21:46:49     24-04-2012
უმრავლესობა ბაღათურიას ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებაში სდებს ბრალს

საქართველოს პარლამენტში მომხდარ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ წყდება. ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას მიერ პროვოცირებულ ინციდენტს, საპარლამენტო უმრავლესობამ კვალიფიკაცია უკვე მისცა. მმართველი გუნდი ოპოზიციონერს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს, ხოლო, კოლეგას, აზერ სულეიმანოვს ეთნიკური ნიშნით გაკეთებული განცხადების გამო, მკაცრად აკრიტიკებს.
როგორც პრესა.ჯი–ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, ბაღათურიას ქმედება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.
მისი თქმით, ბაღათურია ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო, რომლითაც ის ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას შეეცადა.
„კავკასიაში საქართველო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა აქ მცხოვრები ადამიანების ერთობას ეფუძნება. მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ჩვენი მთავარი ამოცანაა – ქართველებმა, ოსებმა, აფხაზებმა, აზერბაიჯანელებმა, რუსებმა, სომხებმა, ანუ ვინც საქართველოში ცხოვრობს ქვეყანა ერთად ავაშენოთ. ხელისუფლებისთვის ეროვნული შუღლის გაღვივება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ქართველები მოძმე სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად ვცხოვრობთ“, – აცხადებს კანონმდებელი.
გაბაშვილი კოლეგის, აზერ სულეიმანოვის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან ბაღათურიას - „სომეხი კოლეგა“ და „ბაღათურიანი“ უწოდა. დეპუტატის შეფასებით, როგორი ემოციური ფონიც არ უნდა იყოს, ოპონენტის კრიტიკისას, ეთნიკური ნიშნის გამოყენება და ქსენოფობიური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
„სულეიმანოვთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი კოლეგა როგორი გაღიზიანებულიც არ უნდა იყოს და საკითხი, ოპონენტის მხრიდან როგორი პროვოცირებულიც არ უნდა იყოს, ეთნიკური ნიშნის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. ამ კონტექსტში ყველას ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვინც არ უნდა იყოს. ოპონენტის კრიტიკისას, ეთნიკურ წარმომავლობას მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა იყენებდეს“, – განაცხადა გაბაშვილმა.
ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიელ საკითხთა კომიტეტმაც გააკეთა. ნუგზარ წიკლაურის კომიტეტის შეფასებით, საქართველოში მცხოვრები კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ბანაკებად ხელოვნურად დაყოფა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა და ის მიზნად ისახავს – საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
მათი თქმით, ბაღათურიას პროვოკაციული განცხადება მიზნად ისახავდა – ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესის დაზიანებას.
„აღნიშნული განცხადება, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას ემუქრება და ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი ისე სამხრეთ კავკასიელი ხალხების კულტურა, ისტორია და მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, დეპუტატ ჯონდი ბარათურიას მისამართით გაკეთებული განცხადებებისას, სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ამ კუთხით, ის ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა.
„ვთვლი, რომ ყოველი ასეთი ფაქტი საქართველოს მშვიდობიან განვითარებას საფრთხეს უქმნის. ამასთან, ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ტუღუშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსებისა და ომბუდსმენის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, სულეიმანოვმა დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ემოციური ფონის მიუხედევად, ის აცნობიერებს, რომ ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა გაუმართლებელია. მისი შეფასებით, ბაღათურიას მიზანი პლენარულ სხდომაზე ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება და პროვოკაციის მოწყობა იყო.
„ვაცხადებ, რომ ემოციური ფონის მიუხედავად, გაუმართლებელია ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა და ოპონენტის კრიტიკა ეთნიკური ნიშნის არგუმენტების მოხმობით, რასაც, ვაცნობიერებ. ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები, ერთი ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ და ბაღათურიას და მისნაირების პროვოკაციების მიუხედევად, საქართველოს საზოგადოების თანაბარ და სრულუფლებიან წევრებად ვრჩებით”, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ. შემთხვევა ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას შეეხო და იკითხა, თუ რას აპირებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სომხების გენოციდთან დაკავშირებით, რომლებიც გენოციდის აღიარებას ითხოვენ.
მისმა განცხადებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი გააღიზიანა და მან ოპოზიციონერ დეპუტატს „ბაღათურიანი“ უწოდა და მიაძახა, რომ „ეს საკითხი მისი საქმე არ იყო“. ამის მერე, სულეიმანოვმა ბაღათურიას ვაზელინი ესროლა, შემდეგ კი ერთმანეთს ხელით შეეხნენ. ინციდენტის დროს პარლამენტის პლენალური სხდომა რამდენიმე წუთით შეფერხდა. ვითარება მანდატურებმა განმუხტეს.
0