16:36:20     27-04-2012
ტერაქტების სერია უკრაინაში: დნეპროპეტროვსკელმა ბლოგერებმა 10 აფეთქება დათვალეს (ვიდეო)

უკრაინაში ტერაქტების სერის განხორციელდა. ქალაქ დნეპროპეტროვსკში უკვე მეათე აფეთქების შესახებ იუწყებიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ქალაქის სარკინიგზო სადგურში ევაკუაციაა გამოცხადებული.
პირველი აფეთქება დნეპროპეტროვსკის ცენტრში, ოპერის თეატრთან არსებულ გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ნაგვის ბუნკერში იყო მოთავსებული მაშინ ამოქმედდა, როცა გაჩერებას ხალხით სავსე ტრამვაი უახლოვდებოდა. საბედნიეროდ, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 5 ადამიანი დაზიანდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
ზუსტად 40 წუთის შემდეგ მოხდა მეორე აფეთქებაც, ამჯერად, რკინიგზის სადგურთან ახლოს, სადაც 7 ადამიანი დაზიანდა. რამდენიმე წუთში კი, პარკ გლობას რაიონში, მესამე აფეთქების ხმაც გაისმა, სადაც ერთი ქალი დაზიანდა. მან ჭრილობა ხელზე მიიღო.
მეოთხე აფეთქება კვლავ იმ რაიონში განმეორდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა პირველად ამუშავდა.
დნეპროპეტროვსკელი ბლოგერები სულ 10 აფეთქების შესახებ იუწყებიან.
მილიცია 27 დაზარალებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან. ბოლო წუთებში კი, ცნობილი გახდა, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებულთა შორის 11 ბავშვია.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან მგზავრთა ევაკუაცია დაიწყო. როცა დისპეჩერმა ამის შესახებ გამოაცხადა, სადგურზე პანიკა და ჭყლეტა წარმოიქმნა. მალევე გამოჩნდნენ გამნაღმველები. ადგილობრივი შს განყოფილების ინფორმაციით, მათთან ანონიმური ზარი შევიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ სადგური „ჰაერში აიწეოდა“.
ახლა ქალაქში ყველაფერი მოწმდება, ეძებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ყველა ქუჩაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.
ტერაქტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. გაისმა პირველი ვერსიაც, რომლის თანახმადაც ტერაქტების უკან ხელისუფლება დგას, რათა იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებული აჟიოტაჟიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.