ლავროვი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოებით შეშფოთებულია... ლავროვი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოებით შეშფოთებულია... />


  21:22:19     19-04-2012

ლავროვი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოებით შეშფოთებულია...

a17246.jpg

მოსკოვი კვლავ საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე ნერვიულობს. ბრიუსელში მიმდინარე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ერთ-ერთი თემა სწორედ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა იყო. მოსკოვს არ მოსწონს, რომ თბილისი ნატო-ს წევრობის კანდიდატია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში ყოფნისას, ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა. მოსკოვი ნატო-საქართველოს თემაზე ისევ ნერვიულობს. ლავროვი ამბობს, რომ სსაქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტის სტატუსი „შემაშფოთებელია“:

„ნატოელი პარტნიორები თავის დოკუმენტებში საქართველოს ე.წ. ასპირანტად მოიხსენიებენ. ეს ჩვენს გაოცებას იწვევს, რადგან საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს“ - განაცხადა ლავროვმა.

ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოსკოვის შიშები საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობის გამო. ლავროვმა ისევ გაიხსენა ოაბამასა და სააკაშვილის ვაშინგტონის შეხვედრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მიაღწია სამხედრო თანამშრომლობის სრულად აღდგენას, მათ შორის იარაღის მიწოდების განახლებას.

„და თუმცაღა საერთოდ, ეს მომხდარის ინტერპრეტაციაა - ასე მესმის მე, მას უყვარს ინტერპრეტირება, - ჩვენში ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩვენს არ გვსურს მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თუმცა მოსკოვის შეშფოთებას არ იზიარებს თავად ალიანსი. „ნატოს აქვს რუსეთისგან პრინციპულად განსხვავებული აზრი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია მან ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროსაც დააფიქსირა.

„ჩვენ განვიხილეთ ის სფეროები, სადაც პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საქართველო, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ნატო, მხარს უჭერს  - თქვა რასმუსენმა. საქართველოს საკითხთან ერთად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, რუსეთთან უთანხმოების თემად, ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის განთავსების საკითხი დაასახელა. „ეს ის თემაა, რომელზეც ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“ - განაცხადა რასმუსენმა.

ლავროვის განცხადებები თბილისში მტკივნეულად არ აღუქვიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთს, ზოგადად, საქართველოს არსებობა აღიზიანებს, თუმცა მას რეალობებთან შეგუება მოუწევს.

„რუსეთის ფედერაციას აღიზიანებს საქართველოს, როგორც დამოუკიდბელი, თავისუფალი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყნის არსებობა. ლავროვს და პოლიტიკურ ელიტას კრემლში ორი არჩევანი აქვს: ან მიეჩვიონ იმას, რომ საქართველოს აქვს უფლება და ამ უფლებას გამოიყენებს, რომ გაწევრიანდეს იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ, ან მოსკოვს მოუწევს ამის ყურება და ამასთან შეგუება“,- განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის,დავით ბაქრაძის თქმით კი ლავროვის ემოციები სრულიად გასაგებია:

„ლავროვი იმდენად გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია, რომ მან თავი საჯაროდაც კი ვერ შეიკავა, რომ არ დაეფიქსირებინა იმედგაცრუება. სწორედ, ეს არის იმის ნიშანი, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, ნატოში ინტერგაცია და ის კურსი, რომელიც წარმატებულია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ რუსეთს, ფაქტობრივად, დინების წინააღმდეგ ცურვა მარტოს უწევს  და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ მხარეს არის რუსეთი - ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას აგრძელებს და რომელიც ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობს, ხოლო მეორე მხარეს კი, არის – მთელი დემოკრატიული სამყარო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რომელიც  საოკუპაციო ჯარის ჩვენი ქვეყნიდან გაყვანას მოითხოვს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

თუკი რუსეთი საქართველოს ნატო-ში აგწევრიანების პერსპექტივითაა შეშფოთებული, დღესვე, ბრიუსელში, მისი სამხედრო გეგმებით შეშფოთება ლიტვამ გამოხატა. საუბარია სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ზე, რომლის ჩატარებასაც მოსკოვი უპრეცენდენტო მასშტაბებით გეგმავს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს წრთვნა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

როგორც ცნობილია, რუსეთი თავის სამხრეთით იმავე ტიპის სამხედრო მანევრს ჩაატარებს, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს 5-დღიანი ომით დასრულდა. თუმცაღა, სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“ გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს „კავკაზ 2008“ იყო. სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ზე საუბრისას, „ნეზავისიმაია გაზეტა“ არ უარყოფს, რომ ამ მანევრების ჩატარების აუცილებლობა რუსეთისთვის არა მარტო ირანთან დაკავშირებული, არამედ მის სამხრეთით საზღვრებზე არსებული ვითარებითაც არის განპირობებული.

0

ავტორი: