00:23:19     27-11-2012
პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ამჯერად ქეთრინ ეშტონი საუბრობს
შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ კიდევ ერთი დასავლელი ლიდერი, ამჯერად ქეთრინ ეშტონი საუბრობს.
"ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ" - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე. "წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება უნდა აღიქმებოდეს როგორც გამჭვირვალე და მიუკერძოებელი" - დასძინა ეშტონმა.
ქეთრინ ეშტონის თქმით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო ისტორიული მოვლენა და ის მოხარულია, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ასე მალე მიეცა საშუალება საქართველოში ჩამოსულიყო. "საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა" - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი.
"ჩამოვედი იმისთვის, რომ მიმელოცა საქართველოს პრეზიდენტისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის. ეს შესანიშნავი მიღწევაა. შეხვედრაზე როგორც პრემიერს, ასევე პრეზიდენტს მოვუწოდე გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის კონსტრუქციული მართვისთვის. რომ იყოს დაცული დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თავისუფლება".