07:57:05     18-05-2012
ფრიდონ ხალვაში - „არ ვამბობ სიტყვას, თუ არ მტკენია...“
უკვე ორის წელის შესანიშნავი პოეტი და პატრიოტი ფრიდონ ხალვაში ჩვენთან აღარაა.
ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს, სოფელ გეგელიძეებში, ქედის რაიონში. აიშე გოგიტიძე-ხალვაშისა და იშილ ხალვაშის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, 1959 წელს კი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1957 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმეგებელი მდივანი, შემდეგ თვმჯდომარე.
თავისი პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1948 წელს. ავტორია 50-ზე მეტი წიგნისა. გამოქვეყნებული აქვს რომანი, ნოველები, ესეები, ლექსები. ფრიდონ ხალვაშს ეკუთვნის პოეტური კრებულები: მუხა და ქარი - 1958 წელი, გენაცვალე - 1972 წელი, ლტოლვა - 1974 წელი, ერთტომეული - 1976 წელი, ეს დღე - 1982 წელი, დაუვიწყარი - 1984 წელი, ბიძაშვილი - 1973 წელი, რომანი - „საყვედური" - 1964 წელი, პიესები: ხიხანის ძახილი - 1959 წელი, ვაზის ტირილი - 1963 წელი, გადარჩენილი უკვდავება - 1966 წელი და სხვა.
1979 წელს გახდა შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1999 წელს მიანიჭეს საპატიო თბილისელის წოდება.
შარშანწინ, თავისი უკანასკნელი დაბადების დღე ტრაგიკულად დაუსრულდა. მისი 85 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ იუბილეზე გარდაიცვალა მისი მეგობარი მუხრან მაჭავარიანი. ამის მერე დიდხანს აღარ უცოცხლია და მალე, - ორმოცი ახალი გადახდილი იყო მუხრანისა, - 2010 წლის 8 ივლისს თავადაც გარდაიცვალა თავის მშობლიურ სოფელში, ალბათ დარდით.
ადრეც ერთად ეწეოდნენ ქართველი პატრიოტის უმძიმეს ჭაპანს ფრიდონ ხალვაში და მუხრან მაჭავარიანი (სხვა მამულიშვილებთან ერთად) და ასეთმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ კიდევ უფრო დაახლოვა ისინი, ხოლო ქართველებისათვის უფრო მისტიკური გახადა მათი სახელები.
დღეს, პრესა,გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ გავიხსენოთ ფრიდონ ხალვაშის ორი დიდებული ლექსი. მკითხველს ახსოვს შარლ ბოდლერის „ალბატროსი“. ფრიდონ ხალვაშიც ლექსით მიმართავს ალბატროს („ალბატროსთან შეხვედრა“) და შარლ ბოდლერსაც იხსენებს „მოგფერებია, ალბატროსო, მგოსანი ფრთოსანს“...
ლექსი „არ ვამბობ სიტყვას, თუ არ მტკენია...“, ჩვენი პოეტის კრედოს გამოხატავს...
ალბატროსთან შეხვედრა
მოგფერებია, ალბატროსო, მგოსანი ფრთოსანს,
სპეტაკ სტრიქონებს გაელვებად შვენოდი მიწყივ,
ნუ მიწყენ მეც შენს სამეფოში უეცარ მოსვლას,
შენ არ გეგონოს, რომ პოეტებს გადაავიწყდი.
დაღლილი ფიქრი მეც შენს ფრთებზე ჩამოვასვენე
და ვისმენ შიშით, გადარეულ ზვირთების ხარხარს,
მაგრამ აქ, სადაც ოკეანე მცემს და მასველებს,
შენ ერთი ძველი საიმედო ნაცნობი მყავხარ.
დღე აფრასავით დაისით რომ გაგიქუფრდება,
მზის მადევარი ფრენ ჩამავალ სხივების სევდად,
შენც, ალბატროსო, ძლიერ გიყვარს თავისუფლება,
რისთვისაც ტანჯვა ადამიანს ყოველთვის სდევდა.
შენ, ალბატროსო, ძლიერ გიყვარს თავისუფლება,
გძულს მტაცებლობა, სივრცეები გასხია ფრთებად,
ქარზე გაწოლილს აგიყოლებს დაუსრულებლად
ტანდარხეული ოკეანის გადაფერდება.
შეშურებია კაცს სილაღე შენი ფრენისა,
სურვილებისთვის შენი ფრთები მიუზომია,
თუმცა, ფერფლიდან აზრი მისი აღდგა ფენიქსად,
სიცრუესა და სიმართლეს დღეს მაინც ომი აქვს.
გემშვიდობები, ალბატროსო, მგოსანი ფრთოსანს,
გული ზღვებიდან მონატრებულ მიწისკენ მიწევს,
ქოჩორა ზვირთთა მოფერება და ფრთების მოსმა
გიხდება ისე, შორეულო, ვერ დაგივიწყებ.
1974
არ ვამბობ სიტყვას, თუ არ მტკენია...
არ ვამბობ სიტყვას, თუ არ მტკენია,
თვითონ ტკივილსაც იმგვარს ვინატრებ,
იყოს ძლიერი, როგორც გენია,
იყოს უბრალო, როგორც სინათლე.
იყოს მართალი, როგორც დედაა,
ლამაზი, როგორც ვაზის გვირისტი,
ვინც უკეთ გრძნობდა, უკეთ ხედავდა,
დიდება მაინც შურდათ იმისთვის.
1975
0