ანსარი - „ჰე, ღმერთო ერთო...“ ანსარი - „ჰე, ღმერთო ერთო...“ />


  10:27:54     04-05-2012

ანსარი - „ჰე, ღმერთო ერთო...“

a17706.jpg

დიდი ირანელი მწერალი და პოეტი, აბუ ისმაილ აბდ ალ-ლაჰ იბნ მოჰამედ ანსარი ჰერათელი, ადრეული სუფიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. იგი დაიბადა დაახლოებით 1000 წელს.

წერდა სპარსულ და არაბულ ენებზე. მას თვლიან სამი დივანის ავტორად, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის სრულად შემორჩენილი. მის პოეზიაში კარგად ჩანს სუფისტური ლირიკისათვის დამახასიათებელი მისტიკა, ჭეშმარიტების წვდომის სურვილი. პოეტის ენა სადაა და უბრალო.

 შემორჩენილია ანსარის შესანიშნავი პროზაული ნაწარმოებებიც. აღსანიშნავია მისი ცნობილი „მუნაჯათ“ (განმარტოებით თქმული ლოცვები“). ეს ნაწარმოები შექმნილია რითმოვანი პროზით, რომელსაც აღმოსავლურ პოეტიკაში „საჯი“ ეწოდებოდა. როგორც ამბობენ, ანსარის აღნიშნული ნაწარმოები „საჯის“ სტილის უბრწყინვალესი ნიმუშია.

ანსარიმ დიდი გავლენა იქონია შემდეგდროინდელ სუფისტურ პოეზიაზე.

როგორც ვთქვით, ანსარი წერდა არაბულადაც. შემორჩენილია ანსარის არაბული ლექსების საკმაოდ დიდი ნაწილიც. ანსარი თარგმნიდა არაბულიდან და წერდა თეორიულ ნაშრომებს სუფიზმის სხვადასხვა საკითხზე.

დიდი პოეტი გარდაიცვალა 1088 წელს.

***

(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
 
ჰე, ღმერთო ერთო, შენს კარიბჭესთან
 მე უპოვარი, მწირი ბერი ვარ.
 შენი შენდობის მავედრებელი
 გვამი ცოდვილი - არაფერი ვარ.

 სვედაქცეული, ცოდო, ეული,
 დაღუპული და სირცხვილეული,
 აწ მარტოოდენ გმინვადქცეული
 და წაქცეული - მიწის მტვერი ვარ..

***

(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)

მე გლახაკი ვარ და შენს სახელს ვახსენებ წმინდად,
ათასმა მეფემ ვერ მოგიზღოს რაც მინდა მინდად.
ღმერთო, ყოველი სულიერი რაღაცას შეგთხოვს,
მეცა მაქვს თხოვნა: მთელი შენი არსება მინდა..

***

(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)

გუშინ მოვედი ამ ქვეყნად და ვერ-რა ვიღონე,
 დღეს ქვეყნის ბაზაარს ვუმზირე და გული ვიღონე,
 ხვალ წასვლა მიწევს, საიდუმლოს ვერ-რა გავუგე
 და ამა ქვეყნად რისთვის მოველ, ვერ მოვიგონე..

0

ავტორი: