18:56:09     21-04-2012
რატომ ამჯობინეს კობახიძე „ჩემ ეკას“ - ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარედ პრორუსული ორიენტაციით ცნობილი მანანა კობახიძე იქნა არჩეული. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დღის 3 საათისთვის მივიდა. ოლიგარქს დარბაზში კოალიცია „ქათული ოცნების“ წევრები კომკავშირული აპლოდისმენტებით მიესალმნენ. ყრილობაზე არ გამოჩენილან „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები.
ყრილობის ბოლოს სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. „გაციებული ვარ და ფორმაში არ ვარ და უკაცრავად ვარ“ - ასე ფილოსოფიურად დაასრულა გამოსვლა ჭორვილელმა ოლიგარქმა.
ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა ჟურნალისტებს საშულება არ მისცეს ოლიგარქს გასაუბრებოდნენ. მათ ჯაჭვი გააკეთეს და მედიის წარმომადგენლებს ოლიგარქთან მიახლოება აუკრძალეს.
ამ ფაქტს მცირედი სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა. ოპერატორები დაცვის წევრებს სთხოვდნენ მათთვის კადრების გადაღების საშუალება მაინც მიეცათ.
ამის მიუხედავად, „პრესა.ჯი“-მ მოახერხა ოლიგარქთან გასაუბრება. მან ჩვენ შეკითხვებს იქამდე უპასუხა, ვიდრე დაცვის წევრებმა ლამის ძალით არ წაიყვანეს...
"პრესა.ჯი": დღეს თქვენი მეუღლე და უფროსი ვაჟი უტა არ დაგისახელებიათ პარტიის წევრად, არადა ეს თქვენ თავად დააანონსეთ, გადაიფიქრეთ?
ბიძინა ივანიშვილი: კანონს ცვლიან, რომ 21 წლის დეპუტატი შესაძლებელია იყოს ამიერიდან. უტა 20 წლის ხდება სექტემბერში და სექტემბრიდან ოქტომბრამდე ერთი თვეა დარჩენილი. იმედია ჩვენი ხელისუფლება შემოიღებს კანონს, რომ უტას მიეცეს საშალება ერთი თვე ერთ წლად ჩაეთვალოს. ეს მისაღებია ჩვენი კონსტიტუციისათვის.
- როდემდე იქნება მანანა კობახიძე პარტიის თავმჯდომარე? თქვენ განაცხადეთ, რომ სიის პირველი ნომერი იქნებოდა ეკატერინე ხვედელიძე, რადგან ქართველ ხალხს სწორება თურმე ივანიშვილის გვარზე აქვს...
- ყოველთვის არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. თუ მოქალაქეობის დაბრუნებას მოახერხებს სააკაშვილი, კარგი იქნება, თუ ვერა, ეს შეიძლება ჩემთვის უკეთესიც იყოს.
- ყველა ელოდა, რომ თქვენი მეუღლე იქნებოდა თავმჯდომარე, რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება?
- ასე აჯობებს. ასე უკეთესია. ჩვენ გვაქვს არჩევანი და არჩევანი შევაჩერეთ მანანა კობახიძეზე. ჩემი მეუღლე იმ შეთხვევაში შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკაში, მე თუ ამის შესაძლებლობა არ მექნება.
- ვინ იქნება პარტიის პირველი ნომერი, თუ თქვენ ვერ მიიღეთ მოქალაქეობა?
- მე მაინც ვიქნები კოალიციის ლიდერი, ასევე ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. გამარჯვებიდან ორ კვირაში შეგვიძლია დავიბრუნო მოქალაქეობა და გავხდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
- თუ თქვენ მოქალაქეობას ვერ მიიღებთ, თვლით თუ არა, რომ მხოლოდ დამფინანსებლის ფუნქცია გექნებათ და თქვენს ფულს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სხვები გამოიყენებენ?
- ამ წუთში არ გიპასუხეთ მაგაზე? მოქალაქეობის არ მიღება პროცესების განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.
- თუ უმრავლესობას ვერ მოიპოვებთ, რა პოლიტიკური გეგმები გექნებათ?
- ჩვენ აუცილებლად მოვალთ უმრავლესობაში. მე ვიმოქმედებ მხოლოდ კანონის ფარგლებში და გავაკეთებ ყველაფერს გამარჯვებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.
- თქვენ არ გვიპასუხეთ ჩვენს შეკითხვაზე - თუ როგორ იქნება თქვენი მეუღლისა და უფროსი ვაჟის პოლიტიკური მომავალი...
- მე გიპასუხეთ წეღან ნახევრად ხუმრობით. თუ საჭირო გახდება ჩემი მეუღლეც ჩაერთვება პოლიტიკაში და უტაც. კარგად იყავით.
0