აფხაზური პოზიცია რუსი ექსპერტის პასუხად: თქვენ ვასალები გჭირდებათ აფხაზური პოზიცია რუსი ექსპერტის პასუხად: თქვენ ვასალები გჭირდებათ />


  13:01:55     30-04-2012

აფხაზური პოზიცია რუსი ექსპერტის პასუხად: თქვენ ვასალები გჭირდებათ

a17592.jpg

რუს ექსპერტს ანდრეი ეპიფანცევს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაგრაში რუსი ბიზნესმენის იგორ ვაროვის ცემის გამო აფხაზებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნა (იხ.http://presa.ge/new/?m=politics&AID=15571) და მათ „უქნარები“, „ჩლუნგები“, „რუსეთის ხარჯზე მცხოვრები უმადურები“ და ა.შ. უწოდა, „აფხაზეთის მოქალაქე“ (ასე აწერს ის სტატიას ხელს) რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი პასუხობს და ეპიფანცევის მისამართით აცხადებს, რომ ექსპერტს სწორედ ის „აწუხებს“, რომ აფხაზეთი რუსეთისგან დამოუკიდებელ - „თავის პროექტს“ აშენებს.

ჟურნალისტი მიუთითებს, რომ აფხაზეთმა უარყო „სამხრეთ ოსეთის მოდელი“, მისი „ცხოვრების სტანდარტი“ და უარი თქვა რუსეთთან ერთად ჩაბმულიყო დიდ კორუფციაში, რომელიც რუსული ფულის დატაცებაში მდგომარეობდა.

„რატომაა, რომ ანდრეი ეპიფანცევი და არა მარტო ის, აგრეთვე სხვა ხმაურიანი ექსპერტები არ აქვეყნებენ არცერთ კრიტიკულ წერილს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით? მარტივია. ეპიფანცევი, სინამდვილეში, ყველაფრის საპატიებლად მზადაა: ქურდობის, ვაროვის ცემის, ყველაფრის, ოღონდაც აფხაზეთი ამა თუ იმ ხარისხით, რუსეთის ნაწილი იყოს. ეპიფანცევს სჭირდება, რომ  დიახ, მოიპარონ, მაგრამ დითირამბები უმღერონ „ერთიანსა“ და განუყოფელს“… ჩაატარონ რაც შეიძლება ბევრი ზეიმი რუსული ენისა, დროშის დღეები და სხვა სისულელეები.

მოკლედ, ყველაფერი, როგორც სამხრეთ ოსეთშია. ეს ასეთი პოსტსაბჭოთა ინერციაა, როცა იმპერია - ჰეგემონი, გაპატიებს ყველაფერს, თავად შემოგთავაზებს საკუთარი ფულის ძარცვას, ოღონდ მისი ვასალი იყო“ - ასეთია ჟურნალისტის პასუხი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტორების გამო არ მოსდის ეპიფანცევს თვალში აფხაზები და სწორედ ამიტომ წერს, რომ ისინი „ჩიხში არიან“, ხოლო „არაჩიხურ გზას“ კი სამხრეთ ოსეთის გზას უწოდებს.

„მადლობთ, არ გვინდა. იქ მართლაც ჩიხია“ - აცხადებს კრივენიუკი და ეპიფანცევს შეახსენებს, რომ აფხაზეთმა ბიზნესის წართმევის „ყველაზე ბინძური ტექნოლოგიები“, სხვათა შორის, რუსეთის 90-იანი და 2000 წლების პრაქტიკიდან „ისესხა“, როცა რუსულ-აფხაზური კავშირები კორუმპირებულ ჩინოვნიკთა კავშირად იქცა და ისინი ყველაფერი ღირებულის პრივატიზებას ცდილობდნენ აფხაზეთში.

კრივენიუკი მრავლისმეტყველად შეახსენებს რუს ექსპერტს, რომ თუ იგორ ვაროვს ბიზნესს ართმევდნენ, რუსებს მთელი აფხაზეთის გაძარცვა სურდათ: „ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეებს, გვართმევდნენ რკინიგზას, ზღვისპირა მიწებს და საბჭოთა აგარაკებსაც კი“, თუმცა „სამოქალაქო საზოგადოების“ ძალისხმევით ვაროვმა თავისი ბიზნესი შეინარჩუნა, „და ჩვენც დაგვრჩა ყველაფერი, თუმცა რკინიგზის გარდა, რომელიც, მაინც დავკარგეთ“ - წერს ჟურნალისტი.
0

ავტორი: