09:03:45     16-05-2012
ბაჩანა - „ვინა ჰთქვა საქართველოზე...”
1866 წელს, სოფელ ჩარგალში დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი ბაჩანა - ნიკო (ნიკოლოზ) პავლეს ძე რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ძმა.
ქვეყანას მოევლინა სოფლის მღვდლის, პავლე რაზიკაშვილისა და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში.
სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. დაამთავრა 1885 წელს. მერე მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. შემდეგ მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში.
მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალში. შემდეგ ლექსებს ბეჭდავდა „დროებაში“, „თეატრში“ და სხვა. ბაჩანას ზოგი ლექსი ძალიან მოსწონდა მის ძმას, ვაჟა-ფშაველას, თუმცა ძმებს შორის პოეტური შესიტყვებაც იმართებოდა ხოლმე.
ბაჩანა გარდაიცვალა 1928 წლის 18 დეკემბერს, თბილისში.
გავიხსენოთ ბაჩანას მშვენიერი ლექსი „ვინა ჰთქვა საქართველოზე...“.
ვინა ჰთქვა საქართველოზე...
ვინა ჰთქვა საქართველოზე:
„ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზეც გაუქრებაო,
თავს დაჰტრიალებს ყორანი
დაჰჩხავის ზედიზედაო!?”
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი, ქართვლის დედაო!
ბევრმა გვიქადა გლოვაცა,
ბევრმა იუბნა ესაო,
ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
ჩუმად ფრანგული ჰლესაო.
ცუდად წაუხდათ ქადილი,
ვერრას გამოჰრჩენ ვეფხვსაო,
ლეკვები წამოეზარდნენ,
მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო.
გამოდით, ქართვლის შვილებო,
ერთად შევნივთდეთ ძალები,
წავიდეთ მტერზედ რისხვითა:
ბევრი გვიმართებს ვალები,
დაე, სულ გავწყდეთ, რა ვუყვათ,
დაე, დამიწდეს მკლავები:
დედანი დაგვიტირებენ,
ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,
საფლავს არ შეძრწუნდებიან
ჩვენთა წინაპართ ძვალები.
1885 წელი
0