12:22:52     18-04-2012
ვასილ ჭყოიძე: ივანიშვილის გუნდის ტაქტიკა ისტერიკაზეა აგებული

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, ვასილ ჭყოიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მუშაობა მიდის, რომ საქართველოს პოზიტიური იმიჯი გაწბილდეს და ამას ამერიკის მხრიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები მოჰყვეს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, რომ დასავლეთის თვალში, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რის შემდეგაც ოპოზიციონერები დესტაბილიზაციის გამოწვევაზე იზრუნებენ. „ქართული ოცნების“ გეგმებთან და პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა:
- ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება. რას გულისხმობს ბიზნესმენი?
- ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად ძნელია იმის განსაზღვრა - ივანიშვილი რას გულისხმობს. ოქტომბრის შემდეგ, ნახევარი წელი გავიდა და ივანიშვილს არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია. ვფიქრობ, რომ მისი განცხადების მიუხედავად, არაფერიც არ იქნება. თუმცა, ივანიშვილის გუნდი ეცდება, რომ დასავლეთის თვალში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, შემდეგ კი, ალბათ, ისინი დესტაბილიზაციის გამოწვევაზე იზრუნებენ. ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებით, სხვა შთაბეჭდილება არ მრჩება, რადგან მათი ტაქტიკა ძირითადად აგებულია ემოციურ-ისტერიულ განწყობილებების დანერგვაზე და არა კონკრეტულ გეგმებზე.
- თუმცა, ივანიშვილის ამ განცხადებებით საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი იქმნება. ბოლო პერიოდში, ბიზნესმენის ტონი შესამჩნევია. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი შედგა?
- არ ვიცი, პოლიტიკოსობაში თავად ივანიშვილი რას გულისხმობს და რას აღიქვამს, მაგრამ მისი ნაბიჯები უცნაურია. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ვიღაც გააბრაზეს, ამით ამომრჩეველთა გულს ვერ მოიგებ. ამით მხოლოდ მათ თანაგრძნობას გამოიწვევ, მაგრამ პოლიტიკაში, მხარდაჭერა და თანაგრძნობა სხვადასხვა რამეა. თუ ცდილობ, რომ სიბრალული გამარჯვებისთვის გამოიყენო, ეს არასწორი ტაქტიკაა. უნდა ითქვას, რომ ივანიშვილისა და მისი გუნდის ნაბიჯები აგებულია - ემოციაზე, რითაც საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ივანიშვილმა მოქალაქეობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პროცედურა ერთგვარ, ემოციურ პროპაგანდის საშუალებად გადააქცია. რაც შეეხება ტონს, ამას მაინცდამაინც მის ორიგინალობას ვერ მივაწერთ. მთავარია არა ტონი, არამედ გამოსვლის შინაარსი, რადგან ქართულ პოლიტიკაში ტონი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ ტონის მიღმა რა შინაარსიც დგას - შემაშფოთებელი სწორედ ეს არის. თუ ამას ყურადღება არ ექცევა, მაშინ ეს ხალხი რისთვის იბრძვის? ან, ამდენი ფული რისთვის იხარჯება?
- „ამომრჩეველთა ლიგა“, რომელიც „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფად მოიაზრება, 27 აპრილს აქციას გეგმავს. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრები აქციებზე ალაპარაკდნენ. არადა, ბიზნესმენი პოლიტიკაში მოსვლისას, მანიფესტაციებს პროტესტს უცხადებდა.
- ქვეყანაში, აქციების ჩატარება პრობლემას არ წამოადგენს, რადგან ეს დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მთავარია ეს მანიფესტაციები რა კონკრეტულ იდეაზე არის ორიენტირებული. აქცია არ უნდა აიკრძალოს, ეს ვიღაცას მოსწონს თუ არა, მაგრამ არ მესმის, რას ნიშნავს ტერმინი - „ივანიშვილის მხარდამჭერი“, რადგან მხარდამჭერი ჰქვია, როცა ადამიანს იდეა აქვს და მას მხარს უჭერენ და მათ ივანიშვილის გეგმების შესახებ, რა იციან?
- მაშინ რატომ უჭერენ მას მხარს?
- ვინც, ივანიშვილის გუნდის ერთიან სისტემაში მოხვდა, ბუნებრივია, ისინი ფინანსურ-მატერიალურ მხარდაჭერას ელიან, მაგრამ არიან სხვებიც, რომელთაც გარკვეული ცვლილებების მოლოდინი აქვთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხედვებს თუ არ წარმოადგენს, კოალიცია მომხრეებს დაკარგავს და მისი ამომრჩეველი სხვა პარტიებზე გადანაწილდება, რადგან მოტივაცია უნდა ჩანდეს. ერთი არის ვიღაცას ხელფასს და ფულს აძლევდე, მაგრამ მეორეა - იდეა.
- 21 აპრილს ივანიშვილი პარტიის დაფუძნებას გეგმავს, თუმცა, ვინაიდან ის საქართველოს მოქალაქე არ არის, პარტიას როგორ დააფუძნებს?
- ალბათ, პარტიას მისი გუნდის წევრები დააფუძნებენ, რადგან ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის მის მიერ დაფუძნებულ პარტიას იურიდიული ძალა არ ექნება. „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით ივანიშვილი პოლიტიკური უფლებებით აღიჭურვება, მაგრამ ცუდია, რომ ერთი პიროვნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, რადგან ეს კონსტიტუციის სტაბილურობისთვის კარგი იდეა არ არის.
- რაც შეეხება ივანიშვილისა და ლობისტურ კომპანიებს შორის თანამშრომლობას. ბიზნესმენი რამდენიმე დღის წინ, გაერო-ში ამერიკის ყოფილ ელჩს, ფრენკ ვიზნერს შეხვდა, რომელიც ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას წარმოადგენს. ამასთან, ამჟამად, თინა ხიდაშელი ამერიკაში შეხვედრებს მართავს. რა სარგებელს მოუტანს ივანიშვილს ამ კომპანიებთან ურთიერთობა?
- ლობისტური კომპანიების საქმიანობა ემსახურება არა ივანიშვილის წინა პლანზე წამოწევას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას. თუმცა, მხოლოდ ლობისტების დაქირავება არ არის საჭირო, რადგან ამერიკას ინფორმაციის მიღებისთვის საკუთარი გზებიც გააჩნია. ამ იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ისინი დასავლეთში, მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს მიმართ არსებულ განწყობას შეცვლიან. დემოკრატიულ სახელმწიფოში კონკურენცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სახელმწიფოს დისკრედიტაციაში ეს არ უნდა გადაიზარდოს. ლობისტური კამპანიები ემსახურებიან - არა ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვას, არამედ პირიქით. სწორედ, ამიტომ, ბუნებრივი ეჭვი ჩნდება, რომ მაშინ, როდესაც ამერიკასთან მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, საიდან მოვიდა ეს ამდენი ფული და რას ემსახურება ის? ფაქტია, რომ იმაზე მიდის მუშაობა, რომ ის პოზიტიური იმიჯი, რაც საქართველომ დაიმკვიდრა - გაწბილდეს და ამას ამერიკის მხრიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები მოჰყვეს. ანუ, დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღოს - არა როგორც სტაბილური პარტნიორის მიმართ, არამედ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ვერ შედგა. არსებული იმიჯის შეცვლა ვერ მოხდება, მაგრამ რომ მოხდეს, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
0