მდგომარეობს: ყოველი ადამიანი გარკვეული დანიშნულებითურთ - მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ფუნქციითურთ იბადება და მიდის მაშინ, როდესაც თავის ფუნქციას ამოწურავს. ჰეგელს თავის „სულის ფოლოსოფიაში“ თითქოს გაკვრითა და უცაბედად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანი, როცა იგი თავის დანიშნულებას ამოწურავს, ამ ქვეყნიდან მიდის მიუხედავად ასაკისა და აღსრულებათა მასშტაბისა.

მართალია, ჰეგელს მხედველობაში ჰყავს მსოფლიო - ისტორიული პიროვნებები - ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელი და ნაპოლეონ ბონაპარტი, მაგრამ არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს იმ უკბდავთა თუ მოკვდავთა სიის შედგენა, ვისზედაც ჰეგელის ზემოხსენებული თეზა სავსებით ვრცელდება. აგერ, ლენინი, რომლის ფუნქცია, როგორც ჩანს, ოქტომბრის გადატრიალების ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ომში გამარჯვება, ინტერვენტთა განდევნა და ახალი იმპერიის საფუძვლების ჩაყრა იყო. აღასრულა და წავიდა! სტალინი - ტოტალიტარული სახელმწიფოს აშენება, ფაშიზმის დამარცხება, რუსეთის იმპერიის დიდი ბირთვული პოტენციალით აღჭურვა. აღასრულა და წავიდა! ორივე კანონზომიერად დაიხოცა. ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება უბრალი მოკვდავთა ხარჯზე, მხოლოდ ტვინის განძრევაა საჭირო (საინტერესოა, ამოწურა თუ არა თავისი ფუნქცია ჭაბუა ამირეჯიბმა? ღირს ამაზე ფიქრი…).
აი, უბრალო მოკვდავის მაგალითიც. ჩემი ბავშვობის ერთმა მეგობარმა იმთავითვე გასტრონომის დირექტორობა დაისახა მიზნად, მაგრამ სტუდენტობაშივე „გულაგის“ ბანაკებში მოხვდა. მოიხადა თხუთმეტწლიანი პატიმრობა-გადასახლება, დაბრუნდა.

პატიოსნად, უპროტექციოდ ჩააბარა ეკონომიკის ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები, ასევე პატიოსნად დაამთავრა იგი. მოეწყო გასტრონომის დირექტორად! შეირთო ცოლი, ეყოლა ბავშვი, ცოლ-ქმარმა გააერთიანა თავისი ბინები, ასე თუ ისე რიგიანი ავეჯი შეიძინეს; იცოცხლა, სანამ შვილმა უმაღლესი დაამთავრა და… გარდაიცვალა. იმიტომ, რომ აღასრულა დაბადებითვე მინიჭებული ფუნქცია. მკითხველი დამეთანხმება, ასეთი მაგალითები მილიონობით არის. რაკი საუბარია ადამიანზე, მის წასვლაზე მზისქვეშეთიდან, თავისთავად დგება უკვდავების საკითხიც. რამდენი ხნით რჩება ადამიანი სვხათა მეხსიერებაში? ოჯახის წევრები, ვთქვათ, რამდენიმე თაობის მეხსიერებაში რჩებიან; ასე თუ ისე მნიშვნელოვან საქმეთა აღმსრულებელნი - უფრო დიდხანს, იმის თანახმად, თუ საზოგადოებრივ-ისტორიული თვალსაზრისით რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათ მიერ აღსრულებული საქმენი.

- მგონია, ადამიანის სიკვდილის გამო მოსაზრებებს იმპერიების ცხოველმოქმედებაზედაც ავრცელებ.
- დიახ, ჰეგელის თეზა უნივერსალურად მიმაჩნია. ცნობილია, იმპერიებს აარსებს ერთი რომელიმე ერი, ხალხი, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით.

დროთა ვითარებაში ეს წარმონაქმნი „ჩაგრულ და მჩაგვრელთა“ მრავალეროვან სახელმწიფოდ ყალიბდება. როცა წინააღმდეგობები კულმინაციას აღწევს, იწყება თანდათანობითი რღვევა და, ზოგ შემთხვევაში, კატაკლიზმური ნგრევაც. ეგ არის, უნდა გამოვაპირობოთ მთავარი: კაცობტიობის ისტორიაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაც, აქვე აღვნიშნოთ, წესს ადასტურებს, არ ყოფილა იმპერია, ხუთ-ექვს__საუკუნეზე მეტხანს რომ ეარსებოს. ამაზე მე ჯერ კიდევ ჩემ რომან „დათა თუთაშხიაში“ დავწერე. დავიწყოთ იმით, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა სახელმწიფო, რომელშიც მთელი ხალხი კმაყოფილი ყოფილიყო თავისი წყობილებითა და მთავრობით. მეტიც, ხალხები მზად არიან, დაამხონ თავისი მთავრობა ნებისმიერ, ცოტა თუ ბევრად, ამისთვის ხელსაყრელი ვითარებისას… ეს ისე, განზოგადების სახით.
საფიქრებელია, იმპერიათა ნგრევის უპირველესი პირობა „ბაბილობის გოდოლის ფაქტორია“. იმპერიაში შემავალი ხალხები ერთობლივი ძალისხმევით აგებენ მნიშვნელოვან ეკონომიკას, ინტელექტუალურ და ფასეულობებს ქმნიან, მაგრამ განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი კარგავენ „ერთმანეთის ენის“ გაგების უნარს, ანუ მათი სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები მძაფრ წინააღმდეგობაში მოდიან და ყველაფერი ერთად თავს ეცემა დამაარსებელ ერს, ანუ იმპერიულ წყობილებას.

ჩვეულევრივად მრავალეროვანი სახელმწიფოს დედაქალაქი, დიდი დასახლებები და, გარკვეულწილად, ცალკეული რეგიონებიც, დასახლებული არის შერეული სისხლის მასებით,რაც იმპერიულ ერთან ხანგრძლივი თანაარსებობის შედეგია. მოსახლეობის ეს ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია იმპერიული პატრიოტიზმის გრძნობას და გადამწყვეტ ვითარებაში იმპერიის მოწინააღმდეგედ ან, უმჯობეს შემთხვევაში, ინდიფერენტულ ფაქტორად გვევლინება.
მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობებისა, იმპერია მაინც დგას, სანამ მპყრობელ ერს სამხედრო უძლეველობის, დაუმარცხებლობის რწმენა გააჩნია, რაც პირველი სერიოზული დამარცხებისთანავე სუსტდება და სრულიად ქარწყლდება რამოდენიმე სამხედრო მარცხის შედეგად. ესეც ძირითადად, „ბაბილონის გოდოლის“ კომპლექსით არის ხოლმე გამოწვეული. უძლეველობის რწმენის დაკარგვას მოსდევს იმპერიული ამბიცია, სამხედრო ავანტიურებით აღადგინოს ველიკოდერჟავნული სული ადამიანებში, ხალხებში და ეს თითქმის ყოველთვის კიდევ მარცხით მთავრდება, რადგან, როგორც წესი, მუშტი კრივზე სუსტი იწევს და არა ძლიერი. აქ მართებულია, აღინიშნოს, თუ როგორ მოინადირებიან იმპერიები, როგორ და, რაზედაც მაიმუნის მონადირების ცნობილი ხერხია დაფუძნებული: ქოქოსში კეთდება მცირე რამ ნახვრეტი, შიგ ჩაიდება გაფხეკილი სურნელოვანი სტაფილოს ნაჭერი. სურნელებით მიტყუებული მაიმუნი ხელს ჰყოფს ნახვრეტში, ჩაბღუჯავს სტაფილოს ნაჭერს, მაგრამ ძლივსძლივობით ჩატეული ხელი, მუშტად შეკრული, ზემოთ ვეღარ ამიდის. ქოქოსი მკვიდრად არის დაბმული, მაიმუნს მუშტის გაშლა აზრადაც არ მოსდის - მოიპოვა! ამის შემდეგ მონადირეს აუღელვებლად მიჰყავს მაიმუნი.

„ჩაჭიდების რეფლექსმა“ იმუშავა!
მოვიყვანე ჩენთვის ცნობილი და მოფიქრებული მიზეზები იმპერიათა რღვევისა, რის ვადაც ხუთი-ექვსი საუკუნე დავასახელეთ. ახლა გამონაკლისებისაც ვთქვათ. რაც იქვე წესის დადასტურებადაც ვაღიარებთ., მაგრამ აღვნიშნოთ ამ გამონაკლისთა მიზეზებიც ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიების მაგალითზე. ბიზანტიის იმპერიამ ათას წელზე გაცილებით მეტი ხნის მანძილზე იარსება და არა, ვთქვათ, ხუთასი თუ ექვსასი წლის ფარგლებში, როგორც მისმა ანალოგებმა.
ვფიქრობ, ეს იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ბიზანტია იდეოლოგიის, კერძოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების ემისიონერი იყო, ანუ თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზაციას ახდენდა, მაგრამ კონსტანტინეპოლის დაცემამდეც კი მისი ხსენებული ფუნქცია რუსეთს ჰქონდა მითვისებული ჩრდილოეთში და წინა აღმოსავლეთში - საქართველოს.

ბიზანტიის იმპერია კატაკლიტურად არ დაღუპულა, როგორც ამას ავტორთა უმრავლესობა ქადაგებს, არამედ სიბერით მოკვდა, სულიერი ფუნქციის დაკარგვის გამო მიიცვალა. რუსეთის შემთხვევაში საქმე რამდენადმე განსხვავებულია. ლენინმა, ეჭვს გარეშეა, იცოდა რუსეთის იმპერიის კანონზომიერი დაშლის აუცილებლობა.

მან იცოდა ისიც, რომ რღვევისა და დანაწევრების პროცესის გადავადება, ახალი იმპერიის მხოლოდ რომელიმე ახალი იდეოლიგიით დატვირთვით, მისთვის ემისიონერის ფუნქციის მინიჭებით იყო შესაძლებელი და აკი ჩაუდო კიდევაც ჯიბეში რუსებს და არარუსებს „მარქსისტურ-ლენინური“ იდეოლოგია, საწერ მაგიდაზე შეთხზული მოძღვრება. ამ იდეოლოგიას ამთავითვე ეტყობოდა, რომ ფუჭი იყო და მისმა ავტორმა აკი დაიზღვია კიდევაც თავი ამით, რომ ვითომდა სხვათაშირის სთქვა, - თუ კომუნისტურ საზოგადოებას ვერ შევქმნით, ამოსავალ პოზიციაზე, ანუ კაპიტალიზმზე დაბრუნებაში ხომ ხელს ვერაფერი შეგვიშლისო? სახელდობრ, ამას საქმობენ დღევანდელი რუსეთის იმპერიის მამები და სრულიად ეგულვებელჰყოფენ იმ გარემოებას, რომ ქოქოსის კაკალში აქვთ შეკრული მუშტი. რუსეთის იმპერიის ფინალი ისეთივე იქნება, როგორიც სხვა იმპერიებისა იყო. მგონია, თითქმის დარწმუნებული ვარ, ფინალს გღევანდელი ახალი ჩაობა მოესწრება.

- რაზე ოცნებობ, როგორი აზრის ხარ საქართვალოს სინამდვილესა და მომავალზე?
- ოცნებას დიდი ხანია, თავი მივანებე. მწარე რეალისტი, მეტიც, თითქმის პრაგმატისტი გახლავართ. რაც მოქმედებას შეეხება, შესაძლებლობებისამებრ ვმუშაობ სამშობლოსთვის და, რაზომც ხე და გონმეწიფება, ვცდილობ კიდეც ხელი შევაშველო საქართველოს გასაჭირიდან თავის დაღწევის საქმეს, ჩვენი ტერიტორიული და ზნეობრივ-ეთიკური მთლიანიბის აღდგენას. ჩვენს სრულიად საქართველოს საზოგადოებაში ადამიანი არამარტო შეკითხვათა გენერატორია, არამედ აზრთა წინააქმდეგობრივი სხვადასხვაობისაც.

რასაც ადვილად შეუძლია, ქაოსის მდგომარეობაში ამოაყოფინოს თავი საზოგადოებას. აი, მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის, გუბერნატორებისა და ქალაქთა მერების არჩევითობის პრობლემა. როგორი შეფასება მოვცეთ მათ პოზიციას, ვისაც ვინც არჩევითობის აუცილებლობას ქადაგებს? ნუთუ არ ესმით, რა მოჰყვება ამას! ცნობილია, საქართველოს ტერიტორია მნიშვნელობანწილად რამოდენიმე არაქარტველი ხალხით არის დასახლებული, ძირითადად სხვა ქვეყნებთან მომიჯნავე რაიონებში. ასეთი რეგიონების გუბერნატორების არჩევითობა გარდუვალად მიგვიყვანს იქამდე, აირჩევა იქაური მოსახლეობის წარმომადგენელი. სულ მალე გამოჩნდება შავი ძალა, რომელიც წააქეზებს გუბერნატორს და მის ეთნოსს სეპარატიზმისკენ, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებითურთ. ოპოზიციას თავი ისე უჭირავს, ვითომ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია, არ ესმოდეთ, თუ როგორი შედეგები მოჰყვება პრობლემის ასეთ გადაწყვეტას. რა დავარქვათ ყოველივე ამას, მკითხველმა თქვას.

აქ სხვა არაფერია, თუ არ ბრძოლა შევარდნაძის წინააღმდეგ, ქაოსის გამოწვევის ხერხით მისი თავიდან მოშორების წყურვილი.
რისთვის ვცდილობ კიდევ? ეკონომიკა საღ ფეხზე უნდა წამოიმართოს, რათა მოსახლეობა სამუშაო ადგილებით უზრუნველჰყოს. ეს კი საარსები მინიმუმით უზრუნველყოფას ნიშნავს. ამაში გადამწყვეტი როლი შეიძლება, შეასრულოს, არამარტო, ნავთობსადენმა და ტერმინალმა, არამედ, უმთავრესად ნავთობისა და აირის მოპოვების პრობლემამ, რაც, თავის მხრივ, ნორმალური ენერგეტიკული ბაზის შექმნას უზრუნველყოფს. ვცდილობ ხელი შევაშველო სამას ათასზე მეტი ადგილგადანაცვლებული პირის სამშობლო ადგილებში დაბრუნების პრობლემას. ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავის სახლ-კარს, მიწასა და ქონებას, რომელსაც ჯერ კიდევ წინაპრებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს ყველაზე მძიმე პრობლემაა. დღევანდელი თბილისი მაგონებს პერიოდს, როცა სოფლიდან გამოქცეული მოსახლეობა დედაქალაქს მოაწყდა და ძირფესვიანად შეცვალა თბილისის სახე.

მჯერა, უალტერნატივო პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ეყოფა გამოცდილება, უნარი, ნებისყოფა და ტალანტი, რომ ბოლომდე მიიყვანოს ახალი, დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობა. მთავარია, საყრდენმა არ უღალატოს. ხალხმაც უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე, ერთსულოვნება და გონიერება. თუ ეს მოხდა, გამარჯვება გარანტირებულია.

- რა აზრის ხარ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?
- ამ საკითხს მე საკმარისად შევეხე ავტოინტერვიუს იმ ნაწილში, სადაც იმპერიებზე ვსაუბრობდი. დავსძენ მხოლოდ, რომ დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობა ყველა ხერხით ცდილობს, აღადგინოს იმპერია თავისი ძველი პარამეტრებით და, რა თქმა უნდა, ვერ ურიგდება იმპერიის საბოლოო ლიკვიდაციის პერსპექტივას. საქართველოს მოსადრეკად რას აღარ კისრულობენ. დაწყებული სომხების კბილებამდე შეიარაღებით, რო შიში ჰქონდეს რუსეთის მიერ წაქეზებული მეზობლისა, და სავიზო რეჟიმის შემოღებითა თუ აირის მიწოდების შეწყვეტით დამთავრებული.

ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საკუთარ კრიჭად იყენებს და ყველა ჩვენთვის სასარგებლო რეზოლუციის წინააღმდეგ ილაშქრებს. აღარას ვიტყვი აფხაზეთის მიმართ დაუოკებელ მადიანობაზე. ერთადერთი ჩვენი სასოება ის არის, რომ რუსეთს მუშტი ქოქოსის კაკალში აქვს, მაგრამ ამის შემდეგ რამდენი დრო დასჭირდება, ღმერთმა იცის!

- და ბოლოს, როგორ მოიქცეოდი, სიცოცხლის თავიდან გამოვლა რომ დაგჭირვებოდა.
- 1944 წლის 10 აპრილს ტროიკის თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა:

- რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო.

არ დავფიქრებულვარ, მივუგე:

- როგორც აქამდე მოვიქეცი. ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო.

ეგ არი. ეს „უკეთესი“ როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს. დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს.

მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა__არიან „ყარამანები“. პატივისმცემლები მუდამ მყავდა, ახლაც მყავს და დარწმუნებული ვარ, სიკვდილის შემდეგაც მეყოლება. გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და მყავს ერთგული მეგობრები.

დავწერე და ვწერ რაც შევძელი. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება, ახალს არაფერს ვიზამ - ვცხოვრობ, როგორც ვიცხოვრე.

- სულ ბოლოს, შენი შემოქმედებითი ლაბორატორიის გამო რას იტყვი?
- ვწერ ნელა და ძნელად, მაგრამ სადა, ადვილი ენით, შესაძლებლობისდა მიხედვით - გასაგებად რთულსა და ხელუხლებელ თემებხე.

ვიწყებ წერას მხოლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლიანად დავინახავ, და იმ ნაწყვეტით, რომელიც იმ მომენტში მეხასიათება. გადავდებ და წავიკითხავ მხოლოდ ორიოდ კვირის შემდეგ. ან „ჭკუაზე მოვიყვან“, ან კალათაში ჩავყრი. გამოვტყდები, უარყოფა იშვიათად ხდება. ხელნაწერს არავის ვუმალავ. ყოველთვის მაინტერესებს სხვათა აზრი, ამა თუ იმ მცირე ნაჭრის გამოც კი. როგორც ვთქვი, განწყობილების მიხედვით ვწერ წიგნის ნაწილებს.

ეს შესაძლოა, ფინალიც იყოს. როცა ეს ნაწყვეტები დაწერილია, აი, მაშინ იწყება ყველაზე რთული სამუშაო - კომპოზიცია, ანუ ამ ნაჭრების ერთ წიგნად შეკვრა, მუშაობა მასალის სწორ განლაგებაზე, ერთობლიობად ქცევა.

მოვრჩი ჩემს ავტოინტერვიუს!.

0

ავტორი: