დარჩიაშვილი: ივნიშვილის გუნდში ისეთი ხალხია, ვისაც შევარდნაძის დრო ენატრება... დარჩიაშვილი: ივნიშვილის გუნდში ისეთი ხალხია, ვისაც შევარდნაძის დრო ენატრება... />


  13:44:56     08-09-2012

დარჩიაშვილი: ივნიშვილის გუნდში ისეთი ხალხია, ვისაც შევარდნაძის დრო ენატრება...

მმართველი გუნდის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს და ქვეყანაში ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, მათთვის წამყვანი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი იკლებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ რაც არ უნდა თქვას ბიძინა ივანიშვილმა ან მისმა რომელიმე კოლეგამ ე.წ. ლიბერალური ფრთიდან, რომ არასოდეს მათ ნატოს წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:

– NDI–მ პარტიული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მმართველი გუნდი ლიდერობს. კვლევის შედეგებით კმაყოფილი ხართ?

– ტენდეცია იგივეა. კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომლის რაოდენობაც არ კლებულობს და პირიქით, იზრდება. ქვეყანაში ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, მათთვის წამყვანი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია.  თუ მკითხავთ, რატომ? გეტყვით, რომ ეს პოლიტიკური ძალა ქვეყნის პროგრეს ემსახურება და ეს არის ძალა, რომელსაც ესმის თანამედროვე საქართველოსთვის საჭირო რა არის და იმას აკეთებს. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ალტერნატიული ძალა შეცდომების გამოსწორების სტრატეგიას გვთავაზობდეს, ისინი იმას ემსახურებიან რომ ქვეყანა უკან დაბრუნდეს.

– როგორ ფიქრობთ, „ქარული ოცნების“ პარტიული რეიტინგის კლება რითი არის განპირობებული?

–„ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება გამოწვეულია იმით, რომ რაც არ უნდა თქვას ბიძინა ივანიშვილმა ან მისმა რომელიმე კოლეგამ ე.წ. ლიბერალური ფრთიდან, რომ არასოდეს მათ ნატოს წინააღმდეგ არაფერი უთქვამთ, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს.

– ანუ, თვლით, რომ კოალიციის რეიტინგის კლებას რუსეთის ფაქტორი განაპირობებს?

– რა თქმა უნდა. ასევე იმ ფაქტორმაც, რომ ივანიშვილში ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, კერძოდ, მოქალაქეებს აინტერესებთ – სად იყო ის აქამდე? როდის მერე დაინტერესდა პოლიტიკით და რატომ? სად იშოვა მილიარდები? ამასწინათ, რუსულ საიტებზე ერთ–ერთი რუსი ბიზნესმენის შესახებ ინფორმცია იყო, რომ მას რაღაც კრიტიკული უთქვამს, შემდეგ, რუსეთში არსებული ბიზნესის გაყიდვა მოუნდომებია, მაგრამ  ვერაფერს აკეთებს, რადგან სპეცსამსახურებს ბიზნესწრეებისთვის აკრძალული აქვთ რომ მისგან რაიმე იყიდონ. მავანს და მავანს კი, ეს იოლად გამოსდის. ამასთან, კიდევ არის დაუნახაობა და პიროვნული ამბიციები. არიან ხალხი, რომელთაც შევარდნაძის პერიოდი ენატრებათ.

– ვის გულისხმობთ?

– პიროვნებეზე საუბარი არ მინდა, მაგრამ იმ სოციალურ ფენას ვგულისხმობ,  რომელიც შევარდნაძის დროს კარგად იყო. მათ ის პერიოდი ენატრებათ, ის დრო, როდესაც ქვეყანა ნაგავს მიჰქონდა, მაგრამ თვითონ ხომ ცხვირაწეული ვაკეში დადიოდნენ. აი, ეს მაგათ ეხებათ.  

– „ქართული ოცნება“ NDI–ის კვლევებს უნდობლობას უნდობლობას უცხადებს. ისინი თვლიან, რომ გაცილებით მეტი მხარდამჭერები ჰყავთ, ვიდრე პროცენტულ მაჩვენებელში ფიქსირდება. . .

– მათი დამოკიდებულება ერთადერთ რამეს აჩვენებს. ამ ჯგუფმა კარგად იცის, რომ პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვლენ, რადგან ამის შანსი არ არის, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ერთადერთი აქვთ ტაქტიკა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ. ამიტომ, კვლევებს უნდობლობას უცხადებენ. მათი მიზანია, რომ როგორმე ეს არჩევნები საზოგადოების თვალში არ იყოს ლეგიტიმური, მაგრამ ამას საზოგადოებაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე  ვერ მიაღწევენ. 

– ჯონ მაკკეინმა ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ივანიშვილს რუსეთთან კავშირები გაწყვეტილი აქვს და მისი განწყობაა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ნატო-ს წევრი გახდეს. ეს განცხადება კი, ყველამ სხვადასხვაგვარად გაიგო. თქვენთვის რა გზავნილი გაკეთდა?

– ამერიკელი სენატორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები  ადექვატური იყო. ამერიკელი სენატორები და  მათ შორის ჯონ მაკკეინი, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში არ ჩაერევიან. თუ ვინმეს ჯონ მაკკეინი ისეთივე დაქირავებული ფირმა ჰგონია, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი ქირაობს, ძალიან შემცდარა. ის სოლიდური, საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელმაც თავისუფლებაც იცის, დემოკრატიაც და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიც კარგად აქვს გათვალისწინებული. ამერიკელი სენატორების ვიზიტიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ადგილის და იმ კურსის, რომელიც ეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციას, რეფორმების გაგრძელებას და ქვეყნის მოდერნიზაციას.  

0

ავტორი: