საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება />


  19:13:20     27-12-2012

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის შესახებ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის გარკვეულ ნაწილს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: ‘’საქართველოს პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა ამნისტიის შესახებ კანონი. როგორც წესი ამნისტია ცხადდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ აცხადებ, რომ კრიმინალი გაიზარდა და საშიშ დამნაშავეთა დიდ ნაწილს უშვებ ციხიდან ეს ნიშნავს, რომ დიდი პრობლემა გაქვ. კანონში ასევე საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე, არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. ბელორუსიაში 5 ადამიანია მიჩნეული პოლიტპატიმრად, ჩრდილოეთ კორეაში - 8, საქართველოს პარლამენტმა კი გამოაცხადა, რომ 200 პოლიტიკური პატიმარი გვყავს. ამით ვაცხადებთ, რომ არასერიოზული ქვეყანა ვართ.

პრეზიდენტმა პოლიტპატიმარ გერგიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიცემული ე.წ ნაკოლით ფოთში უამრავი ადამიანი დაიღუპა.

„ენვერში მონაწილე ეს კაცი ციხიდან გამოდის, იყო ერთი მკვლევარი მაისაია, რომელიც 2008 წელს ჩვენი ოპერატიული მორიგის გვერდით იჯდა თავდაცვაში და გადასცემდა რუსეთს ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს. თავდაცვაში ორი კაცი იყო დარჩენილი - ოპერატიული მორიგე და ეს მაისაია. ახლა მაისაია გადის გარეთ, როგორც პოლიტიკური პატიმარი - სახელმწიფო გადამტრიალებელი.’’

პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მუხროვანის ამბოხიც გაიხსენა.

‘’დილას გავიღვიძე და მითხრეს, რომ მუხროვანის ნაწილი აჯანყებული იყო. მივედი და გიგი კალანდაძის კაბინეტიდან დავრეკე, მათ მითხრეს, რომ სურდათ პრეზიდენტის გადადგომა, ახალი არჩევნები და ყველა პატიმრის გაშვება ციხიდან. სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი მეუბნება, რომ გაფიცულია თურმე... როცა დააპატიმრეს, ოთანაძემ იცით რა გვითხრა? რომ არ უნდოდა ჩვენი შეწყალება. რუსები შემოვლენ პირდაპირ, ან მოვა მთავრობა, რომელიც გამათავისუფლებსო, თქვა მან. ოთანაძეს რამხელა წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია... მინდა ყველას ვუთხრა, რომ იმედი მაქვს ამათ მხოლოდ ჩემს ჯინზე უშვებენ და არა ვიღაცის დაკვეთით, იმიტომ, რომ თუ რუსეთის აგენტებს უშვებ, ეს ან ჩემს ჯინზე კეთდება და გავიგებ, ან პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა“,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ კანონპროექტის ამ ნაწილს ის ვეტოს დაადებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საახალწლო განწყობა არის, თუმცა, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რაც  შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის პრივატიზაციის ყველა პროექტს გადახედავს. ის შეაჩერებს ყველა დიდი ჰესის მშენებლობას. მთავრობამ რამდენიმე განცხადება გააკეთა ყარსი-ახალქალაქის სტრატეგიული რკინიგზის პროექტზე. ეს არის განცხადებები, რომლის უკან ძალიან კონკრეტული მოქმედებები დგას. განცხადების გაკეთება საკმარისია ეკონომიკაში, რომ გამოასხივო არასტაბილურობა და დიდი გაურკვევლობა, გამოასხივო ქაოსი. როცა შენ ამბობ, რომ გადახედავ ყველა დიდ პროექტს, ეს არის 20 000 დასაქმებული მოქალაქე, გრძელვადიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ეს არის ის, რომ საქართველო აღასადროს იყოს ჩამოკიდებიული რუსეთზე. თუ შენ ამბობ, რომ ჰესები აღარ იქნება, აღარ იქნება თბოელექტროსადგურები, შენ ამით ძირს უთხრი ურთიერთობებს პარტნიორებთან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ იქნება. ეს არის მიამიტობა, თუ საოცარ ფენომენთან გვაქვს საქმე? მე ეს არ მიხარია, რადგან ათეულობით ათასი ადამიანი სამსახურს კარგავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც ის ბენზინის საფასურის 50% ჯიბეში იდებდა.

„მინდა ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეგონა, რომ გადასახადებს ვკრებდით თან ეკონომიკა 11-ჯერ გავზარდეთ, ეს ყველაფერი ავაშენეთ (თუ თვალები გაქვთ დაინახავთ) და თან ჯიბეში ვიდებდით ფულს? ეს ერთად როგორ ხდება, მათემატიკაც ხომ არსებობს? სად არის ის 50 %, რომელსაც სააკაშვილი ჯიბეში იდებდა? ამ ყველაფრის უკან არასტაბილურობის განცდა დგას. ამდენი წელია ვაშენებთ საქართველოს რეპუტაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის აზერბაიჯანში და იძახის, რომ მისი განცხადება ნაჩქარევი იყო“,- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ როცა პრემიერი მსგავს განცხადებას აკეთებს ის საქართველოს წარმოადგენს და მის რეპუტაციაზე უნდა იზრუნოს.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის წევრებს ‘’ტრამპ თაუერი’’ იმიტომ არ მოსწონთ რომ ის სააკაშვილმა ააშენა.

„როცა ტრამპი მოდის საქართველოში, მას 500 სხვა ბიზნესმენი მოჰყვება. ეს იყო ჩვენი მიღწევა, რომ დავარწმუნეთ ჩვენს სანდოობაში. რატომ არ უნდა გვქონდეს სამი წელი ეკონომიკის ზრდა, როცა ამ წელს  8 % იანი ზრდა უნდა გვქონოდა. 8-დან ნულზე როგორ ჩამოვდივარ ამიხსენით, თუ უროთი არ მიადექი ეკონომიკას და არ ანგრიე“,- დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

0

ავტორი: