პაოლო იაშვილი - „ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი...“ პაოლო იაშვილი - „ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი...“ />


  12:49:59     23-07-2012

პაოლო იაშვილი - „ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი...“

a20132.jpg

1937 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, ლიტარატურის თეორეტიკოსი პაოლო იაშვილი...

პაოლო იაშვილზე და მის მეგობრებზე ამბობდნენ, თბილისში შემოსულ ბოლშევიკებს შეეგებნენო, სინამდვილეში, როგორც ირკვევა, მათ სურდათ აღელვებული მოქალაქეების დაწყნარება და ბოლშევიკებისათვის იმის თხოვნა, რომ უაზრო რეპრესიები არ დაწყებულიყო.

შესაძლოა, ერთგვარი იმედიც კი ჰქონდათ, რომ ბოლშევიკი ქართველები, რომლებიც მოუძღოდნენ წითელ არმიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას მხოლოდ სოციალურ ფორმას შეუცვლიდნენ და მეტი არაფერი.

იქნებ პაოლო ფიქრობდა, რომ რეალობას უნდა შეგუებოდა. შეიძლება თვლიდა, რომ ახალი საქართველოს მშენებლობა მაინც დაიწყებოდა: “დავაგვირგვინოთ ჩვენ მომავალი წითელ რუსეთის დაძმობილებით” - წერდა პოეტი.

იმ დროს ბევრს არ ეგონა, რომ წითელი რუსეთი საქართველოს ანექსიას მოახდენდა და ქართველი ხალხი ისევ ეროვნული კირთების ქვეშ მოექცეოდა.

თუმცა, პაოლოს სამშობლისათვის არ უღალატია არასდროს. თოფი არ უსვრია ქართველი კაცისთვის, ბოლშევიკურ პარტიაში არასდროს არ შესულა და არც “პროლეტარი პოეტი” გამხდარა.

მაგრამ, მისი მცირედი იმედიც არ გამართლდა. წითელი რუსეთი ახალი და მეგობრული რუსეთი კი არ იყო, ძველი რუსეთის იმპერიისაგან განსხვავებული, ახალი, მოდერნიზებული იმპერია გახლდათ (აქ "ნაციონალ ბოლშევიკები" მახსენდება, რომელთა ნაწილს მართლა ეგონა, რომ ბოლშევიკური რუსეთი ბოლშევიკური საქართველოს თანასწორუფლებიანი მეგობარი გახდებოდა, თუმცა მწარედ მოტყუვდნენ). დიახ, მაშინ ბევრი შეცდა.

მწარედ შეცდა პაოლოც, ვერ „დაგვირგვინდა ჩვენი მომავალი წითელ რუსეთის დაძმობილებით”.

გავიდა სულ სამი წელი და ბოლშევიკებმა დახვრიტეს მისი ძმა.

1930 წლებიდან პაოლოს ცხოვრება შეიცვალა, ყველა აღნიშნავს, რომ სცენის, ტრიბუნის, არტისტიზმის ხალხის მოყვარული პაოლო საზოგადოებას ერიდებოდა, ჩაიკეტა თავის თავში. იშვიათად ხვდებოდა მეგობრებს, “თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიციანსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე". – იგონებდა შალვა აფხაიძე.

გარშემო სულ რეპრესიას, საქართველოსა და ქართველი ხალხის ღალატს ხედავდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მასაც მაგრად შეუტია. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე ხშირად ისმოდა მისდამი ბრალდებები “მოღალატური საქმიანობის" გამო. ეს კი უკვე მუქარა იყო. იმ დროს ხომ არა ერთ მწერალს ან მის ოჯახის წევრს მოუსწრაფეს სიცოცხლე.

უკვე ყველა ელოდა, რომ პაოლოსაც დასჯიდნენ. ამასთან, შეიძლება, მოსთხოვეს სამსახური, თანამშრომლობა...

მან კი პროტესტის უმაღლეს ფორმას მიმართა 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის შენობაში, სწორედ იმ დროს, როდესაც მიმდინარეობდა "ხალხის მტრების" მხილება. აი ასე აღწერს იმ დღეს სერგო კლდიაშვილი:

„1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.

თავმჯდომარემ მოსთხოვა აღიაროს დანაშაული.

ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი… არ ცდილობს თავის დაცვას…

მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე.
პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და… ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…

მოითხოვს მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.

პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.

„აღიარე“ – მოითხოვს დემეტრაძე.

- რა ვაღიარო. – ხმას უმატებს ბელიაშვილი – არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”

დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.

უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის…

ვინ გაისროლა, რა მოხდა?!

ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: „თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!“

ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით…

იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარები დაკეტილი იყო. გასვლა ვერავის მოეხერხებინა. ქუჩაში მხოლოდ დემეტრაძე გავიდა.

ტელეფონით გაეგო დემეტრაძეს, რომ პირველი მდივანი ბერია პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე ბაღში კონცერტზე იყო. იქ, როგორც შემდეგ გავიგეთ, დემეტრაძე წასულიყო ბერიას სანახავად.

დემეტრაძე მივიდა ბერიასთან და მოახსენა პაოლოს თვითმკვლელობის ამბავი. ბერიამ გულცივად უთხრა: – შენ რას ღელავ აგრე, მოიკლა და მოიკლა. რა მოხდა ასეთი, წადით!

გვიან გაგვიღეს კარი და გაგვიშვეს.

ბერიასგან დაბრუნებულმა დემეტრაძემ გაგვაფრთხილა, არსად გვეთქვა პაოლოს თვითმკვლელობის შესახებ. ამასთანავე წინადადება მოგვცა, ხვალ შუადღისას მივსულიყავით. დავეთანხმეთ.

ხმაამოუღებლად გავეშურეთ თავთავიანთი სახლებისკენ.

არ მახსოვს, როგორ გავათენე ღამე. დილაადრიანად ადრე, ისევ მწერალთა კავშირში მოვიყარეთ თავი. პაოლოს გვამი შინ წაეღოთ… თითქმის ყველანი მოსულიყვნენ.

სიჩუმე იყო…
(„საქართველოს რესპუბლიკა“, # 62, 3 აპრილი, 2010 წელი. მომზადებულია ნინო ხოფერიას მიერ).

რა სადიზმია, კაცმა თავი მოიკლა მწერალთა კავშირის შენობაში და კარი ჩაკეტეს, არავის უშვებენ გარეთ...

ბოლშევიკებმა პაოლოს ქმედება პროვოკაციად შერაცხეს და მისი ხსენება აკრძალეს.

დოგმატურად ეს ნაბიჯი უდიდეს ცოდვად შეიძლება ჩათვალოს ადამიანმა, მე კი ვთვლი, რომ პაოლოს მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა კი არ არის, ეს არის პროტესტის უმაღლესი გამოვლენა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ არა ბოლშევიკები და მათი აუტანელი რეჟიმი, პაოლო თავს არ მოიკლავდა.

ათწლეულთა მერე, დღევანდელი გადასახედიდან, კიდევ უფრო მეტად ვაჟკაცურად მეჩვენება პაოლოს თოფის გასროლა - „მე თქვენი არ მეშინია, ბილწებო, მე სიკვდილის არ მეშინია, თქვენგან დამცირებას, სიკვდილი მირჩევნია“ - ჩემი აზრით, უთხრა პაოლომ თავისი თოფის გასროლით ბოლშევიკებს და მათ მსახურებს, მთელს სისტემას, მთელს სახელმწიფოს. უთქვამს კიდეც მიხეილ ჯავახიშვილს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო"...
 
ჩვენ ვიცნობთ არაერთ პოეტს, რომელსაც სიცოცხლე გაუწირავს იდეებისათვის, სამშობლისათვის, სამართლიანობისათვის. მე ვფიქრობ, პაოლომ ბოლშევიკების წინააღმდეგ ამგვარი პროტესტით, ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრა.

ჩემი აზრით, პაოლომ დაასწრო და თვითონ გამოუტანა განაჩენი საბჭოთა ხელისუფლებას, მხოლოდ ეგაა, რომ მისი აღსრულება 1991 წლემდე ვერ მოხერხდა.

1940 წელს პაოლოს კიდევ ერთი ძმა მოკლეს ბოლშევიკებმა.

რაც უნდა კარგი, მომხიბლელი საბაბით მოდიოდეს, „მოილაშრქებოდეს“ ქართველი, უცხო, არაქართული სამხედრო დახმარებით, საქართველოს ცუდი ხელისუფლებისაგან გასათავისუფლებლად, შეუძლებელია ცუდი შედეგები არ დაუდგეს ქვეყანას. უცხო, მაინც უცხოა და დამპყრობელია.

უახლესი მაგალითიც აგერ გვაქვს: 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, მომზადებული მოსკოვში ედუარდ შევარდნაძის მიერ, რომელიც სახალხო აჯანყებად იყო თავიდან სახელდებული, თუმცა, მალე გამოჩნდა, რომ სახალხოობისა იმ ქმედებას - სამშობლოს ღალატს - არაფერი ეცხო.

ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,
ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული,
ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.

პოეზიიდან შორს გავტყორცნე სიტყვა თარსული,
ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული,
მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული,
მათრობს ხაშხაშის სურნელება ძველი სპარსული.

საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,
მე მახალისებს მხოლოდ ჩემი Salto-Mortale,
მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი თუკი მენდობა,

ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.
შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა
და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

ზარის ხმა ქარში

ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნინა...
შორს სადღაც ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა...
ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა,
ცვარი ბალახს მოსწყდა.სევდით დაიგმინა,
ქარში ზარის ხმა იძახის...
ნაუ ნანი ნინა!

ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:
ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს...
ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს...

ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნინი ნანა...
ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა!
სადღაც ბერი მოკვდა... ქრისტე დაჰგმო,განა,
ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?!
ზარი უფრო კვნესის:
ნაუ ნანი ნანა...

ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას,
ქვეყნის სირცხვილს, ქვეყნის ჭორებს
ქარი ხელში ათამაშებს,
მოატარებს მთებს და გორებს,
ცოდვილ მიწას არ აშორებს.

ნაუ...ნანა...ნაუ, ნინი! ნაუ ნინა...
მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა,
წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა...
მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა.
შეწყდა ზარის კვნესა:
ნაუ... ნა... ა... ნ... ი... ნა... ნა....

სონეტი ელლის             

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი
შენს სულს გადავცე... მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.
იყავი ნაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი...…და მიყვარხარ... და მარად გელი.
მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი,
შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი.

ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა...…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!
გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..

იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით,
და ამ ბუნების მე მანამდე ვარ გადამკიდე,
სანამ იმედი დამპიდრება, რომ გნახავ კიდევ!

ფერადი სონეტი             

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით,
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;
ყველას გიყვარდათ, - სიყვარული მეც დამანებეთ -
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.

და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;
მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,
ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.

ერთხელ ვიხილე და ვეღარ ვთქვი თამამი ,,არა”.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...
და მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,

რომ ბედში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,
ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.

სონეტი

მე ვკითხავ ვინმეს: ჩემს სონეტებს რად არ აფასებ?"
მერმე უეცრად თამარ მეფე - ჩემი დობილი,
ვთხოვ მოკრძალებით - შესვას ჩემი შესანდობელი
და თავს დავიხრჩობ ბნელი ღამით ძველ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს გამართავს სადმე დარბაზი,
ჩემზე საუბარს გზა ექნება იქ დათმობილი,
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე.

მაგრამ მე დავწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნუღარავინ დაიტრაბახებს,

რომ მე ვუყვარდი და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდნენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თან წამომყვა იმათი ხურდა.

0

ავტორი: