12:59:35     08-06-2012
„ადიდე შენ, ქრისტე, ქართლი სამითა დიდებითა...“
ჩვენი დიდი წინაპრები უდიდესი იდეოლოგები იყვნენ და მეცნიერები. საუკუნეებს გადმოსწვდა უცნობი ავტორის საგალობელი „გალობანი ნინოჲსნი“ .
პავლე ინგოროყვას ეს ჰიმნი მიაჩნია IX-X საუკუნეებში შექმნილად. გალობის ავტორის ვინაობა უცნობია. პავლე ინგოროყვა ავტორს „ნინოჲს II ჰიმნოგრაფს“ უწოდებს (რადგან წმინდა ნინოს გალობანი სხვასაც დაუწერია მანამდე).
ქრისტიანულ სარწმინოებაში, ღვთისმსახურებაში თუ ზოგადად, ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებდა საგალობლები, გალობით წარმოთქმული ჰიმნები. ჰიმნებს ქართულად გალობა, საგალობელი ეწოდებოდა. ისინი იქმნებოდა არა მხოლოდ როგორც სასულიერო პოეზიისათვის, ისინი იქმნებოდა სიბრძნის გავრცელებისათვის და სარწმუნოების, თვითშეგნების, მათ შორის ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისათვის.
უცნობი ავტორის „გალობანი ნინოჲსნი“ ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ნაწარმოებია, რომელიც გამოხატავს ქართველთა დამოკიდებულებას როგორც მაცხოვრისადმი, ისე საქართველოსადმი, ასევე საერთოდ დიდებისადმი. ქართველნი საქართველოს დიდებად მიიჩნევდნენ მაცხოვრის კვართის, ასევე სამსჭვალებისა და ჯვრის ნაწილის საქართველოში დავანებას.
ქართული იდეოლოგიისათვის უმთავრესი იყო არა დაპყრობა ტერიტორიებისა, არა ჟლეტა მტრებისა, არამედ ქრისტიანული სიწმინდეები. უმთავრესი ქრისტიანული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური სიწმინდეები, დაკავშირებული ქრისტესთან (ამაზე ადრეც ვწერდი) არის კვართი, სამსჭვალები, წმინდა ჯვარი და არდაგი (სუდარა)...
ქართლი, საქართველო დიდებულია, განდიდებულია, ვინაიდან მაცხოვართან დაკავშირებულმა სიწმინდეებმა აქ დაიდო ბინა. შემთხვევით არ ვამბობს „დაიდო ბინა“. ხშირად ქართული ენა გამოხატავს უდიდეს საიდუმლოებას.
„წმინდა ნინოს ცხოვრება“ ხაზს უსვამს, რომ მცხეთა იერუსალიმიდან ჩრდილოეთითაა. ხაზი აქვს გასმული ამ ვითარებაზე „ნინოჲს II ჰიმნოგრაფსაც“. ხაზია გასმული, რომ „უცვალებლად“ დაგვრჩება ქრისტეს სჯული.
მკითხველი დარწმუნდება, რომ წინამდებარე ჰიმნის უცნობი ავტორი შესანიშნავი, ბრწყინვალე პოეტი გახლდათ, განათლებული, წმინდა ადამიანი და დიდი პატრიოტი.
ასეთი ადამიანები ქმნიდნენ საქართველოს დიდ მომავალს. ახლაც ისინი ქმნიან ჩვენს მომავალს. ღმერთმა ნუ მოუშალოს მათი ლოცვა-კურთხევა ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს. მათი გენიალური ნაწარმოებები კი დღესაც მოქმედებენ. ვინც წაიკითხავს ჰიმნს, ვთხოვთ, გალობით წარსთქვას.
გალობანი ნინოჲსნი
გალობაჲ I
ადიდე შენ, ქრისტე, ქართლი
სამითა დიდებითა:
კუართითა მით შენითა,
ჴელთა შენთა სამსჭულითა,
ფერჴთა შენთა ფიცრითა, -
ქვეყანაჲ დავიწყებული,
კერპთა დაბნელებული,
კუალად მოჴსენებული,
ღმრთისა შეწყალებული,
ნინოჲს განახლებული.
გალობაჲ II
ჲერუსალემით ჩრდილოსა
მოიწია წყალობისა ნაბერწკალი, -
ნინო ქრისტეჲს მჴევალი,
და აღატყინა ცეცხლი
ღმრთის-მეცნიერებისაჲ.
ზაბილონ მამამან მისმან
ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახჳლითა,
ხოლო ნეტარმან ნინო
მოაქცივნა ქართველნი
ჯუარითა ცხოველითა.
გალობაჲ VIII
იქმენ შენ ქართლისა მქადაგებელად,
და დასდევ სჯული წმიდაჲ უცვალებელად,
და ჰგიეს შეუძრველად
მართალსა ზედა
აღსარებასა,
მოძღვარო ნინო!
მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათჳს.
ნინო, მოწაფეო მაცხოვრისაო
და მოციქულო ჩრდილოჲსა სოფლისაო,
შენ ხარ მოძღუარ ქართლისაჲ,
სუეტი ნათლისაჲ.
ცუარი ღრუბლისაჲ,
მზრდელი სულისაჲ.
მასწავლელი სიხარულისაჲ.