რუსეთს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს რუსეთს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს />


  14:10:27     24-04-2012

რუსეთს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსთხოვეს

a17400.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

ასამბელის სესიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარგზავნილი სადამკვირვებლო მისიის ანგარიში განიხილეს, რომელშიც წერია, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საარჩევნო უბნები საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გახსნა, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაა; ასევე, დეპუტატ ტინი კოკსის მიერ წარდგენილ ანგარიშში საუბარი იყო იმაზეც, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას რუსული პასპორტები აქვს, რაც რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკის შედეგია, ეს ქმედება კი, თავის მხრივ ტალიავინის კომისიის დასკვნაში იყო გაკრიტიკებული. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც არა მარტო ამჯერად, არამედ სხვა რეზოლუციებშიც არაერთხელ გააკრიტიკა მოსკოვი ამ ნაბიჯების გამო.

რუსეთის დელეგაციას გუშინ სტრასბურგში საკმაოდ მძიმე დღე ჰქონდა. თუმცა, მათ მაინც თავისებურად „გაიგეს“ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც 4 მარტის არჩევნები უსამართლო არჩევნებადაა შეფასებული. მომხსნებელმა ტინი კოკსმა მკვეთრი შეფასებებისგან, მართალია, თავი შეიკავა, თუმცა მის მოხსენებაში ერთი სიტყვითაც არ თქმულა იმის შესახებ, რომ პუტინის არჩევნები ლეგიტიმური იყო. ფორმულირება, უბრალოდ, დიპლომატიურად ჟღერდა, რამაც რუსეთის დელეგაციას მისი ინტერპრეტირების საშუალება მისცა. ამის შესახებ თავად რუსული მედიაც წერს. 

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, მოსკოვს გუშინ საკმაოდ ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუხდა.  ეს ეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს, კანდიდატების მედიაში არდაშვებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოგვიანებით, ხმების დათვლას.

ევროპელ დეპუტატებს არც არჩევნების პერიოდში აგორებული მასობრივი პროტესტის ტალღა გამორჩენიათ. ანდრეას გროსმა, რომელიც აღნიშნული მოხსენების მომზადებაში მონაწილეობდა, პირდაპირ ვალდიმერ პუტინს მიმართა, რათა მან შეწყვიტოს ოპოზიციური ძალების მტრად განხილვა და ის „საჩუქრად“ აღიქვას, რომელიც საშუალებას მისცემს, უფრო ადექვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

საპარლამენტო ასამბლეას დიდი დახმარება გაუწია რუსი კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმაც, რომელმაც დეპუტატებს გუშინ არაერთი დოკუმენტი წარუდგინა რუსეთის ხელისუფლების საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო უკანონობების შესახებ.

საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ მინიონმა კი კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს მოიხსნას კომპლექსები და „ყველაფრისგან დაცვის რეფლექსები“ და შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც მოხერხდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთი სესიის ჩატარება ისე, რომ მასზე რუსეთის საკითხი არ იყოს განხილული.
თავის მხრივ, მინიონმაც შეახსენა მოსკოვს, რომ გაყინული კონფლიქტების დარეგულირებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც სხვადასხვა რეზოლუციებით საქართველოს წინაშე აქვს აღებული.

0

ავტორი: