08:13:33     18-04-2012
საქართველოში ჰილარი კლინტონს ელიან…

საქართველოს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ეწვევა. ამ ეტაპზე, კლინტონის ქვეყანაში ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია და ეს შესაძლოა, ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს გახდეს ცნობილი. ქართული მხარე, მაღალი რანგის შეხვედრისთვის უკვე ემზადება, რადგან ამ ვიზიტს, ჩიკაგოს სამიტის წინ, დეპუტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ექსპერტთა შეფასებით, ჰილარი კლინტონის ქვეყანაში სტუმრობა იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად გაფორმებული პარტნიორობიდან, საქართველო უკვე ამერიკის რეალური პარტნიორი ხდება.
როგორც პრესა.ჯი–ს პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ეს ვიზიტი, ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიიდან და საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს გაჟღერებული საკითხებიდან მომდინარეობს.
მისი თქმით, ქვეყანაში სტუმრობისას, კლინტონი დაინტერესდება – როგორც ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემატიკით, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით და არჩევნების მზადების პროცესით.
„ეს ყველაფერი იმას აჩვენებს – ამერიკისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია საქართველოსთან ურთიერთობა, ქვეყნის მხარდაჭერა და დახმარება“, – დასაძინა დეპუტატმა.
რაც შეეხება იმ საკითხს ჩიკაგოს სამიტამდე, ამ რანგის შეხვედრას თუ რა დატვირთვა აქვს, კანონმდებელი აცხადებს, რომ სამიტამდე, კიდევ ერთხელ იქნება საუბარი – ნატოს სამიტზე, საქართველოს საკითხი თუ რა ფორმით და რა დონით იქნება წარმოჩენილი.
„ეს საკითხი, დაახლოებით უკვე ცნობილია, რადგან მთელი რიგი საკითხები შეთანხმებულია. კერძოდ, ის რომ საქართველო ბალკანური ქვეყნების რიგებში მოიაზრება, რომელთაც ნატოსთან დაახლოება სურთ. კერძოდ, საქართველო ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორისაა, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, – დასძინა დარჩიაშვილმა.
კოლეგის მსგავსად, მმართველი გუნდის წევრი, აკაკი მინაშვილი ჰილარი კლინტონის საქართველოში სტუმრობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება.
მისი შეფასებით, ამერიკა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ყველა იმ მიმართულებით მკაფიოდ აფიქსირებს.
„ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იქნება საუბარი. მათ შორის, უსაფრთხოებაზე და ორმხრივ ურთიერთობაზე. კერძოდ, საინტერესოა – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რადგან მას შემდეგ რაც ამ დოკუმენტს ხელი მოეწრება, ჩვენი ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო მოხდება და ინვესტორისთვის საქართველო უფრო საინტერესო გახდება“, – დასძინა მინაშვილმა.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე, ქართველი ექპერტებიც საუბრობენ. როგორც პრესა.ჯი–ს ვასილ ჭყოიძემ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრიდან აშკარად ჩანდა, რომ 2012 წელს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ერთი საფეხურით - ახალ ეტაპზე გადავიდოდა.
მისი თქმით, კლინტონის ქვეყანაში ვიზიტი იმის დასტურია, რომ ლეგალურად გაფორმებული პარტნიორობიდან საქართველო – 2012 წელს, ამერიკის რეალური პარტნიორი ხდება, რაც მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, ამჟამად, ამერიკასა და საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. ეს არის – თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიული თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროები. ჯგუფის შეხვედრას კი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
0