16:21:45     20-04-2012
პუტინზე კომპრომატები არქივიდან გააქრეს

მარინა სალიეს მოხსენების საფუძველზე საკონტროლო განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმების დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივიდან გაქრა, - ასეთი პასუხი გასცეს „რადიო თავისუფლებას“, როცა მისმა ჟურნალისტმა აღნიშნული დოკუმენტაცია, რომელიც საიდუმლო არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.
შეგახსენებთ, 1992 წლის მარტში, სანკტ-პეტერბურგის ქალაქის საბჭოს დეპუტატებმა
რეკომენდაცია გასცეს ვლადიმერ პუტინის მოხსნაზე, რომელიც მაშინ, ანატოლი სობჩაკის მერობის დროს, ქალაქის მერიის ჩინოვნიკი იყო.
სადეპუტატო კომისიამ მარინა სალიეს ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ ქალაქიდან გადიოდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები, საექსპორტო ლიცენზიებს კი ხელს, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ვლადიმერ პუტინი აწერდა. დადგინდა, რომ ეს, არანაკლებ 100 მილიონის აფიორა იყო.
კომისიის მოხსენების საფუძველზე შემოწმება ჩაატარა პრეზიდენტის მაშინდელი ადმინისტრაციის საკონტროლო განყოფილებამ. განყოფილების ხელმძღვანელი იური ბოლდირევი 2010 წელს ინტერვიუში ამბობდა, რომ მართლაც მიიღო სალიეს მოხსენება, დაიწყეს მისი გადამოწმება, რომლის დროსაც სერიოზული დარღვევებიც გამოავლინეს. სობჩაკი ახსნა-განმარტებებისთვის მიწვეული იყო კიდეც ელცინთან მოსკოვში, სადაც ის პუტინთან ერთად ჩავიდა. შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, ეს მასალები სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტის წარმომადგენლობისთვის გადაეცათ, რათა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ზომები, უფრო ეფექტურად მიეღოთ.
1993 წელს ბოლდირევი თანამდებობიდან მოხსენს. 1996-1998 წლებში საკონტრლო განყოფილებას ალექსი კუდრინი, შემდეგ კი თავად ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.
„თუ ისინი პატიოსნად ხელმძღვანელობდნენ, ეს დოკუმენტები უნდა შენარჩუნებულიყო. ისინი არ არის საიდუმლო“ - განაცხადა ბოლდირევმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეს-მდივნის - ნატალია ტიმაკოვას სახელზე „რადიო თავისუფლებამ“ გაგზავნა წერილი თხოვნით, მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სალიეს მოხსენების თაობაზე საკონტროლო განყოფილების მოხსენებას.
რადიო ცდილობდა გამოეთხოვა დოკუმენტები ჯერ კიდევ 2010 წელს, მარინა სალიეს და ბოლდირევის ინტერვიუებიდან ერთი თვის შემდეგ. მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.
მეორე მოთხოვნა 2011 გაგზავნეს, თუმცა ასევე უშედეგოდ.