14:05:16     20-04-2012
დავით ბაქრაძე: რუსეთს, საერთაშორისო არენაზე დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწევს

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კრემლი გაღიზიანებას ვეღარ მალავს. რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვის გაოგნებას ის ფაქტი იწვევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს. ლავროვის ამ განცხადებას – შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართულ მხარეს მოსკოვის გაღიზიანება არ უკვირს, რადგან მიიჩნევენ, რომ რუსეთს ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე, საქართველოს გამო თავის მართლება უწევს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური კურსისთვის გადაეხვია, არამედ საქართველოს როგორც თავისუფალ სახელმწიფოს აღარ ეარსება.
ბაქრაძის შეფასებით, საქართველომ ქვეყნის განვითარება, ნატოში ინტეგრაცია და ის კურსი უნდა გააგრძელოს, რომელიც წარმატებულია. „ლავროვის ემოციები, ჩემთვის სრულიად გასაგებია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმდენად გაღიზიანებულია, რომ მან საჯაროდაც კი, თავი ვერ შეიკავა, რომ იმედგაცრუება არ დაეფიქსირებინა. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყნის განვითარება, ნატოში ინტეგრაცია და ის კურსი გავაგრძელოთ, რომელსაც საქართველო წარმატებით გადის“, - დასძინა ბაქრაძემ.
მოსკოვის განცხადებებზე საუბრისას, სპიკერი განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ რუსეთს, საერთაშორისო არენაზე დინების წინააღმდეგ ცურვა მარტოს უწევს. „დღეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ მხარეს არის რუსეთი - ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას აგრძელებს და სახელმწიფო, რომელიც ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობს. მეორე მხარეს კი არის - მთელი დემოკრატიული და ცივილიზებული სამყარო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და რომელიც, საოკუპაციო ჯარის ჩვენი ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს. თავისთავად, ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი ამ ხარისხით არის იზოლირებული და ის ფაქტი, რომ რუსეთს ყველა მნიშვნელოვან ფორმატში და ფორუმზე საქართველოს გამო თავის მართლება უწევს, ლავროვის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა, სწორედ ეს არის საუკეთესო დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა და კურსი სწორია“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამას გარდა, ნატოსთან დაკავშირებით საუბრისას, დავით ბაქრაძე ყურადღებას ჩიკაგოს სამიტზე აკეთებს და ამბობს, რომ ქართული მხარე ელის, რომ სამიტზე, საქართველოს პროგრესი იქნება დაფიქსირებული.
სპიკერის მოსაზრებით, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალი წარმატებულია და ეს ყველაფერი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მომზადებას ემსახურება.
„საქართველო ელოდება, რომ ჩიკაგოს სამიტზე, ის დაფიქსირდება და დადგენილების ენაზე იქნება გადატანილი, რაც ქართულ მხარეს აქამდე ესმოდა. პირველ რიგში, ეს განცხადებები გახლავთ, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანებასთან დღეს უფრო ახლოა, ვიდრე, ეს იყო ბუქარესტში, ან წინა ისტორიის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ ეს სიახლოვე და ეს პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული ჩიკაგოს სამიტის დოკუმენტებში, თუმცა, რა ფორმით იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველოს პროგრესი იქნება დაფიქსირებული“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვმა, საქართველოსთან მიმართებაში განცხადება, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ამჟამადაც საქართველოს ნატო-ს პარტნიორები დოკუმენტებში მოიხსენიებენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას, რაც მოსკოვის გაოგნებას იწვევს, რადგან „2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი წინ ძალიან სწრაფად მიდის“.
0