12:36:26     28-04-2012
რუსი ექსპერტი აფხაზურ აპარტეიდზე, კრიმინალურ ელიტაზე და ჩლუნგ საზოგადოებაზე

მას შემდეგ, რაც გაგრაში აფხაზებმა რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვი სცემეს, ოკუპირებულ რეგიონში რუსებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გახდა მსჯელობის საგანი. რუსი ექსპერტი ანდრეი ეპიფანცევი ამბობს, რომ რუს ბიზნესმენს „აფხაზეთის ნაღები საზოგადოება“ ურტყამდა, რაც კარგად ასახავს აფხაზების ზოგად დამოკიდებულებას რუსებისადმი.
აფხაზეთში ყველაზე მსხვილი რუსი ინვესტორის, იგორ ვაროვის ცემა, იმ ღრმა კრიზისის დამადასტურებელია, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, - წერს ეპიფანცევი, რომელიც სოხუმს მიუთითებს, რომ ის ჩიხშია შესული. ექსპერტის თქმით, ეს წარმოუდგენელი რამაა, როცა ეს „მუქთახორა“ აფხაზეთი, რომელიც რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და ყველაფერში მასზეა დამოკიდებული, თავს უფლებას აძლევს რუს ბიზნესმენს სცემონ და თანაც, მისი საზოგადოების ყველაზე „ნაღები ფენების“ წარმომადგენლებმა.
ეპიფანცევი აფხაზებს „ჩლუნგებს “ უწოდებს და წერს, რომ ისინი, „როგორც ჩლუნგები, ისე ცხოვრობენ გადასახადების რუს გადამხდელთა ფულით და არაფრის შეცვლა არ სურთ“.
ექსპერტი აფხაზეთში არსებულ კრიმინალურ ფონზეც მიუთითებს. მისი თქმით, ყველა ინვესტორი ხვდება ამ საერთო კრიმინალურ ატმოსფეროში, სადაც ქურდობა, ბანდიტობა და სიცრუე ბატონობს, „მათ ძარცვავენ, საწყობებს ყუმბართმტყორცნებიდან ცხრილავენ, მათი ბიზნესის წართმევას ცდილობენ“… - წერს ის.
თანაც, მისი თქმით, ამას აკეთებს, არა, ვთქვათ, ბანდიტური დაჯგუფება, არამედ „ოქროს ელიტა“: „ყველაზე საშიში ის არის, რომ აფხაზეთში კრიმინალიტეტი უკვე დიდი ხანია სახელმწიფო სისტემის ნაწილი გახდა, ის უკვე იქცა აღიარებულ ინსტიტუტად, რომლის კვალი ძალიან მაღლა მიდის. ხაზს ვუსვამ, ყველაზე მაღლა“ - აცხადებს ეპიფანცევი.
ის ვაროვზე თავდასხმის დეტალებსაც შიფრავს და შენიშნავს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც რუს ბიზნესმენს კაბინეტში შეუვარდა, ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციაში მუშაობს. მის მსგავსად, სხვებიც, ვინც ვაროვი სცემეს, „აფხაზეთის ნაღებ საზოგადოებას“ ეკუთვნიან. სამი ძმა ჩანბა, რომლებმაც ყველაზე მეტად გამოავლინეს აგრესია, აფხაზეთში ცნობილი, პრაქტიკულად, ისტორიული გვარის წარმომადგენლები არიან, მეოთხე „მებრძოლი“, ასტამურ გაგულია კი მსხვილი აფხაზი პოლიტიკოსის გენადი გაგულიას შვილია. გაგულია თავის დროზე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და პრემიერ-მინისტრიც იყო.
თავად ასტამურიც ბიზნესმენია, ის მოსკოვს, რუსეთის სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს მიერ აკრძალულ მოლდავურ ღვინო-მასალას აწვდის და მას აფხაზურად ასაღებს. და ამას ჩვენ მაღაზიებში ვყიდულობთ, - წერს ექსპერტი და აღშფოთებულია, რომ ეს სწორედ ის აფხაზური „ელიტაა“, რომელზეც მოსკოვი დებს ფსონს. ის აღშფოთებულია იმით, რომ ვაროვის ცემის გამო ოფიციალურ სტრუქტურებს პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ:
„იდეაში, ანქვაბისთვის უნდა გვეკითხა, რატომ აქვს სახელმწიფოს ასეთი რეაქცია? მაგრამ … ცნობილია, რომ თავად ანქვაბის უკანაც დგას რამდენიმე ისეთი მომენტი, რომლებიც მის პიროვნებას კითხვის ქვეშ აყენებს. შეიძლება გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც ანქვაბის გუნდში შედიოდნენ, როგორ მოაწყო დებოში რუსეთის საელჩოში, - მას შემდეგ, რაც მათ ჩვენი დიპწარმომადგენლობის შენობიდან გასვლა სთხოვეს, სადაც შესვენება იყო გამოცხადებული. ახალგაზრდებმა ყველაფერი დალეწეს და ყვირილი დაიწყეს: „თქვენ ჩვენს მიწაზე ხართ და გააკეთებთ იმას, რასაც გეტყვით“. ეს სირცხვილია მაგრამ მაშინ ამის გამო არავის უგია პასუხი. რუსეთს სახეში შეაფურთხეს…“ - ბრაზობს რუსი ექსპერტი. მას ერთი ფაქტიც მოჰყავს, - როცა ბოლო ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისას ანქვაბმა მოითხოვა, რომ ეკატერინა გლაზკოვას, - რუს ქალბატონს, „აფხაზეთის მოქალაქეს“, შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა და მოეხსნა თავისი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ქალს „მოქალაქეობის“ ჩამორთმევით დაემუქრა. თანაც განუმარტა, რომ მოქალაქეობის ცნობა, რომელიც მას სერგეი ბაღაფშმა მისცა, ცარიელი ქაღალდია…
ეპიფანცევს აინტერესებს, ყოველივე ამის შემდეგ, რატომ ამბობს რუსეთი, რომ აფხაზეთში „არჩევნები“ დემოკრატიულად ჩატარდა, თუმცაღა რეალურად, პრაქტიკუალდ ყველა ხელმძღვანელი და დეპუტატი „აფხაზი და ნაციონალისტი“ აღმოჩნდა; რომ მრავალეროვან აფხაზეთში ეთნოკრატიაა, რომელსაც ზოგიერთები აპარტეიდის რბილ ფორმასაც უწოდებენ.
და ბოლოს, მთავარი კითხვა, რომელსაც ეპიფანცევი სვამს: საჭიროა თუ არა მხარს ვუჭერდეთ იმ ქვეყანას, რომელიც ასეთ პოლიტიკას ატარებს რუსების მიმართ? შეიძლება ეს კრემლს სჭირდება, მაგრამ რუსეთს - არა, - აცხადებს ის.
0