ადვოკატი: პატიმრის გარდაცვალებაში, ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის ადვოკატი: პატიმრის გარდაცვალებაში, ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის />


  16:52:26     27-09-2013

ადვოკატი: პატიმრის გარდაცვალებაში, ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს გარდაცვლილი პატიმარის, დენის ყვარელაშვილის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფზე ახალი ხელისუფლების პირობებშიც ძალადობდნენ.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით,  პატიმრის გარდაცვალებაში ბრალი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიუძღვის, რადგან ყვარელაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდებოდა.

"დღეს, დილით, პატიმარი გადაყვანილი იქნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა. ეს ადამიანი მძიმე ავადმყოფი იყო. დენის ყვარელაშვილი არაერთხელ გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არა მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების, არამედ ახალი ხელისუფლების დროსაც. ამაზე ახალმა ხელისუფლებამ არანაირი ზომები არ მიიღო. ევროპულ სასამართლოში დასრულებულია მისი საქმის განხილვა და ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს მთავრობას, რომ ამ ადამიანს ჩატარებოდა ადეკვატური მკურნალობა. მას არცერთხელ არ ჩატარებია მკურნალობა. ახალ ხელისუფლებას მორიგებაც კი შევთავაზეთ, მაგრამ ამაზე არ წამოვიდა. არც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაუვადეს სასჯელი, არც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, არც მედიკამენტებს აძლევდნენ და მის გაჭირვებულ ოჯახს უხდებოდა მედიკამენტების მიწოდება. მე ბრალს ვდებ ახალ ხელისუფლებას ამ ადამიანის მიზანმიმართულ სიკვდილში", - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადვოკატი ირწმუნება, რომ პატიმარზე  ზეწოლას  მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ახდენდა და ამის მტკიცებულებაც არსებობს.

ადვოკატის ინფორმაციით, ყვარელაშვილი  C ჰეპატიტითა და ღვიძლის ფიბროზით იყო დაავადებული.

„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას სუბარის უწყებაში შეეცადა. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განაცხადეს, პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.

0

ავტორი: