07:15:04     23-04-2012
გიტარისტი ელჩის იმედად დატოვებული რუსები და რუსეთისადმი მზარდი სიძულვილი აფხაზეთში

რისთვის დაუნიშნა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთს ე.წ. სპეცწარმომადგენელი, ანუ მაკონტროლებელი? ამ დანიშვნის რეალური მიზეზის შესახებ რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ როსლიაკოვი წერს და აღიარებს, რომ ყუბანის გუბერნატორმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა აფხაზეთში, რუსი მოსახლეობის ინტერესები უნდა დაიცვას და მათი პრობლემები მოაგვაროს. მისი თქმით, ტკაჩოვის დანიშვნა პასუხი იყო აფხაზეთში მცხოვრები რუსების პრეტენზიებზე - რომ აფხაზები მათ უფლებებს ლახავენ. როსლიაკოვი წერს, რომ ამის შესახებ აფხაზეთის რუსულმა დიასპორამ რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა კიდეც მიმართვა და პირველი საპასუხო რეაქცია სწორედ ტკაჩოვის დანიშვნა იყო.
რა გასჭირვებიათ აფხაზეთში მცხოვრებ რუსებს? და არა მარტო მათ. როგორც როსლიაკოვი წერს, აფხაზებს, რუსების მიმართ, ნაბიჯი, დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე, უკვე გადადგმული აქვთ. რუსეთი აფხაზეთისთვის „მეწველი ძროხაა“ - ამბობს ჟურნალისტი. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ხარჯზე უპრეცენდენტოდ აყვავების შემდეგ, აფხაზეთი სულ უფრო და უფრო ზურგს აქცევს რუსეთს; აფხაზი ისტორიკოსები აფხაზეთის რუსეთის იმპერიის მიერ ჩაგვრისა და აფხაზთა გენოციდის ისტორიას წერენ. ინერგება საგარეო პოლიტიკის მრავალპოლარულობის იდეა - აფხაზეთის შესვლა ნატო-ში - საქართველოსთან კავშირში და თურქეთიდან 400 ათასი „სისხლისმიერი ძმის“ გადმოსახლება - დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად.
როსლიაკოვი შენიშნავს, რომ 2008 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორგვარი პოზიცია ჩამოყალიბდა: მადლიერების გრძნობა და ნაციონალიზმი. „მაგრამ მადლიერება მალევე გაქრა და უკვე 2009 წლის პრეზიდენტის არჩევნებისას, „აფხაზეთის გუბერნია“ გაზეთებში წერდა, რომ „რუსებმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს“, „რუსები ღუპავენ ჩვენს ბუნებას“ და ა. შ. მისი თქმით, რუსეთისადმი ლიოიალობას ახლა მხოლოდ ისინი ავლენენ, ვინც რუსულ პენსიას იღებს; ვისი შვილებიც რუსეთში მუშაობენ; ვინც საკურორტო ბიზნესშია ჩართული და რუსეთის ხარჯზე აფხაზეთის აღდგენის პროგრამაში მონაწილეობს. მოწინააღმდეგეები კი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოპულარობას ანტირუსული პოზიციებით იხვეჭენ; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან უკვე 10 მილიონამდე ევროს იღებენ წელიწადში; ისლამისტები და მოჰაჯირთა რეპატრიაციის მომხრეები.
როსლიაკოვი წუხს იმაზეც, რომ რუსული დიასპორა ბოლო წლების მანძილზე აფხაზეთში შემცირდა. რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი კი მათ პრობლემებს არ აგვარებს:
„გრიგორიევი მონაწილეობს აფხაზების ყველა ოფიციალურ და არაოფიციალურ ღონისძიებაში… მათ გიტარაზე უმღერის, რაც ადგილობრივ ელიტას მოსწონს. მაგრამ ადგილობრივი რუსების დასაცავად არაფერს აკეთებს. მისმა მონაწილეობამ რუსებისათვის ჩამორთმეული ბინების დაბრუნების კომისიაში ნულოვანი შედეგი გამოიღო. ნულოვანი შედეგი აქვს მის მხარდაჭერას რუსული ბიზნესისადმი მხარდაჭერაშიც. მას არაფერი უთქვამს რუსი ბიზნესმენის იგორ ვაროვის ამბავზე, როცა მას წაართვეს სავაჭრო ფირმა. ვაროვმა სასამართლოს მიმართა, რისთვისაც „დაუდგენელმა პირებმა“ - გავრცელებული ხმების მიხედვით კი პრეზიდენტის მცველებმა, სცემეს. ადგილობრივი ხელისუფლების საამებლად ის იგნორირებას უკეთებს „რუსეთის თემთა კონგრესს“ და კონტაქტობს მხოლოდ იმ „რუსული თემების ასოციაციასთან“, რომელიც ხელისუფლებამ დააფუძნა“ - წერს როსლიაკოვი და დასძენს, რომ რუსეთის „გიტარის ელჩისგან“ მოსკოვში არა რეალური, არამედ ადგილობრივი ინტერესების შესაბამისი ინფორმაცია ჩადის, რის გამოც მოსკოვი სათანადო გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს.
როსლიაკოვს და ცხადია, მისი სახით, რუსებს, აფხაზების მიმართ ის პრეტენზიაც ჰქონიათ, რომ მათ „მთელი ძალაუფლება მიიტაცეს“. ჟურნალისტის თქმით, უსამართლობაა, როცა „რუსული დამოუკიდებლობის“ მოპოვების შემდეგ, აფხაზებმა, - მოსახლეობის 25%-მა, „მრავალნაციონალურ სახელმწიფოში მთელი ძალაუფლება მიიტაცეს“. და თუ ადრე ე.წ. პარლამენტის 35 ადგილზე კვოტები იყო: 80 ათას სომეხზე 3 ადგილი, 70 ათას ქართველზე 2 ადგილი, 25 ათას რუსზე 3 ადგილი, ათას თურქ რეპატრიანტზე 2, 60 ათას აფხაზზე კი 25 ადგილი, რასაც როსლიაკოვი „ეთნოკრატიული წყობის ყველა ნიშანს უწოდებს“, მისივე თქმით, ბოლო „არჩევნებზე“ ეს კვოტებიც აღარ არსებობდა და შედეგად, არცერთი რუსი, ე.წ. დეპუტატად არ გასულა.
მას რუსეთის შეურაცხყოფად მიაჩნია ისიც, რომ როგორც ამბობს, აფხაზეთის ოფიციალური სფეროდან რუსული ენის გაძევება ხდება იმის საფუძველზე, რომ „მიღებულია კანონები, რომლებიც ეთნოკრატიულობის პრინციპს ამყარებს: კანონები„სახელმწიფო ენის შესახებ“ „მოქალაქეობის შესახებ“ და სხვა“ და ეს კანონები მხოლოდ აფხაზებისთვის მოქმედებს.
სწორედ ამ დისკრიმინაციის გამო აფხაზეთის რუსულ დიასპორას, მოსკოვში უჩივლია. როგორც როსლიაკოვი წერს, რუსებმა რუსეთის ხელისუფლებას მხარდაჭერა სთხოვეს - დაეხმაროს მათ „რუსული ინტერესების გამტარებლისა და სტაბილიზატორის როლის დაბრუნებაში“, ასევე დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხში, რათა მოსკოვს ყურადღების გარეშე არ დარჩეს აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები. სწორედ ამის პასუხად, როსლიაკოვის თქმით, კრემლმა სასწრაფოდ დანიშნა ე.წ. სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში - ყუბანის გუბერნატორი ტკაჩოვი, რითაც, მართალია, არც თავად აფახზეთში მცხოვრები რუსები აღფრთოვანებულან, მაგრამ აღიარებენ, რომ ეს მათ პრეტენზიებზე რეაგირების „რაღაც ნაბიჯი მაინც არის“.
0