14:15:41     24-04-2012
ბაღათურიას პროვოკაციას, პარლამენტში, ჩხუბი მოჰყვა

საქართველოს პარლამენტში, დღევანდელი პლენარული სხდომა, ვაზელინისა და კალმის სროლის ფონზე წარიმართა.
დეპუტატებს შორის დაძაბულობა, ჯონდი ბაღათურიამ გამოიწვია, რომელიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას შეეხო და დაინტერესდა, რას აპირებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სომხების გენოციდთან დაკავშირებით. ოპოზიციონერის ეს კითხვა, საკუთარი ადგილიდან მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა გააპროტესტა, ბაღათურიამ კი, მას დამშვიდება ურჩია და განუცხადა, „ჩამოვალ და მოგხედავო“. ოპოზიციონერის ამ მიმართვის შემდეგ, აზერბაიჯანელი დეპუტატი ტრიბუნისკენ გაემართა, ბაღათურიას ვაზელინი ესროლა და მიმართა „აი, ვაზელინი და სომხებს ერთ ადგილას .....“. სულეიმანოვს ვალში არც ბაღათურია დარჩა, რომელმაც კოლეგას კალამი ესროლა.
სხდომათა დარბაზში სრული ქაოსი შეიქმნა, სიტუაციას მანდატურიც კი ვეღარ აკონტროლებდა. განსაკუთრებით აკაკი ბობოხიძე აქტიურობდა.. კანონმდებლებს შორის დაპირისპირების გამო, სესია რამდენიმე წუთით შეწყდა. ბოლოს სიტყვით გამოსვლა, სულეიმანოვმა მოითხოვა.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურია – „ჯონდი ბაღათურიანად“ მოიხსენია და განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა. რომელ გენოციდზეა საუბარი, როდესაც 1918 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სხვადასხვა აზერბაიჯანულ რეგიონებში, სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს“.
მართალია, ამ განცხადების შემდეგ, სულეიმანოვს დავით ბაქრაძემ მიკროფონი გამოურთო, მაგრამ ამ განცხადებამ დარბაზში ხელმეორედ გამოწვია არეულობა. სომეხმა დეპუტატმა, არმენაკ ბაიანდურიანმა გააპროტესტა და პოლიტიკური დაძაბულობა ეთნიკურ გარჩევებში გადავიდა. ვითარების განმუხტვა პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმა სცადეს, სპიკერმა დეპუტატებს განუცხადა, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალებას არავის მისცემდა, რადგან საქართველოს პარლამენტში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების უფლება არავის ჰქონდა.
ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანაში მყარად დამკვიდრდა – საქართველოს მოქალაქის ცნება, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა, საქართველოში ყველა თანაბარუფლებიანია.
მისი თქმით, საქართველოში ეთნიკური შუღლისა და დაპირისპირების დათესვის მცდელობას – არ დაუშვებენ.
„ყველას მოვუწოდებ, ნებით და უნებლიეთ, ემოციით ან ტკივილით ნუ გავხდებით ამ თამაშის მონაწილე, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში ხელს მხოლოდ ერთ მტერს აძლევს. ყველაზე დიდი მტრობაა – საქართველოს ეთნიკური წარმომავლობით გაყოფა, ან საქართველო რომელიმე მეზობელთან დააპირისპირო. ამიტომ, ყველა კოლეგას მოვუწოდებ, საკუთარ გამოსვლაში ნებით ან უნებლიეთ ნუ ითამაშებს იმას, რაც საქართველოსთვის ყველაზე საზიანოა, ნუ დაყოფს ჩვენს მოქალაქეებს და ნუ დაუპირისპირებს ერთმანეთს საქართველოს მეზობლებს“ – დასძინა მან.
გურამ ჩახვაძემ ბაღათურიას „პროვოკატორი“ უწოდა.
„ბაღათურიას გამონათქვამი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი რამ განმეორდეს. ბაღათურიას განცხადებები არასერიოზულად უნდა მივიღოთ“ – დასძინა მან.
0