გურამ ჩახვაძე:  ივანიშვილის კოალიცია საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა გურამ ჩახვაძე: ივანიშვილის კოალიცია საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა />


  09:07:47     25-04-2012

გურამ ჩახვაძე: ივანიშვილის კოალიცია საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვა

a17432.jpg

ოპოზიციონერი დეპუტატის, გურამ ჩახვაძის შეფასებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა, რადგან მას მხარს ქართული საზოგადოება არ უჭერს. მისი თქმით, ეს პარტია, ფულის გარეშე ჩვეულებრივი ორგანიზაცია იქნება, რომელიც არც შემადგენლობით და არც პოლიტიკური ხედვებით არ გამოირჩევა.  „ქართული ოცნების“ გეგმებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი გურამ ჩახვაძეს ესაუბრა:  

– „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ეკატერინე ხვედელიძის ნაცვლად, მანანა კობახიძე მოგვევლინა. როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას და პროფესიით იურისტი კობახიძე პოლიტიკური ამპლუის მორგებას შეძლებს?

– ამ ეტაპზე, იმის პროგნოზირება ძნელია, კობახიძე როგორი პოლიტიკოსი იქნება, მაგრამ როცა გარკვეული დრო გავა და ის უკვე პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს, მის ნაბიჯებზე საუბარი შეგვეძლება. ფაქტია, რომ ივანიშვილი პარტიის ლიდერად „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალ–დემოკრატების“ რომელიმე წევრს ვერ აირჩევდა, შესაბამისად, მისი არჩევანიც ლოგიკურია. „ეროვნულ–დემოკრატებისთვის“ კობახიძის პროროსულობა ან სხვა მიმართულება ნაკლებად საინტერესოა, რადგან ამ მიმართულების პოლიტიკოსი – თავად ივანიშვილია. ასევე, პრორუსულია მისი პოლიტიკური საბჭო, რომლის წევრები რუსეთის მიმართ სიმპატიებს არ მალავენ.  უფრო მეტიც, ისინი საქართველოს როგორც ერთ მთლიან ქვეყანას არ განიხილავენ, არამედ თვლიან, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, როგორც „დამოუკიდებელ“ ქვეყნებთან,  ხელშეკრულება უნდა დადოს, რაც ჩვენთვის კატეგორიუალდ მიუღებელია, რადგან რუსეთის პოლიტიკაში სწორედ ეს ჯდება.

– თუმცა, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ წევრები ორიენტირს ნატო–ზე  აკეთებენ და ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნდა გახდეს. აქამდე, ისინი მსგავს განცხადებებს ერიდებოდნენ. რეალურად, ივანიშვილის გუნდმა საგარეო ხედვები შეცვალა თუ?

– დარწმუნებული ვარ, რომ მათ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ტრანსფორმაცია არ მოხდა. ივანიშვილის ხედვისთვის საკმარისია – მისი პირველი დოკუმენტი, რომელიც მან პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისას გამოაქვეყნა. უნდა ითქვას, რომ პირველ წერილებში, ეს  პიროვნება გულწრფელი იყო, შემდეგ კი ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ამ პოზიციების ცვლილება დაიწყო, თუმცა, პოლიტიკოსისთვის პოზიციების ცვლა ცუდი ტონია. ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების განწყობის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრებმა ძალიან კარგად იციან და ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ამომრჩევლის განწყობაზე დეკლარილებულად ითამაშონ. რეალურად კი, ეს ძალა პრორუსულია.

ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავს უკვე ხელისუფლებაში მოიაზრებს.  მსგავს მოლოდინებს რატომ აჩენენ?  

– ისინი საზოგადოებას გარკვეულ მოლოდინს უქმნიან, რასაც საკუთარი გეგმებისთვის გამოიყენებენ. წარსულს თვალს თუ გადავავლებთ, ასეთი რიხით ბევრი პოლიტიკოსი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, რითაც საზოგადოებაში ცრუ მოლოდინი გააჩინა, შემდეგ კი, როდესაც არჩევნების დღე დადგა, ვითარება შეიცვალა. ორ რამესთან გვაქვს საქმე – ერთის მხრივ, ეს ადამიანები აშკარად ტყუიან, როცა ამბობენ, რომ ხელისუფლების სათავეში მოვლენ. მეორეს მხრივ კი, მათ მოლოდინის გაჩენა    არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის სჭირდებათ. კერძოდ, რომ თქვან არჩევნები გაყალბდაო. ოქტომბერიც მოვა და დაიმახსოვრეთ, რომ ეს კოალიცია საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა, რადგან მთლიანად მერყევია.

– პარტიის ყრილობას „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები არ დაესწრნენ, რის გამოც, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში დაიწყო საუბარი. მოსალოდნელია თუ არა შიდა დაძაბულობა, იგივე საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას?  

– კოალიციაში რამდენიმე პარტია გაწევრიანდა და ალბათ, ყველას პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა, შეუძლებელია, რომ ყველა პარლამენტში მოხვდეს,  რადგან მათ ხმები არ ეყოფათ, რაც მათი პრობლემა იქნება. ამ საკითხს კი, როგორ დაალაგებენ გაამწყვეტი ხმა ივანიშვილს ექნება, უფრო სწორად მის ფულს და არა მის პოლიტიკურ გავლენას. ამ პარტიას ფული, რომ მოაშოროთ ის ჩვეულებრივი ორგანიზაცია იქნება, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა – არც შემადგენლობით და არც პოლიტიკური ხედვებითა და საქმიანობით.

– ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი გუნდის წევრებს გასდევთ – პატიოსნება, ღირსება და სუფთა წარსული. ის ადამიანურ თვისებებზე რატომ აკეთებს აქცენტს და ივანიშვილი – როგორც პოლიტიკოსი შედგა?

– შეიძლება, ის გრძნობს, რომ მის კოალიციაში ამ თვისებების დეფიციატია, რის გამო, ამაზე აქცენტს აკეთებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში წესიერი და პატიოსანი ადამიანები უნდა იყვნენ, მაგრამ პოლიტიკოსი მისი საქმიანობით უნდა შეაფასო. ივანიშვილს ფილოსოფიური აზრები აწუხებს. მისი ერთ–ერთი მიგნება ადამიანის თვიგადარჩენის ინსტიქტთან დაკავშირებით, ჩემთვის „სიუპრიზი“ აღმოჩნდა, რადგან ეს ინსტიქტი აღმოჩენილია მას შემდეგ, რაც  კაცობრიობამ ბიბლია და სახარება მიიღო. რაც შეეხება ივანიშვილს როგორც პოლიტიკოს – დემოკრატი ივანიშვილი? ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან  მისი ფრაზა, რომ ან ჩემთან უნდა იყოთ, ან სააკაშვილთან და შუა უნდა დაიკარგოს – ეს მიუღებელია. „თუ ჩემთან არ ხარ, ჩემი მტერი ხარ“, ეს ბოლშევიკების ცნობილი ფრაზაა. გარდა იმისა, რომ ივანიშვილი არამყარი პოლიტიკოსია, ის გულწრფელი ადამიანიც არ არის. ამ თვისებების არქონა კი ძალიან ცუდია და ღმერთმა დაიფაროს, რომ ქვეყანას ასეთი ლიდერი ჰყავდეს.

0

ავტორი: